ვლადიმერ პაპავა: "ენერგეტიკული კომპანიები ტარიფის მეტად მომატებას ელოდნენ"
"ეკონომიკა დღეს არის მედიცინის მძევალი. სანამ მედიცინა პრობლემას ვერ მოუვლის, ეკონომისტებს ერთი დარჩენიათ - შეუმსუბუქონ სოციალური მდგომარეობა მოსახლეობას, ბიზნესს კი - არსებობა"
თბილისსა და რეგიონებში 2021 წლიდან ელექტროენერგიის ახალი ტარიფი ამოქმედდა. "2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ", - გვამშვიდებს პრემიერ-მინისტრი გახარია და განმარტავს: "აბონენტებს, რომლებიც 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, მთავრობა 2021 წელს მოქმედ და გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობას სრულად დაუფარავს". ამასთან, დასძენს, რომ საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მთავრობა 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50%-ს გადაუხდის. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "კვირის პალიტრას" პროფესორი ვლადიმერ პაპავა ესაუბრება.
- ბატონო ლადო, ხელისუფლება მოსახლეობას ამშვიდებს, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი ფასის გადახდა არ მოუწევს, მაგრამ კომერციული მომხმარებელი, რომლისთვისაც ტარიფი 4-ჯერ და 5-ჯერ გაიზარდა, ამ გაძვირებას თავისი პროდუქციის ფასში ასახავს, ანუ მომხმარებელი რაღაცისთვის მაინც გადაიხდის მეტს...
- ეს გარდაუვალია. ინფლაცია იქნება, მაგრამ მოდი, ვნახოთ, ეს პროცესი არის თუ არა ობიექტური. ფაქტია, რომ ეს პროცესი ობიექტურია, რადგან პანდემიამ გამოიწვია კრიზისი არა მხოლოდ საქართველოში. ეს გლობალური ეკონომიკური კრიზისია და ყველა ქვეყანა ცდილობს, რთული პროცესები თავისი შესაძლებლობის მიხედვით შეარბილოს. ძლიერ სახელმწიფოებს მეტი რესურსი აქვთ, ეკონომიკურად სუსტ სახელმწიფოებს - ნაკლები.
აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული კომპანიები ამ გადაწყვეტილებით სულაც არ დარჩენილან კმაყოფილი. ისინი მეტს ელოდნენ და ამის შესახებ ხმამაღლაც განაცხადეს. დენის ტარიფის გაძვირებას რამდენიმე კომპონენტი იწვევს. ერთ-ერთი ლარის გაუფასურებაა.
- მაგრამ კურსის ვარდნა დღეს ხომ არ დაწყებულა?! აქვს კი მოსახლეობას ამომწურავი პასუხი, რატომ გაუძვირდა დენი? - შესაბამისი განმარტება მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გააკეთოს. მე მოვუსმინე მათ ხელმძღვანელს და მისი განმარტება დამაჯერებელი გახლდათ. როგორც წესი, ტარიფი დგინდება სამი წლით, არსებული ტარიფის მოქმედებისას კი ლარის გაცვლითი კურსი არსებითად შეიცვალა...
თუ ჩვენ ენერგეტიკას შემოსავალზე მეტს დავახარჯვინებთ, საბოლოოდ აღარც დენი გვექნება და აღარც - წყალი. ეს ჩვენ ვნახეთ გასული საუკუნის 90-იან წლებში, ამიტომ მარეგულირებელი კომისია იძულებული იყო, ეს გადაწყვეტილება მიეღო. სემეკმა უნდა დაიცვას ორი მხარის ინტერესი. ერთი, რომ მოსახლეობასა და ბიზნესს ძალიან არ გაეზარდოს ტარიფი და მეორე მხრივ, მაქსიმალურად აუცილებელი ხარჯი დაიფაროს, რომ ეს კომპანიები წაგებაზე არ გადავიდნენ. იმავდროულად, ცალკე "მოთამაშეა" მთავრობა. რა ვალდებულება აკისრია მას ამ კრიზისულ პერიოდში? ტარიფის ნამატი დაუფაროს მოსახლეობას, თანაც, არა - ყველას. თუ გახსოვთ, გაზაფხულზე ვინც 200 კვტ/საათზე ნაკლებს მოიხმარდა, მის ხარჯს მთავრობა სრულად ფარავდა. ახლა ლაპარაკია 300 კვტ/საათამდე სხვაობის სუბსიდირებაზე. მთავრობა მაქსიმალურად ანაწილებს რესურსებს, რაც აბსოლუტურად სწორია.
- თუმცა, ლარის კურსი არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა. ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია წლიდან წლამდე მცირდება. ეს რასთან არის დაკავშირებული? - წარმოებულ ელექტროენერგიას ვერ "დაასაწყობებ". ელექტროენერგია როცა იწარმოება, ის უნდა მოიხმარო, მაგრამ თუ იმდენი მომხმარებელი არ არის, ხარჯი მწარმოებლებს მაინც არ უმცირდება. როდესაც პანდემიის გამო ეკონომიკის განვითარება შეფერხდა, გაჩერდა სასტუმროები, რესტორნები, ცხადია, ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, მაგრამ გენერაციამ ხომ მაინც აწარმოა ის ელექტროენერგია, რომელსაც ნაკლები მომხმარებელი ჰყავდა? თუ გადამხდელი ნაკლებია, ბუნებრივია, მას მეტის გადახდა მოუწევს...
- მოსახლეობას დეტალები არ აინტერესებს. მას კრიზისის გამო, უკეთეს შემთხვევაში, შემოსავალი შეუმცირდა, უარეს შემთხვევაში - შეუწყდა. ხალხი ცხოვრობს ხელისუფლების 200 ან 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების იმედად, ფასები კატასტროფულად გაიზარდა. მოვისმინეთ ხელისუფლების წევრების კრიტიკაც, რომ ეროვნული ბანკი უფრო აქტიური უნდა იყოს ინფლაციის მართვაში, რადგან ხედავენ მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდას და ამ პირობებში კიდევ იზრდება დენის გადასახადი. კარგი, ერთი წლის განმავლობაში მთავრობა გადასახადს დაგვიფარავს, მაგრამ თან გვეუბნებიან, რომ მომავალი წელი უფრო რთული იქნება... - გასაგებია, მაგრამ მარტო ჩვენ ვართ ამ ომში? მთელი მსოფლიო არ არის? ვთქვათ, გახარია არ იყოს და იყოს ვიღაც სხვა. უკეთესს რას გააკეთებდა? რას აკეთებენ ამერიკის ან ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები? სად არის ის სტანდარტი, რომლის გამოუყენებლობაშიც ვინმე უნდა დავადანაშაულოთ? ვის აქვს ეს სტანდარტი? არავის, იმიტომ რომ ასეთი პრობლემა, როგორის წინაშეც დღეს აღმოჩნდა მსოფლიო, დღემდე არ გვქონია. ამ კრიზისს ხშირად ადარებენ ესპანური გრიპის პანდემიას, მაგრამ მაშინ მსოფლიო ასეთი გლობალური არ ყოფილა. არ იყო მიწოდებისა და მოთხოვნის ასეთი გლობალური ჯაჭვები, რომლებიც ახლა დაირღვა. ეს ახალი ფენომენია. სად იყო მაშინ ასეთი ტურისტული მიმოსვლა?! ავიაცია სულ ახალი შექმნილი იყო. ახლა სულ სხვა გარემოში ვართ, ვირუსის გავრცელებაც უფრო მასშტაბურია. რაც მთავარია, ხელისუფლებამ წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2021 წლის განმავლობაში მთავრობას ამ ბიუჯეტის არაერთხელ გადახედვა მოუწევს.
2020 წელს რთული საბიუჯეტო პროცესი გვქონდა გასაგები მიზეზების გამო, რაც ყოველ ოთხ წელიწადში ასეა, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, 30 სექტემბრამდე პარლამენტში შესატანია ბიუჯეტის პროექტი, შემდეგ ტარდება არჩევნები და მოქმედ მთავრობას ყოველთვის ბევრი კითხვა აქვს იმასთან დაკავშირებით, დარჩება თუ არა ხელისუფლებაში. ამას დაემატა პანდემია და ახალი შეზღუდვებიც. ვინმე გეგმავდა, რომ შეზღუდვები კვლავ დაგვჭირდებოდა? მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიოში ვინმე გეგმავდა ამას?..
- მესმის, მაგრამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი მანამდეც არასახარბიელო ჰქონდა - 4,5%-იანი, მაქსიმუმ - 6%-იანი. - აბა რამდენი უნდა ჰქონოდა, 29%? 30%?
- რომ ჰქონოდა, ცუდი იქნებოდა? - საიდან? თუმცა ოცნებას ვერავინ დაგვიშლის... ამ საუკუნის დასაწყისში ერთხელ ჰქონდა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს 36%-იანი ზრდა და მეორე წელს - 29%-იანი. ერთხელ ნავთობის მოპოვება გაიზარდა, მეორედ - გაზის, მაგრამ ჩვენ ასეთი რესურსები არ გაგვაჩნია...
- ოპოზიცია რომ ყოფილიყო ჩემს ადგილას, გეტყოდათ, რომ არ შეიძლება შენი უნიათობა პანდემიას დააბრალო, რომ მნიშვნელობა აქვს, როგორ ხვდები კრიზისს. - გთხოვთ, ჩვენი მსჯელობისას ლექსიკონიდან ამოვიღოთ სიტყვა "უნიათობა". "ოცნებას" "ნაცმოძრაობის" ყველა აქტივისტი დიდი ხნით რომ ჩაესვა ციხეში, ეს პარტია კი აეკრძალა, თავში არავის მოუვიდოდა ეს სიტყვა. "ოცნება" წავიდა დასავლეთიდან რეკომენდებული კოაბიტაციის გზით და ეს გახდა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ უნიათო დაარქვეს...
გეთანხმებით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ხვდები კრიზისს. რამდენჯერ გვითქვამს, რომ საქართველო ტურისტულ მახეშია. უნდა განვავითაროთ ეკონომიკის რეალური სექტორი - მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, უნდა გადავიყვანოთ ქვეყანა ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ვერ განვითარდება, მაგრამ დღეს სხვა მდგომარეობა გვაქვს. დღეს ომში ვართ. ამიტომ ის, რაც მთავრობას შეეძლო და ამ კრიზისამდე არ გააკეთა, არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ამისთვის "თვალი არ უნდა გამოვთხაროთ", რადგან დღეს აქტუალური აბსოლუტურად სხვა პრობლემებია! მე რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვიყო, ალბათ, ასევე გავაკრიტიკებდი ხელისუფლებას, მაგრამ, ღვთის მადლით, აღარ ვარ პოლიტიკაში და, მით უფრო, არ ვარ ვინმეს ოპოზიციონერი. მე მაქვს ჩემი აზრი. არახალია, რომ ქვეყანაში არ არის განვითარებული ეკონომიკის რეალური სექტორი. ეს მოგვდევს 2000-იანი წლებიდან, როცა ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო. კერძოდ, მაშინ დაიწყო განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ტურიზმზე, ფინანსურ და მომსახურების სექტორებზე. სამწუხაროდ, არ მომხდარა ფოკუსირება ეკონომიკის რეალურ სექტორზე. გავიხსენოთ 2019 წელი, როცა "ბიძია-ბაბუა" პუტინი გაგვიბრაზდა და რუსეთიდან ტურისტების შემოსვლა შეზღუდა, რამაც უდავოდ დაგვაზარალა.
სხვა სიტყვებით, ტურიზმი მოწყვლადი დარგია. წარმოიდგინეთ, ხვალ რომ მთელი მსოფლიო გაიხსნას, ტურისტების ნაკადი ან წამოვა საქართველოში, ან - არა. საიდანაც ტურისტები უნდა წამოვიდნენ, იქაც ხომ კრიზისია, იმათაც ხომ დააკლდათ შემოსავალი და დარჩებათ სამოგზაურო თანხა? ამიტომ ეს თემები კვლავ აქტუალური იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში.
მედიკოსებსაც და ჩვენც გვეგონა, რომ კორონავირუსი გრიპივით სეზონური ხასიათის იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. არსებობს მსოფლიოში თუნდაც ერთი მედიკოსი ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ვინმე, ვინც გეტყვით, პანდემია როდის დასრულდება? ეს არავინ იცის. ეკონომიკა დღეს არის მედიცინის მძევალი. სანამ მედიცინა პრობლემას ვერ მოუვლის, ეკონომისტებს ერთი დარჩენიათ - შეუმსუბუქონ სოციალური მდგომარეობა მოსახლეობას, ბიზნესს კი - არსებობა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ყველა ფირმა გაკოტრებული არ აღმოჩნდეს.
- ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება მსოფლიო პანდემია, მაგრამ ინფიცირებული ადამიანები ბედის ანაბარა არ უნდა დავტოვოთ, მათ უნდა ვუმკურნალოთ. კი ბატონო, ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ, მაგრამ პასუხობს კი 2021 წლის ბიუჯეტი იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა? კრიტიკულ ზღვარზეა ჩვენი საგარეო ვალი; ძირითადად, სესხით ვაპირებთ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებასაც კი. სწორად ვანაწილებთ ამ თანხებს? და თუ აქვს გაცნობიერებული მთავრობას, რომ რთული წელია და ეკონომია, უპირველესად, სწორედ ხელისუფალმა უნდა გასწიოს? - ამის შესახებ "პალიტრანიუსზე", გადაცემა "360 გრადუსში" ჰკითხეს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და მან განაცხადა, რომ საბიუჯეტო სექტორში ხელფასის ფონდი შემცირდება, ოღონდ არა - პედაგოგების, პოლიციელების, ან ექიმების ხელფასების შემცირების ხარჯზე. საქმე ეხება ბიუროკრატიული შტატების შემცირებას.
დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში ვერავინ იტყვის, რომელი კრიტერიუმით უნდა შეადგინო სახელმწიფო ბიუჯეტი. ყველა ქვეყანა თავისი "ცდისა და შეცდომის" მეთოდით მოქმედებს. ძალიან კარგია, რომ საქართველოს მისცეს საგარეო ვალი და გეტყვით, რატომ. რომ არ მოეცათ, არ გვექნებოდა სახსრები და მოსახლეობა და ბიზნესი დღეს უარეს მდგომარეობაში იქნებოდა.
- რით ვიხდით ამ ვალს? - კარგი კითხვაა. ამიტომ გითხარით, რომ ეკონომიკის რეალური სექტორი უნდა განვავითაროთ. პოსტპანდემიურ პერიოდში ხელი უნდა შევუწყოთ მრეწველობას, სოფლის მეურნეობას და, როგორც გითხარით, რაც მთავარია, ქვეყანა თანდათან ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე უნდა გადავიყვანოთ. ჩვენ ვერასდროს განვვითარდებით, თუ ასეთ ეკონომიკას არ შევქმნით. ამის გარეშე ჩვენი ექსპორტი ყოველთვის იქნება იწილო-ბიწილო და წუწაობა. უნდა გავხდეთ ქვეყანა, რომელიც შეძლებს ძვირადღირებული ტექნოლოგიების შექმნასა და ექსპორტს. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი თანხის ჩადება განათლებასა და მეცნიერებაში. თანაც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ტიპის ეკონომიკის შექმნას დიდი დრო სჭირდება, შედეგის მიღებას კი - სულ ცოტა 10 წელიწადი მაინც.