"დღემდე მიკვირს, როგორ ვრისკავდი სახლში ორი მცირეწლოვანი შვილის მოხუც ბებიასთან დატოვებას, მე კი სამსახურში სიარულს..." - კვირის პალიტრა

"დღემდე მიკვირს, როგორ ვრისკავდი სახლში ორი მცირეწლოვანი შვილის მოხუც ბებიასთან დატოვებას, მე კი სამსახურში სიარულს..."

ეკა ებრალიძე გამორჩეული ადამიანია ბევრი ნიშნით. კომუნიკაციის მაღალი ხარისხი, ლინგვისტური უნარები, წარმატებული და მრავალფეროვანი შრომითი ბიოგრაფია მის პერსონიფიცირებულობას მკაფიოდ გამოხატავს. მის შესახებ მინიკომენტარებით უფრო მეტს გაიგებთ... თუმცა, დასაწყისშივე გეტყვით, რომ "გზის" მკითხველი გაეცნობა ქალბატონს, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახლდათ პოსტსაბჭოური სივრციდან, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წარდგა ამჟამადაც ფრიად პოპულარული თემის ანგარიშით. საქართველოში გენდერზე, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, ფაქტია, შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან დაიწყო საუბარი.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"უშფოთველ დროს კვალდაკვალ მოჰყვა 90-იანები. ქვეყნის მკვეთრი "ნახტომი" სტაგნაციაში, ომში, სურსათის დეფიციტში, უტრანსპორტობაში, გაზრდილ კრიმინალში, თურქულ "კერასინკებში", პურის რიგში დანთებულ კოცონში, უშუქობაში. ზუსტად ამ დროს დავიწყე სამსახური ქალაქის სადეზინფექციო სადგურში ექიმ-ეპიდემიოლოგად. დღემდე მიკვირს, როგორ ვრისკავდი სახლში ორი მცირეწლოვანი შვილის მოხუც ბებიასთან (ჩემს ბებიასთან) დატოვებას, ხოლო მე კი - სამსახურში სიარულს..."

"1993 წელს ერთი ძალიან კარგი ადამიანის, აწ გარდაცვლილი მზია ჭანტურიას ძალისხმევით ბოლო მოეღო ჩემს წამებას და სამსახური დავიწყე საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. არ შემიძლია სულ რამდენიმე სიტყვა მაინც არ ვთქვა ქალბატონ მზიაზე. ის ხელმძღვანელობდა თელეთში ბატონი ჟიული შარტავას ინიციატივით აშენებულ ე.წ. კომკავშირულ ქალაქს. ამ პერიოდთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო და კურიოზული რამ მახსენდება. 1995 წელს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, აღდგა პრეზიდენტის პოსტი, რამაც სახელმწიფო მეთაურის აპარატის ლიკვიდაცია და სახელმწიფო კანცელარიის, იგივე პრეზიდენტის აპარატის შექმნა განაპირობა. დაიწყო ყველაზე საინტერესო, სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე ხანა ჩემს ცხოვრებაში..."

"ჩემი მაშინდელი პოზიცია გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ჯანდაცვისა და სპორტის საკითხებში. ცოტა - არა, ძალიან მეცინება: მე და მრჩეველი. ვისი? ედუარდ შევარდნაძის! ყოველთვის მიქმნიდა უხერხულობას, როცა რაიმე შეხვედრაზე მიწევდა საკუთარი თავის წარდგენა..."

"გამორჩეულია გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომათა დარბაზი, ანუ დარბაზი, სადაც სახელმწიფო ლიდერები გამოდიან მოხსენებებით. იშვიათად მინახავს უმაღლესი დონის შეხვედრების მიმდინარეობა ისეთ ქაოსში ხდებოდეს, როგორიც მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უმთავრეს სივრცეში სუფევს. რომ ვთქვა, დასწრება სანიმუშოაო, დიდი ტყუილი გამომივა. ალბათ ზუსტად ამიტომ იყო, გია ვოლსკიმ რომ დამაიმედა, - შენ არ იდარდო, დარბაზში ხალხი იქნება, დილის სესიაზე მადლენ ოლბრაიტი გამოდის სიტყვით და საღამოს შენ, ასე რომ დასწრება გარანტირებულიაო. სიამაყით მინდა გაუწყოთ, მე და მადლენი ერთმანეთის გამოსვლებს მართლაც დავესწარით..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 7 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

როლანდ ხოჯანაშვილი