"დიდება დედოფალს" - 9 იანვარს, ფილმი ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის შესახებ - კვირის პალიტრა

"დიდება დედოფალს" - 9 იანვარს, ფილმი ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის შესახებ

9 იანვარს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი დოკუმენტურ ფილმს "დიდება დედოფალს" ჩვენებას გამართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ფილმი ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეების - ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის შესახებ მოგვითხრობს.

"ეს იქნება პირველი საჯარო ონლაინ ჩვენება საქართველოში პრემიერის შემდეგ. ფილმის პრემიერა ცოტა ხნის წინ შედგა საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის - "სინედოკის" ფარგლებში. "დიდება დედოფალს" უკვე ნახეს ავსტრიაში, სერბეთსა და მექსიკაში.

60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წლის მანძილზე, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს სწორედ ეს ქალები განაგებდნენ. მათ რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს. კინოკლუბში გასაწევრიანებლად ეწვიეთ მოცემულ ბმულს:

ფილმის ჩვენება გაიმართება "ფეისბუკ" ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ "ფეისბუკ" გვერდზე. ლაივ ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში. (რადგან ფილმის ჩვენება ჯერ არ შემდგარა რამდენიმე ქვეყანაში, მას ექნება გეოგრაფიული შეზღუდვა და ჩვენებაზე ონლაინ დასწრებას შეძლებენ მხოლოდ საქართველოში მყოფი მაყურებლები).

შემოქმედებითი ჯგუფი: რეჟისორი: თათია სხირტლაძე თანარეჟისორი: ანა ხაზარაძე პროდიუსერი: ნინო ჩიჩუა, ანა ხაზარაძე, ლინდა იენსენი (1991 Productions), კარინ ბერგამერი (berg hammer film), ალექსანდერ დუმრაიხერ-ივანსენუ, ბადუ მინკი (Amour Fou Vienna), სარიტა მატიევიჩი (Playground Produkcija) ოპერატორი: სებასტიან თალერი. მონტაჟი: პეტრა ზოპნეკი ხმის დიზაინი: პაატა გოძიაშვილი. ხმის ეფექტები: ირაკლი ივანიშვილი. სცენარის ავტორები: ინა ივანჩეანუ, თათია სხირტლაძე. მუსიკა: ალექსანდრა ვრებალოვი ქვეყნები: ავსტრია, საქართველო, სერბეთი. ქრონომეტრაჟი: 82 წთ.

ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით,"- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"