"სანდროს გაჩენიდან ოთხ დღეში სამსახურში გამოვცხადდი და მას მერე, ერთი დღე აღარ დავრჩენილვარ შინ. მისი დაბადების წინა დღეს მიტინგზე ვიყავი"
"სანდროს გაჩენიდან ოთხ დღეში სამსახურში გამოვცხადდი და მას მერე ერთი დღე აღარ დავრჩენილვარ შინ. მისი დაბადების წინადღეს მიტინგზე ვიყავი"
"საახალწლო განწყობა და საინტერესო გეგმები ოჯახში არავის გვაქვს, მათ შორის არც ბავშვებს" - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. ფიქრობს, რომ 31 დეკემბერს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ვახშამი ექნებათ. რას უკავშირდება მათი ოჯახის ასეთი განწყობა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, ეპიდემიოლოგიურ ვითარებას თუ კიდევ სხვა რაიმეს, ამას თავად თინა ხიდაშელთან საუბრისას გავარკვევთ.
- ახალი წელი არის მთავარი სოციალური დღე ჩვენს ცხოვრებაში. გვინდა ვიყოთ ყველასთან ერთად, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ. ხან ჩვენ მივდივართ ჩამოვლაზე, ხან ჩვენთან მოდიან... წელს ეს არ იქნება. შესაბამისად, ხალისიც დაკარგული გვაქვს.
- რადგან ახალი წელი თქვენთვის ასეთი განსაკუთრებულია, მოგონებებიც გექნებათ. - ახალი 1999 წლის დადგომა მახსენდება. მე და დათო ვაშინგტონში ვიყავით და ახალ წელს ქუჩაში შევხვდით. ასე არ გვქონდა დაგეგმილი, უბრალოდ გვინდოდა, თეთრი სახლის წინ ფოტო გადაგვეღო. ვიარეთ, ვიარეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით.
- ბატონი დავითი მართლაც თქვენი ლექტორი იყო? - (იცინის) იბრალებს, ისტორიას აყალბებს. ავთო დემეტრაშვილის ასპირანტი იყო და როდესაც ის აცდენდა ლექციას, დათო შემოდიოდა აუდიტორიაში. სხვათა შორის, მე და დათოს გაცნობის მომენტიც სხვადასხვაგვარად გვახსოვს. დათო ამბობს, რომ საერთაშორისო სამართლის დეკანატში გამიცნო, მე მახსოვს, რომ კათედრაზე ავთო დემეტრაშვილმა გამაცნო არა როგორც ლექტორი, არამედ როგორც აქტიური, ჩემზე ცოტათი უფროსი სტუდენტი.
- რა გახსენდებათ თქვენი ურთიერთობის საწყისი ეტაპიდან? - ყველაფერი მხოლოდ კარგი. 24 საათი ერთად ვიყავით. მე ორთაჭალის ბოლოში ვცხოვრობდი, დათო და ირაკლი ოქრუაშვილი - ვარკეთილში. მაშინ ტრანსპორტი არ მოძრაობდა და ქუჩებში იარაღიანი ბიჭები დარბოდნენ. დათო და ირაკლი უნივერსიტეტიდან ფეხით მაცილებდნენ შინ და მერე ვარკეთილში ფეხით ბრუნდებოდნენ.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, როდესაც დედა გახდით? - დედობა უზარმაზარი სიხარული და გამოწვევა იყო, მაგრამ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში არც ერთი ჩემი შვილის დაბადებას არაფერი შეუცვლია. სანდროს გაჩენიდან ოთხ დღეში სამსახურში გამოვცხადდი და მას მერე ერთი დღე აღარ დავრჩენილვარ შინ. მისი დაბადების წინადღეს მიტინგზე ვიყავი.
- თქვენს ვაჟებს პოლიტიკა თუ აინტერესებთ? - უფროს ვაჟს პოლიტიკა იმდენად არ აინტერესებს, რომ არა მგონია, იცოდეს, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი. უმცროსს ყველაფერი აინტერესებს, პოლიტიკის გარდა, კულინარიაც კი და სხვათა შორის, პროფესიულ დონეზე...
- კულინარია ახსენეთ და ვიცი, ძალიან კარგი დიასახლისი ხართ. - მხოლოდ სამზარეულოში. ყველაზე ბედნიერი იქ ვარ. ყოველგვარი წესისგან თავისუფალი გარემო მაქვს შექმნილი. არ არსებობს რეცეპტი, დოგმა, აკრძალვა. მუდმივად ექსპერიმენტებს ვატარებ. ყველა ერთად რომ შევიკრიბებით, ვიტყვით, აბა, დღეს რას ვჭამთ? ყველა დავასახელებთ ჩვენს ვერსიას და ამის საფუძველზე მზადდება კერძი, რომელშიც ყველას გემოვნებაა გათვალისწინებული. ასეთ დროს, როგორც დათო ამბობს, გემოების აფეთქება ხდება.
- ბატონ დავითს რა კერძები მოსწონს? - უპრეტენზიოა. ყველაფერი უყვარს, რაც გემრიელია.
- საახალწლოდ არც გემოების აფეთქებას აპირებთ? - არა, როგორც უკვე გითხარით, ჩვეულებრივი ვახშამი გვექნება.
- საჩუქრებსაც არ უმზადებთ ერთმანეთს? - მე უკვე მოვუმზადე ყველას. ვნახოთ, იქნებ მეც მომიმზადონ.
- რას ელით მომავალი 2021 წლისგან? - არც კი ვიცი, ჩემთვის ვფიქრობ, ვცდილობ გავიგო, ჩამოვყალიბდე, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება 2021 წელს. ისევ ჩაკეტილები ვიქნებით? გვექნება ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა? ახლა ეს ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რა იქნება პოლიტიკაში და როგორ განვითარდება პროცესები.
ისეთი რთული პროცესებია, მიჭირს ენთუზიაზმის შენარჩუნება. ალბათ, ყველა ჩვენგანს გვქონია პერიოდი, როდესაც ვცდილობდით საკუთარი თავისთვის შემოგვეძახა, არ შეგვემჩნია განცდები, მაგრამ ბოლოს ისე დავიღალე ამ ყველაფრით, სასოწარკვეთამდე მივედი, ლექციების წაკითხვაც აღარ შემეძლო... ვნახოთ, როგორი იქნება ეს პოსტპანდემიური, თუ ისევ პანდემიური პერიოდი.
- მეცნიერები ხშირად ამბობენ, რომ სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყოო. თქვენი თვალით დანახული ახლებური სამყარო როგორია? - მეცნიერები ამ ფრაზას ისე ხშირად ამბობენ, ცოტა არ იყოს, გაუფასურდა კიდეც. თუმცა, ალბათ, არის ამ ნათქვამში ჭეშმარიტების მარცვალი. ზოგადად მე არ მიჭირს სიახლეებთან შეგუება, თუნდაც ის რთული იყოს, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობის, ჩახუტების, მოფერების გარეშე ყოფნა ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. აი, ამ კოშმართან განშორება ნამდვილად არ გამიჭირდება, დანარჩენი ვნახოთ, რა იქნება...
ხათუნა ბახტურიძე