"მთელი ცხოვრება არ მომასვენებს ის გამოტოვებული ზარი... იქნებ რაღაცას შეცვლიდა ჩემთან საუბარი..." - ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"მთელი ცხოვრება არ მომასვენებს ის გამოტოვებული ზარი... იქნებ რაღაცას შეცვლიდა ჩემთან საუბარი..." - ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მწუხარებით იუწყება, რომ 2021 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის წევრი, ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.

კოლეგის გარდაცვალებას ენათმეცნიერი, ცნობილი მთამსვლელის, ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე მარინე ბერიძე ეხმაურება: "ტარიელ, განსაკუთრებულად მძიმეა ჩემთვის შენი წასვლა. ვიცი ყველა შენი ტკივილი, სულისა და გონების ყველა მოძრაობა... ვიცი, რომ რაღაც მომენტში წარსულმა, მომავლის გეგმებმა, ყველა მოპოვებულმა და მოსაპოვებელმა ტიტულმა, ყველა სადავო და უდავო თეორიამ უკან დაიხია და შენი სუნთქვის რიტმს სულ რამდენიმე სახელი წარმართავდა, შენს ტკივილიან ღამეებს ვარსკვლავებად შენი შვილების სახეები ენთოთ... მჯეროდა, რომ სწორედ იმდენჯერ ჩაისუნთქავდი, რამდენიც შენს ოჯახამდე გზას ეყოფოდა, რამდენიც იმ უდაბური ლაბირინთიდან გამოსვლისთვის იყო საჭირო... 24 ნოემბერს დაგირეკავს ჩემთან. იმ დღეს დავმძიმდი და მეორე დილას კლინიკაში გადამიყვანეს. მაშინ "ავცდით" ერთმანეთს. მთელი ცხოვრება არ მომასვენებს ის გამოტოვებული ზარი... იქნებ რაღაცას შეცვლიდა ჩემთან საუბარი...

ვუსამძიმრებ შენს შვილებს, იას, შვილიშვილებს, გამწარებულ დედას, მოწაფეებს, კოლეგებს, მეგობრებს...... ყველა სათანადო პატივს მოგაგებს, ყველა თავის სათქმელს გეტყვის. მე კი შენი უკანასკნელი დღეების ჭირისუფლად და დამტირებლად დავრჩები... ღმერთმა ქნას, არცერთმა ჩვენმა ახლობელმა, არავინ ნახოს, რაც ჩვენ ვნახეთ... ვილოცოთ, რომ ჩვენ ვიყოთ ბოლო... იმედი მქონდა, ამას ერთად ვიტყოდით, როცა გადარჩენილები შევხვდებოდით...... ნათელში იყავი!" - წერს მარინე ბერიძე.

ambebi.ge