"ოთხი მილიონერი ბიზნესმენი რატომღაც დაინტერესებულია იმით, რომ 4 000-ლარიანი სამსახური მიიღოს საქართველოს პარლამენტის წევრობის სახით" - კვირის პალიტრა

"ოთხი მილიონერი ბიზნესმენი რატომღაც დაინტერესებულია იმით, რომ 4 000-ლარიანი სამსახური მიიღოს საქართველოს პარლამენტის წევრობის სახით"

გრძელდება ის ოპორტუნიზმი, რომელიც უკავშირდება საქართველოში პარლამენტში მოხვედრას, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც „პატრიოტთა ალიანისის“ სიით პარლამენტში ოპოზიციის ოთხ წევრის შესვლას გამოეხმაურა.

ანა დოლიძის თქმით, ამ ოთხი პირის პარლამენტში შესვლით დღევანდელი პოლიტიკური კლიმატი რადიკალურად ვერ შეცვლება.

„ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღალა ამ ხრიკებით, მანევრებით, თუ „ტრიუკებით“ რომლესაც ჩვენ ორივე მხარეს ვხედავთ. „პატრიოტთა ალიანსის“ სიასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მცდელობა გასაგებია, რომ ერთი მხრივ, იპოვოს ჯგუფები, რომლებიც პარლამენტში შევლენ. ეს თან ავლენს იმას, რომ ჩვენთან პარტიები ფასეულობების, იდეოლოგიების მიხედვით არ ეწყობიან. ეს ოთხი მილიონერი ბიზნესმენი რატომღაც დაინტერესებულია იმით, რომ 4 000-ლარიანი სამსახური მიიღოს საქართველოს პარლამენტის წევრობის სახით და ქმნიან პარტიას, რომელიც მათივე განცხადებით, თავისი პლატფორმით აბსოლუტურად განსხვავებული იქნება იმ პარტიისგან, რომლის სიითაც პარლამენტში შევიდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ გრძელდება ის ოპორტუნიზმი, რომელიც უკავშირდება საქართველოში პარლამენტში მოხვედრას. ეს არის ჩვეულებრივი ვაჭრობის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მანამდე სიაში ჩასმის პროცესში. მერე, რა თქმა უნდა, არ უნდა გვიკვირდეს, რომ მოსახლეობის უმეტესობას პოლიტიკოსები ყელში ჰყავს ამოსული“, -განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ოთხი წევრის: ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანის, ავთანდილ ენუქიძისა და გელა მიქაძის უფლებამოსილება სცნო. ოთხივე მათგანი „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში იყვნენ.

"ინტერპრესნიუსი"