"თუ საჭიროება მოთხოვს, შემიძლია, საშიშიც ვიყო და ულმობელიც..." - კვირის პალიტრა

"თუ საჭიროება მოთხოვს, შემიძლია, საშიშიც ვიყო და ულმობელიც..."

"ის იშვიათად გამოდის წონასწორობიდან, არ უყვარს წვრილმანებზე კინკლაობა, მაგრამ თუ გაბრაზდა, მისი რისხვა ძლიერია, არავის ინდობს. ოჯახის წევრებისგან უპირობო მორჩილებას მოითხოვს, რაც ხშირად პრობლემის შექმნის საბაბი ხდება. თავდაჯერებულია, რჩევებს გარშემო მყოფებს არასდროს ეკითხება, ყველაფერს საკუთარი ჭკუით და ძალისხმევით აგვარებს. რომანტიკისგან შორს დგას, მაგრამ მზრუნველი და ერთგული მეუღლეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ადამიანებს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე:

"დინების მიყოლა უინტერესო მგონია, სულ ვცდილობ, რაღაცები შევცვალო, საპირისპირო მიმართულებით ცურვა გაცილებით საინტერესოა... შეიძლება ვერ გავიხსენო, როდის ვიყავი სასტიკი და ულმობელი, მაგრამ თავად ჩემში ამას ხომ ვგრძნობ. თუ საჭიროება მოთხოვს, შემიძლია, საშიშიც ვიყო და ულმობელიც..."

მსახიობი თამუნა აბშილავა:

"2021 სიმშვიდის, შრომის, კარგი ამბების წელი იქნება, ყველაფერს საუკეთესოს ველოდები. ფოთის თეატრში დავიწყე მუშაობა. შრომა ხარივით მიყვარს. პასუხისმგებლობის გრძნობა გაასმაგებული მაქვს... არის მომენტები, როცა სხვა გზა არ გაქვს, ძლიერი უნდა იყო, მერე ამ თამაშით იღლები და მელანქოლია მოდის, მაგრამ ჩემი მელანქოლია სხვებისთვის შესამჩნევი არასდროსაა, მარტოც ვუმკლავდები..."

მსახიობი თაკო ცქვიტინიძე:

"ზედმეტად მეოცნებე და რომანტიკოსი ვარ. ზოგჯერ საჭიროა, ვინმემ დამქაჩოს და რეალობაში დამაბრუნოს. მგონია, ყველაფერი ისეა, როგორც წიგნებსა და ფილმებში ხდება. დიდი ოპტიმისტი ვარ, სულ კარგი ამბების მოლოდინი მაქვს... მაქვს უნარი, რაღაც არ შევიმჩნიო, თვალი დავხუჭო, ჩუმად ვიყო, მაგრამ მერე შეიძლება ავფეთქდე და კატასტროფა მოხდეს..."

ტელეწამყვანი ბახვა ბრეგვაძე:

"ყველაფერი ცუდი დასრულდა და სიხარულით სავსე დღეები დაიწყო. ფეხზე ნელ-ნელა დავდგებით, ჩვენი გეგმების განხორციელების წელი იქნება... ფულთან არასწორი დამოკიდებულება მაქვს. როცა თანხა მერიცხება, რაც აუცილებელია, იმწამსვე თუ არ ვიყიდე, მეორე დღეს თანხა აღარ მექნება. ზოგჯერ გზის ფულსაც კი არ ვიტოვებ და მერე ფეხით დავდივარ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 7 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე