"საბჭოთა კავშირმა შობის დღესასწაულის მიმართ დამოკიდებულება შეგვიცვალა. ეს ახლახან აღმოვაჩინე..." - კვირის პალიტრა

"საბჭოთა კავშირმა შობის დღესასწაულის მიმართ დამოკიდებულება შეგვიცვალა. ეს ახლახან აღმოვაჩინე..."

როგორ ეგებებიან დამდეგს ცნობილები

წელს საქართველოში და საერთოდ, მთელ მსოფლიოში უჩვეულო სიტუაცია სუფევს - პანდემიამ ცხოვრების ტემპი შეანელა. წინასაახალწლო სამზადისიც ისეთი აღარ არის, როგორიც წლების განმავლობაში იყო... გადავწყვიტეთ, რამდენიმე ადამიანისთვის გვეკითხა, თუ რას ნიშნავს მათთვის ახალი წლის დღესასწაული, როგორი განწყობა აქვთ და როგორ ემზადებიან.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ნინო ჩხეიძე:

"საერთოდ, ახალი წლის დღესასწაული ისე მიყვარს, რომ საახალწლო სამზადისს პირველი დეკემბრიდან ვიწყებ, მაგრამ ახლა, რადგან "ჩაგვკეტეს", სამზადისი 20 ნოემბრიდან დავიწყე. ნაძვის ხე ჩემს სახლშიც დავდგი, დედაჩემთანაც, სტუდიაშიც... მგონია, რომ უკვე ნაძვის ხის პროფესიონალი ამწყობი ვარ... ახალი წელი მომწონს თავისი გაფორმებით, ტრადიციებით... ეს არასოდეს მბეზრდება!.."

ანი ბებია:

"ახალი წლის დღესასწაულზე დიდად არასდროს ვგიჟდებოდი, რადგან მალევე მივხვდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა. ძალიან მეწყინა (იცინის)... არც ჩემი დაბადების დღე არ მიყვარდა, მაგრამ ახლა, ჯერისთან ერთად, ვეჭვობ, ყველაფერი შემიყვარდება - ახალი წელიც, დაბადების დღეც... ყველაფერს აზრი და მნიშვნელობა მიეცა. მგონია, რომ წინ ბედნიერი დღესასწაულები გველოდება..."

ნუკი კოშკელიშვილი:

"საბჭოთა კავშირმა შობის დღესასწაულის მიმართ დამოკიდებულება შეგვიცვალა. ეს ახლახან აღმოვაჩინე, რაც საცხოვრებლად ამერიკაში გადავედი. იქ ახალ წელს სულ სხვაგვარად აღიქვამენ: ნაძვის ხე ახალ წელთან არანაირ კავშირში არ არის. საბჭოთა კავშირში შობას ხომ არ აღნიშნავდნენ, არა? ამიტომ ყველა საშობაო ტრადიცია ახალ წელს "გადმოვიდა". ჩემთვისაც ახალი წელი ბევრად უფრო დიდი დღესასწაულია. შობას სხვანაირი დატვირთვა აქვს, ფანჯარასთან სანთელს ვანთებთ..."

ციაკო ფიფია:

"ჩემს ოჯახში, ახალი წლისთვის სახლის მორთვა-მოკაზმვაში დიდად არასოდეს ვმონაწილეობდი: ხან არ მეცალა, ხან - მეზარებოდა... ახლა, როცა ჩემი შვილი - ალექსანდრე წამოიზარდა, მინდოდა, რომ ახალი წლის დღესასწაული განსაკუთრებული ყოფილიყო. თან, ალექსანდრეს საახალწლო განათებები ძალიან მოსწონს... რადგან დიდად დაკავებული არ ვარ, საახალწლო დეკორაციები თავად გავაკეთე..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 31 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი