რას ამბობს ანა დოლიძე "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე - კვირის პალიტრა

რას ამბობს ანა დოლიძე "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელის თანახმადაც საპატიმროდან 1000-მდე პატიმრის გათავისუფლება იგეგმება. დოლიძის თქმით, გაურკვეველია როგორ მოახდენენ რესოციალიზაციას და როგორ დასაქმდებიან გათავისუფლებული მოქალაქეები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

"მოსალოდნელი ამნისტიის თანახმად, დაახლოებით 800-დან 1000-მდე მსჯავრდებული გამოვა საპატიმროდან და დაუბრუნდება სამოქალაქო ცხოვრებას. უმთავრესი შეკითხვა რომელიც უნდა დასმულიყო პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დროს, ესაა - სად წავა ის 1000-მდე ადამიანი, რომელიც გამოვა ხვალ საპატიმროდან? თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის არარსებობის გამო, ეს საკითხი არავის დაუყენებია. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, რომელიც გადადის ეკონომიკურ დეპრესიაში, გვაქვს მზარდი უმუშევრობის რეკორდული მაჩვენებელი. ის ადამიანებიც კი, რომლებიც სულ ახლახან მუშაობდნენ და აქვთ სამუშაო გამოცდილება, უმუშევრები დარჩნენ. მათ დაემატება კიდევ 1000-მდე ადამიანი. რესოციალიზაციაში მათ დიდ წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ეს პროცესი უდაოდ ძალიან რთული იქნება და ამას გვაჩვენებს რეალობა, რომელიც ჩვენ გარშემოა", - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე განცხადებით, ამნისტიის პროცესი საპატიმროს კარის გაღებით იწყება, მაგრამ ამით არ მთავრდება და გაუგებარია რას აკეთებს მმართველი უმრავლესობა რესოციალიზაციის პროცესისთვის.

"2012 წელსაც სწორედ ასეთი ამნისტია ჩაატარა "ქართულმა ოცნებამ'' - მხოლოდ ციხის კარი გააღო. დასაქმების პროგრამა, სარეაბილიტაციო პროგრამა, კომპენსაცია, არაფერი მსგავსი არ შეუთავაზებიათ გათავისუფლებული პატიმრებისთვის, მათ შორის პოლიტპატიმრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტით უზრუნველყოფილი გვაქვს არაერთი დეპარტამენტი, რომლის მიზანია პატიმართა რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია, არ გაკეთებულა განცხადება, თუ რა ტიპის დასაქმებას, გადამზადებას ვთავაზობთ ციხიდან გამოსულ ადამიანებს, როგორ ვაწვდით მათ ახალ უნარ-ჩვევებს ისედაც უმკაცრეს ეკონომიკურ პირობებში. ოპოზიცია რომ ყოფილიყო პარლამენტში, მე რომ ვყოფილიყავი პარლამენტში, აუცილებლად დაისმებოდა ეს კითხვები, იმისთვის, რომ ეს ადამიანები ისევ დანაშაულის გზას არ დაადგნენ", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის კომენტარს მოძრაობა "ხალხისთვის" პრესსამსახური ავრცელებს.