"პანდემია კი არა, ვერაფერი დამაკავებს შინ, როცა ქვეყანაში ასეთი რთული ვითარებაა" - კვირის პალიტრა

"პანდემია კი არა, ვერაფერი დამაკავებს შინ, როცა ქვეყანაში ასეთი რთული ვითარებაა"

"თოკო ნერვიულობს ჩემ გამო. ცდილობს სულ ჩემ გვერდით იყოს. გასულ წელს უცხოეთში უნდა წასულიყო და აღარ წავიდა, მარტო ვერ დაგტოვებო"

"არა მაქვს სადღესასწაულო განწყობა. მშობლები მენატრებიან და განვიცდი, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ვერ ვნახულობ. რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ და არ მინდა საფრთხე შევუქმნა", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე და გეგმებზე, ოჯახსა და სულ ცოტა პოლიტიკაზე გვესაუბრება.

- ძალიან პატარა ოჯახი მყავს, დედა, მამა და შვილი. მეუღლე აღარ მყავს, თოკოს მამა დაეღუპა. ოჯახი ჩემი სამყაროა, ტკბილი, თბილი ბუდე, სადაც ყველა პრობლემა მავიწყდება. ახალ წელს შინ, ჩემს მყუდრო სამყაროში შევხვდები. ბევრი ახალი წელი ოჯახისგან შორს, უცხო ქვეყანაში გავატარე და სულ მენატრებოდა ოჯახური გარემო, ახლა ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ.

- ოჯახის წევრები ხომ არ გსაყვედურობენ, ეპიდსიტუაციის მიუხედავად, გამუდმებით ხალხმრავალ გარემოში რომ ტრიალებთ და საპროტესტო აქციებშიც ხშირად მონაწილეობთ? - კი, ნერვიულობენ, მაგრამ ცდილობენ შეეგუონ ჩემი ცხოვრების წესს. იციან, რა ბრძოლაშიც ვარ, რომ სხვაგვარად ცხოვრება არ შემიძლია. პანდემია კი არა, ვერაფერი დამაკავებს შინ, როცა ქვეყანაში ასეთი რთული ვითარებაა.

- ვაჟიშვილზე რას გვეტყვით? - თოკო უკვე 22 წლის არის. ისიც ნერვიულობს ჩემ გამო. ცდილობს სულ ჩემ გვერდით იყოს. გასულ წელს უცხოეთში უნდა წასულიყო და აღარ წავიდა, მარტო ვერ დაგტოვებო.

- პოლიტიკა მასაც აინტერესებს? - არა, ის მარკეტინგს სწავლობს.

- პროფესიით არც თქვენ ხართ პოლიტიკოსი. - მე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ. 2003 წლიდან საჯარო სექტორში ვმუშაობდი. პოლიტიკით დაინტერესება ქვეყანაში რთულმა სიტუაციამ განაპირობა. ვფიქრობ, სიმართლეს ვემსახურები და მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამბავი? - ასეთი "ვარდების რევოლუციაა". ამ ამბავმა ჩემი მომავალი განსაზღვრა. ძალიან ახალგაზრდას საჯარო სექტორში საყვარელი საქმის კეთების საშუალება მომეცა. მაშინ ბევრ ახალგაზრდას მიეცა ეს შანსი. ამაყი ვარ, რომ ბევრი კარგი რეფორმის გატარებაში მივიღე მონაწილეობა და არა მარტო საქართველოში - უკრაინაში დღესაც ნახავთ ჩემი მუშაობის შედეგს. საქართველოში ჩემი პირველი საჯარო სამსახური შს სამინისტრო იყო. ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი.

- კოლეგა მამაკაცებთან არ გიჭირდათ თქვენი უპირატესობის დამტკიცება? - რთული სამყაროა, პოლიცია ერთ-ერთი ყველაზე მასკულინური პროფესიაა. ხშირად აღმოვჩენილვარ უსიამოვნო სიტუაციებშიც. როცა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ხარ პასუხისმგებელი, გამუდმებით დაძაბული ხარ. ყოფილა შემთხვევა, მთელი კვირის განმავლობაში ორი-სამი საათის მეტი არ მიძინია. ურთულესია ამ სამყაროში თავის დამკვიდრება, თუმცა მე ეს მოვახერხე და მინდა, რაც შეიძლება ბევრმა ქალმა მოახერხოს. რაც უფრო მეტი ქალი იქნება ამ სფეროში, მით უკეთესი.

- რომ არ ყოფილიყავით პოლიციელი, პოლიტიკოსი, რა იქნებოდა თქვენი პროფესია? - მთელი ბავშვობა ვოცნებობდი რეჟისორობაზე. გადაწყვეტილიც მქონდა ამ პროფესიის შესწავლა, მაგრამ ბოლო მომენტში შევცვალე გადაწყვეტილება.

- პოლიციელის რთულმა სამსახურმა, შემდეგ პოლიტიკამ პირადი ცხოვრება ხომ არ წაგართვათ? - სულაც არა. მომწონს ჩემი ცხოვრება. ჩემი შვილის დაბადება ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

- თაყვანისმცემლებზე რას იტყვით? - (იცინის) უნდა გავიაროთ ეს თემა. ვერაფერს ვიტყვი.

- ჯინსსა და კედებში ხშირად გხედავთ. სპორტული სტილი მოგწონთ? - კი, მომწონს. უფრო ახალგაზრდა რომ ვიყავი, ვვარჯიშობდი კიდეც. როცა თანამდებობის პირი ვიყავი, პოლიციის ფორმა მეცვა და ძალიან ვამაყობდი ამით. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ახლა ჯინსი და კედები ძალიან მოსახერხებელია. ზოგჯერ ჩემი შვილის ტანსაცმელსაც ვიცვამ და მერე ვჩხუბობთ.

- თავისუფალ დროს განტვირთვის რა საშუალებას ანიჭებთ უპირატესობას? - შინ, მშობლებსა და შვილთან ყოფნა ჩემთვის ყველაზე კომფორტული დასვენების საშუალებაა. მოგზაურობაც მიყვარს, მაგრამ ირგვლივ ჩემთვის საყვარელი ადამიანები, ოჯახის წევრები ან მეგობრები უნდა მყავდნენ.

- როგორ გგონიათ, მიაღწევთ მიზანს, რისთვისაც იბრძვით? - აუცილებლად.

- გუნდი, რომლის წევრიც ხართ, დღეს გამოუვალ მდგომარეობაში ხომ არ არის? - მდგომარეობა რთულია, მაგრამ არა გამოუვალი. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს. ისიც ვიცი, რომ ბრძოლა მალე არ დასრულდება, წინ ხანგრძლივი მარათონი გველის...

ხათუნა ბახტურიძე