"ახალი წელი ჩემთვის ოჯახურ გარემოსთან ასოცირდება - ჩემი მეუღლე ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი მამაა" - კვირის პალიტრა

"ახალი წელი ჩემთვის ოჯახურ გარემოსთან ასოცირდება - ჩემი მეუღლე ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი მამაა"

"მეუღლე ჩემი პირველი მხარდამჭერია, სწორედ მისი თანადგომა განაპირობებს, რომ დღეს ასეთი აქტიური ვარ"

"სამი შვილი მყავს, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული..."

"2020 წელი მძიმე აღმოჩნდა მსოფლიოსთვის და არც ჩვენი ქვეყანა იყო გამონაკლისი. ის ზიანი, რაც ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუარესებით მოგვადგა, გარკვეულწილად განაპირობებს მომდევნო წლის პრობლემებსაც, მაგრამ გვიჩენს სურვილს, 2021 წელი უფრო მეტად პოზიტიური იყოს. ყოველ ახალ წელს ახალი იმედით ვხვდებით, ამიტომ უკეთესი წელი ვისურვოთ" - ასეთია მმართველი გუნდის წარმომადგენლის, ნინო წილოსანის განწყობა.

- ახალი წელი ჩემთვის ოჯახურ გარემოსთან ასოცირდება - საყვარელი და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში. ჩემი უფროსი შვილი ბრიტანეთიდან ჩამოვიდა და ძალიან მიხარია, რომ ყველა ერთად შევხვდებით ახალ წელს.

- საახალწლო სუფრის ორგანიზებას თქვენ ითავებთ? - სიმართლე გითხრათ, საახალწლო სუფრაზე განსაკუთრებული აქცენტი არასდროს გამიკეთებია, მე და დედაჩემი რამდენიმე სადღესასწაულო კერძით შემოვიფარგლებით ხოლმე.

- თქვენი შვილების, მეუღლის შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ? - სამი შვილი მყავს, უფროსი ვაჟები და პატარა გოგონა. სამივე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. უფროსი დინჯი და კეთილშობილია, კარგი ოპონირების უნარი აქვს და მუდმივი დისკუსია გვაქვს, თითქმის ყველაფერზე თავისი არგუმენტი აქვს და მიჭირს მასთან კამათის მოგება. შუათანა პრინციპული და მიზანდასახულია, ბავშვობიდან ზრდასრული ადამიანივით ითხოვს მოპყრობას და ყველა სიტუაციაში ღირსეულად იქცევა... კალათბურთით არის დაკავებული და იმედი გვაქვს, დიდ წარმატებას მიაღწევს. პატარა გოგო კი ძალიან ნათელი, თბილი და ყოჩაღია. რაც შეეხება მეუღლეს, ის ჩემი პირველი მხარდამჭერია. გარდა ამისა, ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი მამაა.

- თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს თუ გაიხსენებთ? - ყველაზე ძვირფასი და დაუვიწყარი მომენტები ჩემი შვილების დაბადებას უკავშირდება. ამასთან შედარებით ყველა სხვა სიხარული შედარებითია...

- პოლიტიკოსობა რატომ გადაწყვიტეთ? - პოლიტიკაში გურიის წარმომადგენლის სტატუსით მოვედი... მაჟორიტარი დეპუტატი პირდაპირ კავშირშია ამომრჩეველთან და როცა ეს შემოთავაზება მივიღე, იმ იმედით დავთანხმდი, რომ მათთვის უფრო მეტი სასარგებლო საქმე გამეკეთებინა. წარმოშობით გურიიდან ვართ და ურთიერთობა მაქვს იქ მცხოვრებ ადამიანებთან.

- თქვენი პროფესია რამდენად ახლოს არის პოლიტიკურ საქმიანობასთან? - პროფესიით ეკონომისტი ვარ. ვიდრე "ქართული ოცნების" გუნდის წევრი გავხდებოდი, კერძო სექტორში, მძიმე ინდუსტრიაში ვმუშაობდი. სწორედ ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბიზნესსექტორის მხარდაჭერა და ხელშეწყობაა, რათა შემდგომში მათ თავად შექმნან უკეთესი პირობები დასაქმებულთათვის და ქვეყნის ეკონომიკაში დოვლათი შეიტანონ.

- დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას როგორ შეაფასებთ და რას ელოდებით 2021 წლისგან? - 2021 წელი ბევრი გამოწვევით იქნება დატვირთული - მყიფე პოლიტიკურ პირობებში მოგვიწევს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, პანდემიის მართვა, დაზარალებული სექტორების დახმარება, სწორი რეფორმების გატარება. ყველა ვხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ქვეყანას მუდმივი რყევების პირობებში აყენებენ. არადა, ჯანსაღი ოპონირების პირობებში, ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვქმნიდეთ მოქალაქეებისთვის სასარგებლო პოლიტიკას. ახლა კი ყოველდღიურად ქვეყნის სტაბილურობის დაცვა გვიწევს, ეს კი ათმაგი დატვირთვის პირობებში გვაყენებს და ჩვენს ეფექტიანობას უსარგებლო საკითხებზე ანაწილებს.

დარწმუნებული ვარ, მაინც შევძლებთ მშვიდობიან განვითარებას. ქვეყანას არ უნდა დაემუქროს ისეთი განსაცდელი, როგორიც ომები და არეულობაა.

ჩვენ ქვეყნის შიგნითაც შევინარჩუნებთ სტაბილურობას და ჩვენი სახელმწიფო იქნება ღირსეული კანდიდატი, რომელსაც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება შეეძლება.

ხათუნა ბახტურიძე