2021 წლის ასტროლოგიური ჰოროსკოპი - კვირის პალიტრა

2021 წლის ასტროლოგიური ჰოროსკოპი

"დიპლომატიას ხარის წელში ალტერნატივა არ გააჩნია"

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2021 წელი ლითონის (თეთრი) ხარის წელი იქნება. ის 2021 წლის 11 თებერვალს (თბილისის დროით 23:06 საათზე) დაიწყება და 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ხარის წლისთვის დამახასიათებელია მოვლენების მიზანმიმართული, მეთოდური და სისტემური განვითარება. სიტუაციები წინა წლისგან განსხვავებით ნელა, მაგრამ სტაბილურად იცვლება. არეული მოვლენები ლაგდება და მშვიდ კალაპოტში ექცევა. თუმცა ეს პროცესი ადამიანებისგან ითხოვს უდიდეს ყურადღებასა და დისციპლინირებულობას, შეუპოვრობას და წარმატების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევას. ხარის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია: მოთმინება, თავშეკავებულობა, სიდინჯე, გაწონასწორებულობა, სიზუსტე, შრომისმოყვარეობა და მეთოდურება. ნეგატიური თვისებებიდან შედარებით გაძლიერდება უხეშობა, სიჯიუტე, სწორხაზოვნება, დოგმატურობა და ფანატიზმი.

რას უნდა ველოდოთ 2021 ლითონის (თეთრი) ხარის წელს

ხარის წელი ასევე იყო: 1913, 1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009 წლებში. წლის სტიქია - ლითონია და თეთრ (ყვითელ) ფერთან ასოცირდება.

ხარი აღმოსავლური ზოდიაქოს მეორე ნიშანია. აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ტიბეტში, ის წმინდა ცხოველად მიიჩნევა. ლეგენდის თანახმად, ლაო-ძი სწორედ ხარზე (კამეჩზე) შემჯდარი გაეშურა უკვდავების საძიებლად. ინდუისტური და ბუდისტური ღმერთი იამა სწორედ ხარის ფორმას იღებს, რომ კოსმოსური ჰარმონია აღადგინოს. აღმოსავლურ ასტროლოგიაში ხარის წელს ძველი ცოდვებისგან გათავისუფლების წლად მიიჩნევენ. ამიტომ ეს წელი შორს დგას ფუჭი დაპირებებისგან და ილუზიური იდეებისგან. ხარი აღმოსავლურ ასტროლოგიაში ადამიანის კარმული ვალის სიმბოლოა, ვალის, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გადახდილი, ამიტომ ეს წელი მოიტანს მთელ რიგ პასუხისმგებლობებს. ამ წელს დალაგდება ბევრი ქაოსური სიტუაცია, დაძაბული ურთიერთობები კი შედარებით შერბილდება, ხისტი მოქმედებები იმთავითვე მარცხისთვის იქნება განწირული. დიპლომატიას ხარის წელში ალტერნატივა არ გააჩნია. დაპირისპირებული მხარეები ხარის წელში პოულობენ საერთო ენას და უმეტეს შემთხვევაში შეთანხმებას აღწევენ. ამ წლის ტენდენციებია: შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებლობა, მიზანსწრაფვა, ენერგიულობა. ნეგატიური კუთხით კი აგრესია, სიჯიუტე და რაც მთავარია, დამანგრეველი ძალა (წარმოიდგინეთ კორიდაზე გაცეცხლებული ხარი...), ამიტომ იმპულსურ მოქმედებას შესაძლოა აგრესიული პასუხი მოჰყვეს.

როგორც წესი, ხარის წელი სასიკეთოა მათთვის, ვინც გაბედულად იწყებს გეგმების ხორცშესხმას. თუმცა ბევრი პროექტი შესაძლოა გამოცდის წინაშე დადგეს. ყველა აბსტრაქტული, ექსტრავაგანტური, რისკიანი პროექტი გამოიწვევს კრიტიკას. ხარის წელი სასიკეთოა სოფლის მეურნეობისთვის, ამიტომ სასურველია ამ სფეროს მეტი ყურადღება მიექცეს... ხარის წელში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემებიც ადვილად მოგვარდება.

ხარის წელი "წყალობს" შრომისმოყვარე, ამტან, მიზანსწრაფულ ადამიანებს. მოთმინებით და შეუპოვრობით ბევრი წინაღობა გადაილახება. ხარისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირად ცხოვრებას, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახურ ურთიერთობებს. სასურველია მოთმინების გამოჩენა. ხარი "მფარველობს" ოჯახურ კეთილდღეობასა და შემოსავლებს, ამიტომ მოსალოდნელია ახალი შენაძენები...

2021 წელს ვირთხის მოხერხებულობას, ეშმაკობასა და აგრესიას ხარის პატიოსნება, მიზანსწრაფვა და შრომისმოყვარეობა შეცვლის. 2021 წლის მეორე ნახევარი უფრო ენერგიული და საქმიანი იქნება (2021 წლის პირველ ნახევარში ჯობს 2020 წლიდან "გადმოყოლილი" კრიზისული საკითხები დარეგულირდეს).

2021 წელი შედარებით პოზიტიური იქნება ჰაერის სტიქიით, ანუ ტყუპის, სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის 1-ლი იანვრიდან 13 მაისამდე და შემდეგ 28 ივლისიდან 2021 წლის ბოლომდე. რაც შეეხება 14 მაისიდან 27 ივლისამდე პერიოდს, შედარებით სასიკეთო იქნება წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები). ეს წყლის ნიშნებისთვის წარმატების შედარებით მოკლევადიანი პერიოდი (პირველი ეტაპი) იქნება. თუმცა შედარებით ხანგრძლივი წარმატებული პერიოდი მათთვის უფრო 2022 წლიდან დაიწყება.

2021 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი

მსოფლიო. 2021 წელში გაგრძელდება იმ ახალი რეალობის ფორმირება, რომელიც 2020 წელს დაიწყო. ე.წ. გუშონ-ბარბოს და განიუს ციკლების მიხედვით, გასული ოცდაათწლიანი პერიოდის ქვედა ზღვრის პიკი იყო 1990-98 წლებში, შემდეგ 2008-10 წლებში და მიმდინარეობს ახლა - 2019-23 წლებში. ასე რომ, 2021 წელი ისევ კრიზისის რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა მნიშვნელოვნად "რბილი" იქნება, 2024 წლიდან კი დაიწყება ზესვლა.

2021 წელს იწყება ახალი (ასტროლოგიური) ეპოქა, რომელიც უკავშირდება იუპიტერ-სატურნის ციკლს (ამ ორი პლანეტის შეერთებას). ეს ციკლი დაიწყო 2020 წლის 21 დეკემბერს, ზამთრის ბუნიაობას, როცა მერწყულის ზოდიაქოში იუპიტერი და სატურნი შეერთდნენ (ეს ნიშანი ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება). უკან დარჩა""მიწის ეპოქა" და იწყება სრულიად ახალი, "ჰაერის ეპოქა".

2019-21 წლები ორი დიდი "ეპოქის" საზღვარია, როცა სრულდება ერთი ციკლი და იწყება მეორე. მსგავსი გარდამავალი პერიოდები ყოველთვის კრიზისებით გამოირჩევა. 2021 წელში გაგრძელდება 2020 წელს შექმნილი კრიზისი, რომელსაც კოვიდპანდემიამ დაუდო სათავე. კრიზისი სხვადასხვა მიმართულებით განვითარდება და კონფლიქტებად და კატაკლიზმებად გამოვლინდება. თუმცა აუცილებლად იქნება ცვლილებები, რაც კრიზისიდან გამოგვიყვანს.

2020-21 წლების ერთგვარ დევიზად ამერიკული ანდაზა გამოგვადგება: "როცა რაღაც დაინგრევა, დაფიქრდი, რისი აშენება შეიძლება მის ადგილას". 2020 წელმა სერიოზული რყევა და ნგრევა მოიტანა, 2021 წლიდან კი დაიწყება შენება.

საქართველო. ბუნებრივია, ყველა ის პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენცია თუ ცვლილება, რაც 2021 წლისთვის იქნება დამახასიათებელი, საქართველოზეც აისახება. მუნდანური ჰოროსკოპის მიხედვით, 2021 წელი საქართველოსთვის იოლი არ იქნება. ცხადია, ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია იქნება პოლიტიკური, უფრო სწორად, ხელისუფლებისთვის ბრძოლა. როგორც საქართველოს, ისე ორი რეალური პოლიტიკური მხარის - ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის პირადი ჰოროსკოპების მიხედვით შეიძლება გამოვყოთ ორწლიანი პერიოდი: 2020 წლის ზაფხულიდან 2022 წლის ზაფხულამდე. სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა ბევრი რამ. შეიძლება ითქვას, 2022 წლის ზაფხულამდე ერთ-ერთი მხარე გამარჯვებულის სასწორს თავისკენ საბოლოოდ გადახრის. ამ ჰოროსკოპში დომინანტი პლანეტები მარსი და პლუტონია, რაც მიანიშნებს აქტიურ, დინამიკურ განვითარებასა და ძალისმიერ მეთოდებზე (არ არის გამორიცხული ამ ყველაფერს ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის გართულებაც დაერთოს). ამ დაპირისპირებაში პირდაპირ ან ირიბ მონაწილეობას მიიღებენ პოლიციური ან სხვა გასამხედროებული სისტემები, რაც დაპირისპირებას უფრო გაართულებს. ასე რომ, საქართველოს პოლიტიკურად რთული მინიმუმ, 1,5-წლიანი პერიოდი ელის, რომელიც ახალი რეალობის ფორმირებას დაუდებს სათავეს (არ გამოირიცხება რომელიმე პოლიტიკოსის დაკავებაც).

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება 2021 წელშიც გაგრძელდება. საერთო მდგომარეობის გამოსწორება შესაძლოა ორ ეტაპად ვივარაუდოთ: პირველი - თებერვალ-მარტიდან და მეორე - ზაფხულიდან.

2021 წელს მნიშვნელოვანი თემა გახდება უცხოეთი და უცხოელები. მოსალოდნელია ტურიზმსა და საერთაშორისო ფრენებთან დაკავშირებით ახალი პოზიტიური რეგულაციები. სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების უფრო გააქტიურება.

მოსალოდნელია სიახლეები განათლებისა და სასამართლო სისტემაში. შესაძლებელია "ხმაურიანი" საქმეების გამჟღავნება ან პროტესტის გამოხატვა.

2021 წელი მნიშვნელოვანი იქნება კრიზისების აღმოფხვრის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანი გახდება ქვეყნის საერთაშორისო ინსტიტუტებთან აღებული ფინანსური ვალდებულებები (კრედიტები, ტრანშეები, სესხები და გრანტები). არ არის გამორიცხული ჩარევა მოითხოვოს ფისკალურმა და ვალუტის კურსთან დაკავშირებულმა საკითხებმა, მოსალოდნელია დაპირისპირება ოპონენტებსა და ღია მტრებთან (უპირველესად რუსეთთან). რუსეთის ნეგატიური გავლენის ალბათობა 2021 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

2021 წელი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში დაწყებული ტენდენციების დალაგების პერიოდი იქნება. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება ეკონომიკაში, რადგან შექმნილი კრიზისი მომენტალურ რეაგირებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ეკონომიკას.

საქართველოსთვის რთული პერიოდები იქნება: იანვარი, თებერვლის პირველი ნახევარი, მარტის მეორე ნახევარი, აპრილის პირველი ნახევარი, ივნისის ბოლო, ივლისის პირველი ნახევარი, სექტემბრის მეორე ნახევარი, ნოემბრის პირველი ნახევარი, დეკემბრის მეორე ნახევარი. ამ პერიოდებში ხელისუფლებას წინდახედულობის, სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა მართებს, რათა პოლიტიკური-ეკონომიკური ცხოვრება მშვიდად წარიმართოს.

რამაზ გიგაური