"თქვენ ცოლად მომყვებით თუ საფიჩხიაზე?" - იუმორის შემგროვებელი იუმორის ქალაქიდან - კვირის პალიტრა

"თქვენ ცოლად მომყვებით თუ საფიჩხიაზე?" - იუმორის შემგროვებელი იუმორის ქალაქიდან

"იხევდა ყველაფერს, ვაქცინას არ გავიკეთებო. რატო-მეთქი, მეო, მაგენს კი არა, მამაჩემს არ ვაკონტროლებინებ ჩემს თავსო"

მის უსაზღვრო იუმორსა და არტისტიზმს ვერც კორონა მოერევა და ვერც კრიზისი. დავით ლიკლიკაძეს მარტო ქუთაისი კი არა, მთელი საქართველო კარგად იცნობს. ჟურნალისტი და მსახიობი "კვირის პალიტრის" სტუმარია და მკითხველს კოვიდის "მეორე ტალღის" იუმორისტულ თავგადასავლებს სთავაზობს:

"ცოტა ხანში ბევრს დავინახავთ ასე გაკავებულს და ფატიმას ხმით მოხარხარეს"

- ადრე თუ ხელის ჩამორთმევა იყო მისალმების ფორმა და ნაცნობ-მეგობრები ინსტინქტურად ართმევდნენ ერთმანეთს ხელს, ახლა ეს ორი მუშტის მირტყმამ ჩაანაცვლა. სასაცილო ამბავს შევესწარი ქუთაისში - ვიღაცამ წამოიღო მუჭი და მეორემ უთხრა, ბიჭო, კაცურად მომესალმე, მუჭი რომ დამახვედრე, რა არის ეგიო... მერე იმან, თუ მასეა, მე რომ ვახველებ, პირზე ხელისგულს კი არ ვიფარებ, გარეთა მხარესო. მეორეს შეეშინდა, გაშალა ხელი და ჩამოართვა...

ქუჩაში რომ მხვდებიან შავი პირბადით, ისეთით, მარტო თვალები რომ მოუჩანთ, თან შავი სათვალე რომ უკეთიათ და კაპიუშონიც აქვთ თავზე წამოცმული, პრაქტიკულად, სახის ნაწილიდან მარტო შუბლის პატარა ფრაგმენტი უჩანთ. აუვლი გვერდს, მოგიტრიალდება გაწელილი ხმით და გეტყვის, რა იყო, ლიკლიკაძე, რა იშოვე ამდეეენი, გამაგებინე, ერთიო. ამ დროს მინდა მუშტი ჩავცხო შუბლის იმ ფრაგმენტში, რომელიც უჩანს. კაცს მარტო ნიღაბშიც ვერ ვცნობ და ვისაც არაფერი უჩანს, იმასაც ვერ ხვდება, რომ ვერ უნდა ვიცნო.

მოკლედ, ამ იზოლაციის გადამკიდე ხალხი ძალიან მძიმე დღეშია. ამას წინათ ვამბობდი, ფილმის ბოლოს ფატიმამ რომ გაიშალა თმა, ხარხარებს და გაკავებული მოჰყავთ, ცოტა ხანში ჩვენც ბევრს დავინახავთ ასე გაკავებულს და ფატიმასავით მოხარხარეს.

"თქვენ ცოლად მომყვებით თუ საფიჩხიაზე?"

- ქუთაისი რჩება იუმორის ამოუწურავ მადნად. ადრე თუ ტრანსპორტიდან ვიღებდი და ვკრებდი იუმორს, ახლა "მარშრუტკები" აღარაა და ვცდილობ სხვა გზით შევაგროვო. ჩემი აივნის წინ ტაქსები დგებიან ხოლმე და ხშირად ვუსმენ მათ დიალოგს. ერთხელ ერთი ქალი მიადგა მძღოლს და ეუბნება, საფიჩხიაზე ამიყვანთ?

- კი, ქალბატონო, დაბრძანდით.

- თქვენ სიგარეტს ხომ არ ეწევით? - არა, ქალბატონო, მანქანაში რავა მოვწევ?

- ხომ არ სვამთ? ახლა შემთხვევით ნასვამი ხომ არ ხართ? - არა, რას ამბობთ, რავა გეკადრებათ.

- რომელწლიანი მანქანაა ეს? - მომისმინეთ, ქალბატონო, თქვენ ცოლად მომყვებით თუ საფიჩხიაზე? არ წამიყენა პირობებიო, გადაირია მძღოლი.

"ბავშვი ერთი წელია მამას იძახის და მიხაროდა, თურმე ჩემს ცოლს უძახის ინგლისურად"

- ახალ წელს ქუთაისელები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ: გაიგე, ქუთაისელი თოვლის ბაბუა გეი ყოფილაო. რაიოო, გადაირია მეზობლის კაცი, ისე გულთან მიიტანა, უბანში ერთი ამბავი ატეხა, ვერ აჩერებენ. მერე აწყნარებდნენ, ხომ იცი, ბიჯო, თოვლის ბაბუა არ არსებობსო და ამან მიუგო, მაგისთვის მართლა ჯობია, არ არსებობდესო.

სხვათა შორის, ონლაინქეიფების გამოცდილება გვაქვს, მარტი და აპრილი სულ ონლაინ ვქეიფობდით. ბევრი მეგობარი უცხოეთშია და მოდაში შემოვიდა ზუმით ქეიფი. მოდის ახალი წელი, შეკრებით ვერ შევიკრიბებით, მაგრამ ალბათ, ჩვენი, დედაჩემის, დის, ცოლისდის, სიდედრის ოჯახი გავერთიანდებით საერთო ჩატში და ასე მივულოცავთ ერთმანეთს ახალ წელს. ის მუღამი არაა, მაგრამ სხვა გზა აღარ გვრჩება... ისიც უნდა ვთქვა, ბავშვი ერთი წელია მამას იძახის და მიხაროდა. ახლა გავიგე, თურმე ჩემს ცოლს უძახის ინგლისურად.

"ეს იმას ჰგავს, დედა რომ მარიგებდა, "სადარბაზოებთან არ გაიარო, წამალს გაგიკეთებენო"

- ძალიან მეცინება, რომ გაჰკივიან, ვაქცინას არაფრით არ გავიკეთებთო. ერთი გოგონაა ჩემს სამსახურში, იხევდა ყველაფერს, ვაქცინას არ გავიკეთებო. რატო-მეთქი, მეო, მაგენს კი არა, მამაჩემს არ ვაკონტროლებინებ ჩემს თავსო. ამას ჰგონია, მართლა დაჩიპავს ვიღაცა. ვაქცინას ძალით ვინ ვის გაუკეთებს? ეს იმას ჰგავს, 90-იან წლებში დედაჩემი რომ იყო შეშინებული, თბილისში როცა მივდიოდი და თეატრალურზე ვაბარებდი, მარიგებდა, კორპუსებსა და სადარბაზოებთან არ გაიარო, წამალს გაგიკეთებენო. ვეუბნებოდი, დედა, წამალი ჭირს და თუ იშოვი, ისეთი ძვირია, ვინ დამიჭერს და გამიკეთებს, ნუ გადამრიე-მეთქი. მესმის, გითხრას, ფული არ წაგართვან, ქურთუკი არ გაგხადონ, ძველ ბიჭებს არ აჰყვე, წამალი არ გაიკეთოო... არა, დაგიჭერენ და გაგიკეთებენო! ზუსტად ასეა ახლაც, ვაქცინა თუ შემოვიდა, ძალით ვინ გაგიკეთებს? ამ დაჩიპვის ბევრს სჯერა, ილონ მასკისა და 5G-ისა არ იყოს... ტიპები უკვე მარსზე მიდიან და რატომ უნდა უნდოდეთ დედამიწის გაქრობა, რაში უშლით ხელს?

ახალი სტარტაპი კორონამოხდილებისთვის

- კოვიდიანების რაოდენობით თბილისის მერე ქუთაისი მეორე ადგილზეა. თავის დროზე, თბილისზე მეტი ინფიცირებული ჩვენ გვყავდა, ბათუმმა უკვე მოაგვარა, ჩვენთან კი თითქმის ყოველ მეორეს კორონა ჰქონდა. ქუთაისში ახლა დაამუღამეს ქორწილებს არ იხდიან, თორემ აქამდე იხდიდნენ. ზოგი იმასაც ამბობდა, არა უშავს, დაგვაჯარიმონო. სასწაულია პირდაპირ! მერე ქუთაისელებს მე შევთავაზე, ფულის შოვნის მეთოდს გასწავლით-მეთქი - კორონიანი უფრო მეტია დღეს, ვიდრე უკორონო, ახალი სტარტაპია მოსახოდი, ჰოდა, თუ გინდათ, სტარტაპის დონეზე კაი ამბავი მაქვს - კორონამოხდილებისთვის გახსენით კორონარესტორანი, კორონასაბავშვო ბაღი, კორონასკოლა, კორონაკაფე, რომლებიც კორონამოხდილებისთვის იქნება (თავის სტაფიანად) და იქ ყველანი უპირბადოდ ივლიან, ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებენ, მოუხდელები კი ექსკურსიაზე ვივლით, ფულს გადავიხდით და მინის იქით დავაკვირდებით, როგორ მიდის ძველი ცხოვრება...

როგორ დამამატეს "უკიდურესად მდიდრების" ჯგუფში

- როგორც მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანს ქუთაისში, დღესასწაულებზე რაღაცებს მიგზავნიან ხოლმე. მერე მეც მადლობის ნიშნად ძღვენს ფოტოებს ვუღებ, "ფეისბუკზე" ვდებ და ვაწერ, დედა, რა გემრიელია, დიდებული, დიდი მადლობა-მეთქი და ვარ ერთ ამბავში. კი ვიცი, რატომაც მიგზავნიან, რომ დავარეკლამო და მერე მთელი ქალაქი კითხულობს, სადაა ეს საცხობიო და გარბიან იქ. ამ ბარბარობას, რაც კი საცხობი და რესტორანია, ყველამ ლობიანი ან ხაჭაპურები გამომიგზავნა. იმდენი საჭმელ-სასმელი მივიღე, "უკიდურესად მდიდრების" ჯგუფშიც კი დამამატეს. ვხალისობ ამ ჯგუფზე... ოღონდ გამაფრთხილეს, არ წამოგცდეს, თუ ჯიშად მდიდარი, ანუ ძველი მოდგმით მდიდარი არა ხარ, თორემ გამოგაგდებენ ჯგუფიდანო. ამას წინათ, ისეთი კაი გოგო გააგდეს ჯგუფიდან. დაწერა, ბებია მყავს ჯიშად მდიდარი, გაძეძგილი ვართ ყველაფრით. ბებია 4 ოთახის დაშორებით იჯდა სავარძელში და ამ დროს დედას სამზარეულოში "მადონას" სერვიზის საინი გაუტყდაო. ბებია გადირია, რა გატყდაო და, დედამ უთხრა, არაფერია, უბრალო თეფში გატყდაო. არადა, ბებია ხმაზეც კი ხვდება, ძვირიანი გატყდა თუ უბრალოო. ეს გოგო კი მიტომ გააგდეს ჯგუფიდან, შარი მოსდეს, ააა, უბრალო თეფშებიც გაქვთ სახლშიო? მერე მეორემ, დედას სამზარეულოში რა უნდოდა, მოსამსახურე რატომ არ გყავთო. მოკლედ, გააგდეს ჯგუფიდან, სადაც არ უნდა წამოგცდეს, რომ ღარიბი ხარ. ახლა ისეთი შეშინებული ვარ, პირაქეთა "ფეისბუკზე" ხანდახან უბრალო ადამიანებზე რაღაცა ადამიანურის დაპოსტვა მინდა, მარა მეშინია... როცა მეკითხებიან, სად იყავი, რომ არ ჩანდიო, ვპასუხობ, ძველი ავეჯი და ტექნიკა გადავყარე, ახალი შემომაქვს-მეთქი...

"ვისია ე ბინძური ბოვში, გადაშენდი აქედანო"

- სხვათა შორის, დედა კი მყავს კარგი კუდაბზიკა - კლდიაშვილის ქალი. ამას წინათ, აივანზე მესმის ერთი მოტივირებული 10-12 წლის ბიჭუნას ხმა, დაყენებული ხმით აცხადებს: "მეგობრებო, თუ გაქვთ კორონავირუსის სიმპტომები, გთხოვთ, დარჩეთ სახლში, ან დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს" (ეტყობა, ტელევიზიიდან ჰქონდა მოსმენილი). ბიჭმა დამინახა, რომ ვუსმენდი და აივანზე გამოდგმულ ქოთნებში ჩაიმალა. მერე ეს დავპოსტე და დავწერე, ჩემი ბავშვობა გამახსენდა, საფიჩხიის სასაფლაოსკენ მიმავალ სამგლოვიარო პროცესიას, კარაკულიან და ბეწვისშუბიან საზოგადოებას რომ ჩავუხტებოდი მარჯვენა მკლავით მოხრილი, მუშტმოღერებული და ვყვიროდი: "ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი!" გამომეკიდებოდნენ ხოლმე ყვირილით, ვისია, ე ბინძური ბოვში, გადაშენდი აქედან, შე უპატრონოო. ეს რომ დავპოსტე, "ვისია ე ბინძური ბოვში, გადაშენდი აქედანო", მეზობელი ხვდება დედაჩემს (დედა თვითონ არაა სოცქსელში) და უყვება: ვაიმე, თამილა, რამდენი ვიცინე, შენი შვილი წერდა, ბინძური ვიყავიო.ის კი არ შეიმჩნია, რაზეც სინამდვილეში იცინა... დედაჩემს გული მოუვიდა, კი მაგრამ, ბინძური და დოუბანელი როდის იყო ჩემი შვილი, რომელ ასაკში, ხომ არ მეტყვიო. რა ვიცი, თამილა, თვითონ წერს, მე კი არ ვყობი ამასო. დედაჩემმაც მაშინვე მიუგო, ალბათ, ხიზილალით რომ იყო მოთხუპნული, იმას გულისხმობდაო, ძაან კლდიაშვილისეულად მოუხაზა.

"რატომ უნდა წამევიდე, თქვენ რომ მოით, მე ხომ დაგხვდით, როის მოგყევით, თორემ რავა არ წამოგყვებოდით-მეთქი"

- პოლიტიკური კურიოზიც მქონდა... მერიის პიარში ძველი მთავრობის დროსაც ვმუშაობდი და ახლაც ვმუშაობ. "ნაცმომ" 2012 წლის არჩევნები რომ წააგო, იმ გუნდს რამდენიმე ადამიანი გაჰყვა, რომელთაც დიდ პატივს ვცემ. მე მკითხეს, შენ არ მოდიხარო? ვუთხარი, ვაიმე, რა ვიცი, რატომ უნდა წამევიდე, თქვენ რომ მოით, მე ხომ დაგხვდით (შაშიაშვილის დროიდან ვმუშაობ), როდის მოგყევით, თორემ რავა არ წამოგყვებოდით-მეთქი. დავბრუნდებით 1-2 წელიწადში, იცოდე შენო, მითხრეს. ჰოდა, როცა დაბრუნდებით, მეც აგერ ვიქნები, არსად წასვლას არ ვაპირებ, თქვენ ამაზე ნუ ინერვიულებთ-მეთქი. მერე ეს ამბავი იუმორად დადიოდა ქუთაისში და ბევრს ხალისობდნენ.