"ბავშვობის მოგონებები ყველაზე ძვირფასია ჩემთვის" - კვირის პალიტრა

"ბავშვობის მოგონებები ყველაზე ძვირფასია ჩემთვის"

შობა-ახალი წლის დღეები გია ბაღაშვილისთვის ძალიან ლამაზ და ხალას მოგონებებთან ასოცირდება. "მქონია შემთხვევა, როცა 31 დეკემბერს, ღამის თორმეტ საათზე გავსულვარ სცენაზე, მაგრამ ის დღეები მაინც დაუვიწყარია ჩემთვის!" - ამბობს ბატონი გია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ბავშვობის მოგონებები ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. შობა-ახალი წელი - ეს არის დღესასწაული, რომელიც აერთიანებს უკლებლივ ყველას - დიდსა თუ პატარას. თანაც, ის მთელ მსოფლიოში დაკავშირებულია ოჯახურ სითბოსთან, ზეიმის ერთად განცდის სიხარულთან, ბედნიერი ხვალინდელი დღის მოლოდინთან... ჯადოსნურად მახსენდება გურიაში ბებია-ბაბუასთან ერთად გატარებული ახალი წელი..."

"ახლაც ყურში მაქვს ბებიას ნაბიჯების ხმა დათოვლილ ეზოში, როცა სამზარეულოდან ოდა-სახლში, სუფრასთან საახალწლოდ საგანგებოდ გამომცხვარი გურული ღვეზლები მოჰქონდა. ღამის თორმეტ საათზე ბაბუამ თოფი მასროლინა. შეგრძნება მქონდა, რომ თოფის გასროლის ხმის ექო, მთებიდან არეკლილი, მთელ სამყაროს ესმოდა..."

"ყველაზე ჯადოსნური შეგრძნება იყო ჩემთვის და თეონასთვის, პირველ იანვარს, დილაადრიან წამოხტომა და თოვლის პაპას მოტანილი საჩუქრების დათვალიერება. თეონა ჩემზე ორწლინახევრით უმცროსია. სიხარულს ყოველთვის ჩემზე მეტად გამოხატავდა და მახსოვს მისი აღტაცებული თვალები, როცა თოვლის პაპა სურვილის "გამოცნობას" და შესაბამისი საჩუქრის მოტანას ახერხებდა..."

"ჩემს ოთხივე შვილს ძალიან უყვარს შობა-ახალი წელი და ამ დღესასწაულს ყველა დიდი ხალისით ეგებება. სურვილებს რაც შეეხება, აქ ასეთი ვითარებაა: უმცროსები - 6 წლის მარიამი და 3 წლის ანასტასია, საჩუქრებს ნამდვილი თოვლის პაპისგან ელოდებიან, ხოლო უფროსები - 10 წლის ნინი და 9 წლის ლიზა, ცხადია, ბევრად რეალისტურად აფასებენ ვითარებას და სურვილებიც გაცილებით ადეკვატური აქვთ. მაგალითად, ლიზამ ასეთი ფორმით გამომიხატა მადლიერება საახალწლო საჩუქრების მიღების შემდეგ: "მადლობა, თოვლის მამა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 31 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე