"ეს ბეჭედი შენია, თვითონ ვერ მოასწრო ჩუქება და ახლა მე გადმოგცემ, კარგ ხელზე მომეცესო... იმ საღამოს მომაკითხა გიამ და ცოლადაც გავყევი"
ახალი წელიწადი ნებისმიერ შემთხვევაში მოდის, ამიტომ ვიდრე მას შეხვდები, გინდა არ გინდა, ძველი წელიწადი უნდა გააცილო. გაცილება კი ისეთი რამეა, ძალაუნებურად წუთიერ მარათონს მაინც მოგაწყობინებს უახლოეს წარსულში და ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს გაგახსენებს... გასულმა, 2020-მა წელმა და მისმა თანმდევმა კოვიდ-პანდემიამ, დისტანცირებამ და განსაცდელებმა კი "ის წუთი" გაგვიხანგრძლივა და კიდევ უფრო მეტი დრო მოგვცა ჩასაფიქრებლად, დროც და - მოტივიც, ერთმანეთიც უკეთ დაგვანახვა და უშუალო ურთიერთობების ხიბლიც, ადამიანიც უკეთ გაგვაცნო და სიყვარულის ფასიც მეტად გვაგრძნობინა! დედამიწასაც, როგორც ბატონი გურამ დოჩანაშვილი იტყოდა, სწორედ სიყვარული ატრიალებს და ამიტომაც მიყვარს სიყვარულზე წერა, მით უფრო - ქრისტეშობას და საახალწლოდ, როდესაც სიყვარულის ვარსკვლავი ზენიტშია და მთელ სამყაროს ანათებს-ათბობს.
ამჯერად გიამბობთ ოჯახზე, რომელიც დიდი სიყვარულით შეიქმნა და სწორედ საახალწლოდ... ოჯახზე, რომელიც ტრადიციას არასდროს არღვევს და მუდამ შინ ხვდება ახალ წელს, და ოჯახზე, ვისთვისაც ყოველი წლის ქრისტეშობა მღელვარება და დიდი სიყვარულია. ამ ღირსეულ ოჯახს შესანიშნავად ვიცნობ, იგი ჩემი ცხოვრების ნაწილიც არის და მისი თითოეული წევრი - მუდამ საამაყო.
დღეს ჩვენი ამბის გმირი ჟურნალისტებისთვის ყველაზე სიტყვაძუნწი რესპონდენტის (თუმცა არა მარტო მათთვისაა სიტყვაძუნწი), საქართველოს საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელის, ამჟამად ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის - გია გეგუჩაძისა და მისი მეუღლის - ლელა ყამარაული-გეგუჩაძის ოჯახია. 2020 წლის 31 დეკემბერს მათი ერთად ყოფნის 20 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღს, პანდემიიდან და საყოველთაო რეგულაციებიდან გამომდინარე, ფიზიკურად არ დავსწრებივარ, მაგრამ გულგრილად მაინც ვერ ავუვლიდი გვერდს დიდი სიყვარულის ამბავს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, იოტისოდენადაც არ გახუნებულა! და კიდევ, ვერაფრით გამოვტოვებდი გია გეგუჩაძის ცხოვრების წინასაახალწლო თარიღების კასკადს, რომელიც ოჯახისთვის ლამის ჯადოსნურადაა ქცეული - იმდენი დამთხვევაა, ერთი ოჯახისთვის შეიძლება მეტისმეტად უცნაურადაც მოგეჩვენოთ.
გიას ოთხი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი პირველი ქორწინებიდან და ვაჟები - მეორე ქორწინებიდან. ვიდრე გია და ლელა შეუღლდებოდნენ, კარგა ხნით ადრე, გეგუჩაძეებთან დღესასწაული 28 დეკემბრიდან იწყებოდა - ამ დღეს დაიბადა გიას უფროსი ვაჟი - გიორგი, თუმცა კალენდარულად მასზე გვიან - 29 დეკემბერს დაიბადა გიას შვილებს შორის ყველაზე უფროსი, სამი ძმის ერთი და - ულამაზესი თამუნა, რომელიც დღეს თავად არის უბედნიერესი დედა და მეუღლე. გიასა და ლელას უფროსი ვაჟი - გეგი 30 დეკემბერს არის დაბადებული და მართალია, უმცროსი - საბა 20 თებერვალს გაჩნდა, ნაწილობრივ ისიც უკავშირდება დეკემბერს. 18 დეკემბერს მისი ანგელოზის - საბა განწმენდილის ხსენების დღეა, 19 დეკემბერი კი, ნიკოლოზობაა და გეგის ანგელოზი დღე, მას ნათლობის სახელად ნიკოლოზი უწოდეს.
მახსოვს, ერთხელ გიამ მითხრა კიდეც, თუ რამე კანონზომიერებას ეძებ ამაში, ეს იგივეა, რომ ახლა იატაკზე მიმოვაბნიოთ ასანთის ღერები (გაიხსენა მხატვრული ფილმი "წვიმის კაცი") და მერე უცებ ვიკითხოთ: რამდენი ღერი დაიყარა და რატომო? ლოგიკა არ არის. ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, უბრალო დამთხვევაა. ეგ არის, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზად აეწყო, მოზაიკასავით, მაგრამ რთულიცაა: მეც, ლელასაც და ბავშვებსაც უდიდესი სამეგობრო გვყავს და ამდენი ხალხის გასტუმრება არ გინდა? 27 დეკემბრიდან სულ სამზადისში ვართ, ახალი წლის ჩათვლით, სულ სუფრაა გაშლილი და თუნდაც არ დალიო, გადაბმულად ამდენი დღე სუფრასთან ჯდომა იოლი არაა. თუმცა დიდი სიხარულია: ეს ნიშნავს, რომ ოჯახი სრულფასოვანი ცხოვრებით - მეგობრებითა და ნათესავებით ცხოვრობსო. მართლაც, გიასთვის და მისი ოჯახის თითოეული წევრისთვის ნათესავიცა და მეგობარიც, ფეხბურთის პარალელურად, ყოველთვის აღმატებულ ადგილს იკავებს, თუმცა წლევანდელმა პანდემიამ ურთიერთობებში ყველას შეგვიშალა ხელი...
რაც შეეხება მათ 2000 წლის 31 დეკემბერს დაოჯახებას, მათი სამწლიანი სიყვარულის შესახებ, ცხადია, ვიცოდი, მაგრამ... მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგანაც ბოლო პერიოდში აღარ ურთიერთობდნენ. მახსოვს, გიასთან 2001 წლის ღამის პირველის ნახევარზე მისალოცად დავრეკე. ერთმანეთს მივულოცეთ და უცებ მეუბნება, კიდევ გაქვს რაღაც მოსალოციო. ცოტა არ იყოს, დავიბენი, მაგრამ დიდხანს არ გამაწვალა - ლელა მოვიყვანე ცოლადო, უცებ დააყოლა. არაფრით ვუჯერებდი და მოვითხოვე, დამალაპარაკე-მეთქი. ყურმილში ლელას ხმა რომ გავიგონე, სიხარულისგან კინაღამ ავტირდი... დიდი დრო იყო გასული, უკვე გეგი ჰყავდათ, როდესაც ჩავეკითხე, მაინცდამაინც 31 დეკემბერს რატომ გადაწყვიტე ცოლის შერთვა-მეთქი და, - მაგის ზუსტი პასუხი არც მე ვიცი, თუმცა შემთხვევით არაფერი მომხდარა, არც ჟენია ლუკაშინივით (პოპულარული საახალწლო ფილმის - "ბედის ირონია ანუ გაამოთ" მთავარი გმირი - ი.ხ.) აღმოვჩენილვარ სხვა ოჯახში. შეგნებულად მივედი და... კი ხედავ, ყველაფერი როგორც დასრულდაო.
"მოვიჩქაროდი შენკენა..."
იმ პერიოდში გიას მშობლები მოსკოვში, ქალიშვილთან ცხოვრობდნენ. გია პირველ მეუღლეს კარგა ხნის გაცილებული იყო და თბილისში, შინ მარტო ცხოვრობდა. 31 დეკემბერს მეგობრებთან ერთად ერთ-ერთის დაბადების დღეს აღნიშნავდა და უცებ გამოაცხადა, ლელა უნდა ვნახოო. მეგობარი გაიყოლა და ღამის 10 საათზე ლელას შინ მიაკითხა. კარი ლელამ გაუღო, მაგრამ გიას უცებ გაახსენდა, რომ მანქანაში ვარდები დარჩა. ლელას მოუბოდიშა, მთავარი დამავიწყდაო (რა იყო "მთავარი", არც უთქვამს), მანქანასთან გაბრუნდა და მალევე ვარდებით დაბრუნდა უკან. ლელამ გია შინ შეიპატიჟა და მაშინ შეიტყო, რომ ოჯახი მგლოვიარედ იყო - იმ დღეს ლელას გამზრდელი დეიდა დაუკრძალავთ. გიამ იხტიბარი არ გაიტეხა და ლელას დედას - ქალბატონ მარიტას ლელას ხელი, ლელას კი - ცოლობა სთხოვა, თან წაუმღერა: "...მოვიჩქაროდი შენკენა, ტოტებს არხევდა ქარიო..." - მიყვარდა და იმიტომ ვუმღერე, სხვათა შორის, გაჭრა და გამომყვაო, - ლელას მოყვანის ამბავს რომ მიამბობდა. ლელასაც ვკითხე, ნუთუ მანამდე ეჭვადაც არ გქონდა, რომ შეიძლებოდა მოსულიყო და ხელი ეთხოვა-მეთქი? - ნამდვილად არაფერი ვიცოდი. ეგ კი არა, გინდ დაიჯერე, გინდ არა, მგლოვიარე, ჩასისხლიანებული, ნამტირალევი თვალებით ჩავუჯექი გიას მანქანაში და წავყევი. ახლაც არ ვიცი, როგორ გადავწყვიტე ასე უცებო, - მიპასუხა.
დეიდის ბეჭედი
იღბლიანი ბეჭდის ამბავი უფრო მოგვიანებით გავიგე. ესეც ლელამ მიამბო: - დეიდას, თურმე, ჩემთვის ბეჭედი ჰქონდა გადანახული, მაგრამ ავადმყოფობის პერიოდში ვერ გადმომცა. ეს ამბავი ჩემს დეიდაშვილსაც სცოდნია და დეიდაჩემის დაკრძალვის დღეს მითხრა, ეს ბეჭედი შენია, თვითონ ვერ მოასწრო ჩუქება და ახლა მე გადმოგცემ, კარგ ხელზე მომეცესო. ისე აგიხდეს ყველაფერი კარგი! ზუსტად იმ საღამოს მომაკითხა გიამ და ცოლადაც გავყევი. იმის შემდეგ სათითაოდ მაკითხავდნენ ჩემი მეგობარი გოგონები, გათხოვება მინდა და ერთი დღით გვათხოვე ეგ ბეჭედიო. სხვათა შორის, ლელას მონათხრობს გიამ ყური რომ მოჰკრა, მაშინვე იოხუნჯა, ვითომ გააპროტესტა, - ეგ ბეჭედი ჩემს სახელზე იყო ნაჩუქარი და არავის ათხოვოო.
ფეხბურთი და ოჯახი
გიას ძალიან უყვარს სიურპრიზები, თავადაც უხარია და სხვებსაც ახარებს, განსაკუთრებით კი - მეუღლეს. ის და ლელა ყოველწლიურად, საახალწლოდ, ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან და გიასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ახალი წლის ღამე ყოველთვის სიურპრიზების ღამეა, ადამიანი ამით ცხოვრებას იხალისებ და ილამაზებო.
საუბრისას ლელამ 2003 წლის 29 დეკემბერი გაიხსენა: დღედღეზე ველოდებოდი გეგის დაბადებას, მაგრამ გიას საჩუქრის საყიდლად ბაზრობაზე მაინც წავედი. ამხელა მუცლით მოვიარე ბაზრობა, გიას სუნამო ვუყიდე და შინ მშვიდობით დავბრუნდი. თვითონ კი დიდი სიურპრიზი დამახვედრა - ჩემი საოცნებო სარეცხის მანქანა მიყიდა. სამაგიეროდ, 30 დეკემბერს არც მე დავრჩი ვალში: გია უთენია გავაღვიძე, ჩქარა ადექი, მუცელი ძალიან ამტკივდა-მეთქი! - ჰოდა, ბოლო იქნება შენთვის სიურპრიზები, როგორც ჩანს, ცუდად მოქმედებსო, - და გამაქანა სამშობიაროში. იმ დღეს ჩვენი დიდი სიყვარულის ნაყოფი - გეგი დაიბადა, გია კი, მართალია დაიქადნა, მაგრამ მაინც ვერაფრით "გადაეჩვია" საჩუქრებსა და სიურპრიზებსო, - სიცილით დააყოლა ლელამ.
გია გეგუჩაძე ძალიან ცოტას ლაპარაკობს და ეს იცის მისმა ოჯახმაც და ალბათ, გუნდმაც, ასევე - კოლეგებმაც და მეგობრებმაც... უკვე კარგა ხნის ცოლ-ქმარი იყვნენ, ერთხელ ლელაზე რომ მითხრა, ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მყავს მეუღლე, რომელიც ყველანაირად მიწყობს ხელს. ლელამ საოჯახო საქმეების დიდი ნაწილი იტვირთა, თუმცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უჩემოდ არასდროს იღებსო. გეგი 7 წლის იყო და საბა - 5-ის, გიამ და ლელამ ჯვარი რომ დაიწერეს. მახსოვს, პატარა წვეულება მოაწყეს და საბას ვკითხე, თუ იცი, დღეს რა ხდება მეთქი და გაცისკროვნებული სახით მომახარა, მამაჩემი ცოლს ირთავსო...
გიას სადაც უმუშავია, ნებისმიერ გუნდთან, ყველგან ოჯახის მსგავს გარემოს ქმნის და ურთიერთობებს - მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებულს. ასეთია შინ და ასეთია - გარეთ. ბათუმშიც ერთ ოჯახად არის გუნდი და გიაც აღიარებს, რომ, ზოგადად, ფეხბურთელებთან გაცილებით მეტ დროს ატარებს, ვიდრე - საკუთარ შვილებთან. ჩემთვის უთქვამს, - მე და ბავშვებს სულ გვენატრება ერთმანეთიო. ამიტომაცაა, თბილისში რომ ჩამოდის, ძირითადად, ოჯახშია და ურჩევნია, მეგობრები მასთან მივიდეთ.
ერთადერთხელ მიამბო: - ბავშვობაში, 4 წლის განმავლობაში, ვიოლინოზე დავდიოდი. 6 წლის ვიყავი, ფილმი ვნახე, ომზე: პატარა ბიჭს ვიოლინოს ფუტლარით ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა. გერმანელებმა გააჩერეს, გახსნეს ფუტლარი, დაინახეს ვიოლინო და დაკვრა მოსთხოვეს. ბიჭმა არაჩვეულებრივი მელოდია დაუკრა. მოგვიანებით გავიგე, ვივალდის ნაწარმოები ყოფილა. ჩანს, ამან ძალიან იმოქმედა და ვიოლინოზე დაკვრის შესწავლა დავიწყე, მაგრამ მერე ვიოლინო და ფეხბურთი ვეღარ შევუწყე ერთმანეთს და ფეხბურთი ვამჯობინეო...
გიას პირველ ცხოვრებისეულ წარმატებად მიაჩნია დროული გადაწყვეტილება, როდესაც 21-22 წლის ასაკში მიხვდა, დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებდა. მითხრა, - ფიზიკურად ყოველთვის სუსტი ვიყავი, სისწრაფე მაკლდა და ცხადი იყო, ფიზიკური ნაკლოვანებები გონებრივს უნდა გადაეფარა - საფეხბურთო ინტელექტს ვგულისხმობ. ბავშვობიდან გაუცნობიერებლად ვხვდებოდი, მოედანზე ვის რა პოზიცია უნდა დაეკავებინა, რა გადაცემა გაეკეთებინა. ნახევარდაცვაში ვთამაშობდი და თითქოს ხელისგულზე ვხედავდი ყველა ფეხბურთელის მოძრაობას. გავიზარდე და მივხვდი, რომ ჩემგან არც დიდი ფეხბურთელი დადგებოდა და არც თვითმფრინავის მშენებელი (ტექნიკური უნივერსიტეტის სწორედ ამ ფაკულტეტზე ვსწავლობდი), მაგრამ კარგი მწვრთნელი კი გამოვიდოდა. სწავლა ფიზკულტურის ინსტიტუტში განვაგრძე, შემდეგ კი - მოსკოვში, ასპირანტურაში, პროფესიულად შევისწავლე მწვრთნელის საქმე და 2006 წლიდან ლიცენზიაც მივიღე. ასე რომ, სწორი და დროული არჩევანი გავაკეთეო.
მისთვის საქმე უპირველესია და ამას ოჯახის წევრებიც შეეგუენენ. ოჯახი კი ნამდვილად "მოწამლა" ფეხბურთით: ლელა ყველაზე ხმაურიანი გულშემატკივარია ტრიბუნებზე, თამუნაც ძალიან აქტიურია, გიორგის პირველი სიტყვები იყო "მამა" და "გოლ!", გეგის პირველი სიმღერა - "დინამო, დინამო"... დღეს უმცროსი გიორგი გეგუჩაძე მამის გზას ადგას - საფეხბურთო მწვრთნელია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელთა განათლების განყოფილების ხელმძღვანელის ასისტენტად მუშაობს; გეგი ახლახან გახდა 17 წლის და უკვე კლუბ "საბურთალო 2"-ის შემადგენლობაში თამაშობს, საბა კი, ასევე, კლუბ "საბურთალოს" წამყვანი ფეხბურთელია თავის ასაკობრივ ჯგუფში.
დიდმა და პატარა გეგუჩაძეებმა თქვენთან საახალწლო მოლოცვაც დამაბარეს - ჩვენს ოჯახებს, გუნდებს, მეგობარ-ნათესავებს და სრულიად საქართველოს მშვიდობიან და უპანდემიო 2021 წელს ვუსურვებთ, მოზაიკასავით ლამაზი და მრავალფეროვანი ყოფილიყოს თითოეულის ცხოვრება. იხარეთ და იდღეგრძელეთ მრავალ შობა-ახალ წელიწადსო!
(სპეციალურად საიტისთვის)