"მთავარია, ფარ-ხმალი არ დავყაროთ, იმედია, 2021 წელს ყველაფერი ისევ კალაპოტში ჩადგება" - კვირის პალიტრა

"მთავარია, ფარ-ხმალი არ დავყაროთ, იმედია, 2021 წელს ყველაფერი ისევ კალაპოტში ჩადგება"

"ჩვენი ოჯახის მეკვლე ყოველთვის დედაა"

ახალი წლის მოსვლა ახალ იმედს, ახალი ცხოვრების დაწყების სურვილს აღვიძებს. 2021 ამ მხრივ განსაკუთრებულია, რადგან ძალიან მძიმე 2020 წლის შემდეგ მას ყველა დიდი იმედით ვეგებებით. რა განწყობით შეხვდა ახალ წელს მომხიბლავი მომღერალი მარიამ როინიშვილი, ამას მკითხველს თვითონ უამბობს:

- ძალიან მინდა ის განსაცდელი, რომელიც 2020-მა მოგვიტანა, მალე დასრულდეს. მძიმე დღეები გამოვიარეთ, რთულია იმ ყველაფრის გადატანა. ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ, მაგრამ მომავალ წელს მაინც იმედით უნდა შევხვდეთ. ოჯახებს, რომლებმაც ვირუსის გამო ახლობლები დაკარგეს, მინდა გამძლეობა და მხნეობა ვუსურვო. ახლა მთავარია, ბოლომდე ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის.

- შობა-ახალი წლის დღეები ბედნიერ ბავშვობას გვაგონებს. თქვენთვის როგორი იყო ეს დღესასწაული? - ბავშვობაში ეს დღე მეც ძალიან მიყვარდა. სიხარულით ველოდებოდი, რომ საახალწლო სამზადისში ჩემი წვლილი შემეტანა. მე 1990-იანების ბავშვი ვარ, მაშინ ბევრი რამ გვაკლდა, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ ცდილობდნენ დედა და მამა ეს ერთი დღე ჩვენთვის დაუვიწყარი ყოფილიყო. საახალწლო სუფრით დაწყებული, საჩუქრებით დამთავრებული, არაფერს გვაკლებდნენ. ახლა მეც მათსავით ვარ: საახალწლოდ ჩემი საყვარელი ადამიანების გახარებაზე უფრო ვფიქრობ. ვიცი, რომ შობა-ახალი წლის მოსვლა ჩემს შვილს უხარია და ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.

- რა ასაკამდე გჯეროდათ, რომ თოვლის ბაბუა არსებობს? - სანამ პატარები ვიყავით, თოვლის ბაბუა ყოველთვის მამაჩემი იყო. ერთი სახალისო ამბავი მაგონდება: მაშინ, ალბათ, 5 წლისა ვიქნებოდი, შემოვიდა ოთახში კარგად ჩაცმული თოვლის ბაბუა, რომელსაც ნამდვილისგან ვერაფრით გაარჩევდით, მე კი რატომღაც ფეხზე დავხედე და ავყვირდი, ამ თოვლის ბაბუას მამაჩემის ფეხსაცმელი აცვია-მეთქი. მაშინვე მივხვდი, რომ გია იყო. მიუხედავად ამისა, 9-10 წლამდე თოვლის ბაბუის არსებობაში ეჭვი არ შემიტანია. ეს მითი თანატოლებთან საუბრისას დაინგრა... მორთული ნაძვის ხის დანახვა მაინც ყოველთვის მიხაროდა. ეს მოვალეობა ჩვენს ოჯახში თამრიკოს ჰქონდა დაკისრებული და ისიც დიდი ხალისით აწყობდა. ძალიან ტკბილად მახსენდება ფუსფუსი და სამზადისი, რომელიც ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იწყებოდა.

ახლაც მგონია, რომ ბებიაჩემის მსგავს გოზინაყს მთელ საქართველოში ვერავინ აკეთებს. ალბათ, ჩემსავით ბევრი ფიქრობს. სუფრას დღემდე დედა და ბებია აწყობენ.

- თქვენი მოვალეობა რა არის? - ორივე იმდენად კარგი კულინარია, რომ ხანდახან ვხვდები, სამზარეულოში ზედმეტი ვარ. თამრიკო არაჩვეულებრივი მზარეულია. სხვათა შორის, ჩვენი ოჯახის მეკვლე ყოველთვის დედაა. სწორედ ის შემოდის 12 საათის შემდეგ ჩვენს სახლში პირველად. გადაჭარბებული არასდროს არაფერი გვქონია, მაგრამ წელს, ალბათ, განსხვავებული ახალი წელი გვექნება: 2021 წელს ძალზე მოკრძალებულად შევხვდებით.

- მაგრამ როცა ოჯახში ბავშვები არიან, ეს არ გამოდის... - გეთანხმებით, ჩემი ელენესთვის ახალი წელი ყველაზე ლამაზი დღესასწაულია. როგორც ყველა ბავშვი, ისიც საჩუქრებს ელოდება. პრეტენზიული არ არის, მაგრამ ამ დღეს მაინც სიხარულით ელოდება, ისევე როგორც ჩემი ძმისშვილი მარიამი, რომელიც ჯერ 7 წლისაა. მთელი ჩვენი ოჯახი პატარების გარშემო ტრიალებს, ყველა ვცდილობთ ბავშვებს ეს დღე გავულამაზოთ.

- რას უსურვებთ ქართველ ხალხს, რომელიც 2021 წელს იმედით შეხვდა? - რა უნდა ვუსურვო, თუ არა ჯანმრთელობა? 2020 წელს ამ სიტყვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ეს არის ყველაზე მთავარი და ერთადერთი, რაც სასურველია ყველას ჰქონდეს. ძალიან რთულია სიმშვიდის შენარჩუნება, მაგრამ როგორმე უნდა შევძლოთ. მთავარია, ფარ-ხმალი არ დავყაროთ და იმედი ვიქონიოთ, რომ 2021 წელს ყველაფერი ისევ კალაპოტში ჩადგება, ერთმანეთის დანახვა ძველებურად გაგვიხარდება.

ხათუნა ჩიგოგიძე