"ვინც თავისი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას გაუკეთებს იგნორირებას, ის პარტიები გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს და ეს მოხდება ძალიან მალე" - კვირის პალიტრა

"ვინც თავისი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას გაუკეთებს იგნორირებას, ის პარტიები გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს და ეს მოხდება ძალიან მალე"

ვინც თავისი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას გაუკეთებს იგნორირებას, მე გარწმუნებთ, რომ ის პარტიები გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს და ეს მოხდება ძალიან მალე, სულ რაღაც 10 თვეში, როდესაც ისინი, როგორც მინიმუმ, 1/3-ით დაკარგავენ თავის მხარდამჭერებს ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩეველმა საკუთარი მოსაზრება უკვე დააფიქსირა, როდესაც პანდემიის მიუხედავად, საარჩევნო უბნებზე მივიდა, 9 პარტიას მისცა ხმა და მხარი დაუჭირა სტაბილურ მმართველობას.

თალაკვაძის განცხადებით მოსახლეობის ეს გადაწყვეტილება იმაშიც გამოიხატა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოწოდების მიუხედავად, ისინი რუსთაველის გამზირზე არ გავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში სწორედ მათ უჭერდნენ მხარს.

"ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტი არის ის, რომ პარლამენტში იყოს პოლიტიკური პროცესი და არა ქუჩაში. პარალამენტში იყვნენ პოლიტიკოსები და არა ქუჩაში, თუმცა ვინ არის ქუჩის პოლიტიკოსი და ვინ არის პარლამენტის პოლიტიკოსი, ამაზე საზოგადოებამ უკვე თავისი პოზიცია დააფიქსირა. პანდემიის მიუხედავად ორმა მილიონმა ჩვენმა თანამოქალაქემ გააკეთა არჩევანი, მათ ხმა მისცეს 9 სხვადსხვა პოლიტიკურ პარტიას, თუმცა მათ, ასევე, ხმა მისცეს ერთ მთავარ რამეს, ყველა მათგანმა აირჩია სტაბილური მმართველობა და ყველა მათგანმა თქვა, რომ ეს პარტიები უნდა იყვნენ პარლამენტში.

საიდან ჩანს, რომ მოსახლეობამ ამაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო, საიდან ჩანს, რომ მათი არჩევანი სწორედ ეს არის? ჩანს იქიდან, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ ქუდზე კაცს დაუძახა და ყველა თავის მხარდაჭერას უთხრა, რომ მობრძანდით რუსთაველზე, რომ ავრიოთ ქვეყანა და ახალი არჩევნები ჩავატაროთო, ვნახეთ, რომ იქ ძალიან ცოტა ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ 900 ათასზე მეტს ჰქონდა მხარი დაჭერილი ამ პარტიებისთვის, ვინც ხალხს ეძახდა რუსთაველზე, ეს არ არის თქვენთვის ინდიკატორი ? სხვა რა უნდა ვკითხოთ მოსახლეობას? ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, დღეს ქვეყანამ მიიღო რეალობა, როდესაც ოპოზიციას არ სურს, რომ იყოს ოპოზიცია, რაც აბსოლუტურ უთანხმოებაში მოდის დემოკრატიასთან.

"საზოგადოებამ დაავალა ამ პოლიტიკურ პარტიებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში, გაეწიათ ოპონირება ხელისუფლებისთვის, მიეღოთ კანონები, ემსჯელათ და ყოფილიყო ოპოზიცია. ჩვენ მივიღეთ ახლა რეალობა, როდესაც ოპოზიციას არ სურს, იყოს ოპოზიცია. ეს არის დემოკრატიასთან აბსოლუტურად უთანხმოებაში და შესაბამისად, იმ ხალხის არჩევანი, რომელმაც დაავალა ამ პარტიებს პარლამენტში ყოფნა, არის იგნორირებული და ის ადამიანები, მათ ხმას აღარ მისცემენ", - განაცხადა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"