ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტს უხელმძღვანელებს - კვირის პალიტრა

ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტს უხელმძღვანელებს

ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტს უხელმძღვანელებს. როგორც ნინო ანანიაშვილი "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მოლოდინი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მის მიმართ "შემოტევა იქნება", რისთვისაც მზად არის.

ანანიაშვილის განმარტებით, ამავდროულად, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელადაც რჩება. პრიმა ბალერინას თქმით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელობის შესახებ, გრიგოლ ვაშაძეს "სულაც არ გახარებია".

"ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო და სულ არ გახარებია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახლში ნაკლებად ვიქნები. უბრალოდ, ჩვენ გაყოფილი გვაქვს სფეროები - მე არასოდეს ვერევი პოლიტიკაში, ის თავად იღებს თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხანდახან არც ვარ საქმის კურსში. ეს კი ჩემი ცხოვრებაა დღეს, ჩემი სფეროა, ჩემი პროფესია და ხელოვნება. და ამ პროფესიით მინდა მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის", - აცხადებს ანანიაშვილი.

როგორც ანანიაშვილი განმარტავს, არ ფიქრობს, რომ მის ამ გადაწყვეტილებას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს.

"არა, არა მგონია. იცით, როგორ არის, მე სულ მაქვს რუსეთის დიდი თეატრის ვარსკვლავებთან ურთიერთობა. ამ გადაწყვეტილებით რაიმე უცნაურს ნამდვილად არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს მეტ თავის ტკივილს ვუჩენ. მართალი გითხრათ, გრიგოლი არ იყო კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ მასაც ასე ავუხსენი, რომ დღეს ეს არის გამოსავალი. სხვა თეატრები დაკეტილია. რაც აქამდე გავაკეთე - ეს საკმარისი აღარ არის", - განაცხადა ნინო ანანიაშვილმა.

მისივე თქმით, კრიტიკას მოელის.

"კი, მე ველი კრიტიკას, მაგრამ მე ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას, აქ ვიქნები თუ იქ, არ შევიცვლი და ამაზე ხშირად მისაუბრია. 15 წელია არც წარმოდგენა გამიმართავს იქ და სულ უარს ვამბობდი. მაგრამ მე მაინც პოლიტიკური სიტუაციის მიღმა განვიხილავ ამ ყველაფერს. ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია. ახლა ალბათ ყველას ყველაფერი დაავიწყდება და არც გაიხსენებენ ამას. არც ჩემს გამოსვლებს იგივე ამერიკული მედიით, სადაც მე მუდამ საქართველოს დაცვის პოზიციიდან ვლაპარაკობდი. კიდევ ვიმეორებ, მე არ მივდივარ მხოლოდ იქ. მე ისევ ვრჩები საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელად და ვიქნები ნოვოსიბირსკის ბალეტის ხელმძღვანელიც. ასე ჩაიწერება ჩემს ჩV-შიც. და მე მოველი, რომ შემოტევა იქნება პირადად ჩემი მისამართით, მაგრამ მზად ვარ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქნდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ. სხვათაშორის, სპეციალურად დავთანხმდი იმიტომაც, რომ ეს არ იყო დიდი ქალაქი. თუმც კი, ციმბირია, საკმაოდ რთული მხარე და ყველა გამოწვევა გავიაზრე - ოღონდ იმ მოტივით, რომ საქმეს კი არ გავაფუჭებ ამით, არამედ პირიქით", - განაცხადა ნინო ანანიაშვილმა .

ამასთან, პრიმა ბალერინა განმარტავს, რომ მისი გადაწყვეტილება და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლა ერთმანეთთან კავშირში არ არის.

"არა, საერთოდ არანაირი კავშირი. არც კი ვამბობდი, რომ ასეთი წინადადებები მქონდა. ის ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა, თუმცა, ძალიან განიცდის, რადგან ხვდება, რომ ეს გამოიწვევს ჩემს მიმართ უარყოფით ტალღას, თუმც კი, ჩემი აზრით, უსამართლოდ. მაგრამ მე მზად ვარ ამისთვის. მგონი, რომ შემოქმედი ადამიანები გამიგებენ", - აცხადებს ნინო ანანიაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"