"ნაჩვევ კულუარულ მართვაზე გადადის" - ვინ როგორ გამოეხმაურა ივანიშვილის მეორედ წასვლას - კვირის პალიტრა

"ნაჩვევ კულუარულ მართვაზე გადადის" - ვინ როგორ გამოეხმაურა ივანიშვილის მეორედ წასვლას

"ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან და პარტიის თავმჯდომარეობიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელზეც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა.

"ბუნებრივია, ადამიანურად, ჩემთვის და ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის გულდასაწყვეტია მისი ეს გადაწვეტილება. ეს ადამიანური ფაქტორი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი. დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების შეუქცევად პროცესში მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, მათ შორის მასზე და ეს უნდა უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტად. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ვფიქრობთ, მას უნდა გავუმკლავდეთ და ეს ასეც იქნება. საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელზეც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა. თავად მიაღწია იმას, რომ ეს დემოკრატიის შეუქცევადობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

ვფიქრობ, ამ გამოწვევას "ქართული ოცნების" გუნდი წარმატებით გაართმევს თავს იმიტომ, რომ უკვე არსებობს მყარი ინსტიტუტები და დემოკრატიის ისეთი საფუძვლები ჩაყრილი ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც საბოლოო ჯამში გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს", - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოება ბევრ აბსურდულ მესიჯს და ნარატივს ნახავს ოპოზიციის მხრიდან და "ისინი ეცდებიან, რომ ერთი მხრივ თამამი, დემოკრატიული, მორალურ-დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება რამენაირად გააუფერულონ".

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ ვინმეს აქამდე მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი იყო, ეს არის მძიმე შეცდომა.

"არაფორმალური მმართველი", ეს ტერმინი გვესმოდა მაშინ, როდესაც ის იყო პარტიის ხელმძღვანელი, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი და მისი ხელმოწერით შემოდიოდა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტში. მაშინაც კი "არაფორმალურ მმართველს" ამ ტერმინს იყენებდნენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები და ეს იყო მძიმე შეცდომა", - განაცხადა მდინარაძემ.

"ქართული ოცნება" არსებობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს", - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ნამდვილი წასვლა ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება.

"გვახსოვს როგორ "წავიდა" ერთხელ, მაგრამ არსად წასულა. ნაჩვევ კულუარულ მართვაზე გადადის. მაშინ პარტია ლამის დაენგრა, იგრძნეს რა წნეხის ოდნავი მოშვება და ექსპერიმენტულ რეჟიმში ილუზორული ავტონომიურობა, კინაღამ დაეშალა პარტია. ვერ გაინაწილეს ფული და გავლენები და ატყდა შიდა ომი, მერე იძულებული გახდა, უფრო აქტიურად ჩარეულიყო, ოფიციალური პოსტიც მოირგო "საქმეების დასალაგებლად". ერთი კლანი( რომელიც ბიუჯეტიდან გამძღარი წავიდა), მეორეთი ჩაანაცვლა, ახლაც იგივე ხდება: დასვა ყველა მნიშვნელოვან ძალოვან, სასამართლო თუ სხვა პოსტებზე თავისი ხელქვეითები და უნდა, მათი ხელით და პირადი ნაკლები ოპერატიული ჩარევით მართოს ქვეყანა კულისებიდან, ეს უკვე გამოსცადა პანდემიის პირობებში. კვლავ ვიხილავთ შუშის სასახლეში საიდუმლო სტუმრობებს, დაბურული მანქანებით ვიზიტებს და ა. შ. ეს ნაცნობი სურათია. დღეს არსებული არაფორმალური სისტემა ვერ მუშაობს ივანიშვილის გარეშე. "ოსტანკინოს" ტელეანძას ჰგავს, რომელიც აწყობილია ტროსზე, რკინის ბაგირზე. საკმარისია ის გაწყდეს და სისტემა ჩამოიშლება. ამის ეშინოდათ ხანძრის დროს. "ქართული ოცნება" არსებობს ან ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს. ოპერატიულ მართვაში მისი აქტიური თუ პასიური მომაწილეობა არაფერს ცვლის. მარიონეტების და მისი მამოძრავებლის ურთიერთობის რეჟიმი არც ახლა შეიცვლება. სიმბოლური "წასვლიდან" მის შედეგებსაც სიმბოლურად თუ შევაჯამებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩაიბარა დინამიკურად განვითარებადი ქვეყანა და "დაგვიტოვა" სიღატაკე და უსამართლობა. ნამდვილი წასვლა ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება. ახლა მორიგი "ტრიუკი"( უყვარს ეს სიტყვა) გაითამაშა",-განაცხადა გოცირიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ეს არ არის რეალური წასვლა, არამედ, ქვეყანაში არსებული და მოსალოდნელი მძიმე პრობლემების ფონზე, არაფორმალური მმართველობის კიდევ უფრო გამყარება იქნება.

"ვფიქრობ, რომ ეს "დადეკლარირებული" წასვლა უფროა, რადგან ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, პრაქტიკულად, დეფოლტის წინაშე ვდგავართ უზარმაზარი, რამდენიმე მილიარდიანი საგარეო ვალით, ჯანდაცვის სიტუაციაში უმძიმესი კრიზისით, როდესაც ვაქცინა არც ჩანს და ამაზე არც საუბრობენ. ახლა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს ფორმალურად და არაფორმალურადაც დაადეკლარიროს, საკუთარ გუნდს გადააბაროს პასუხისმგებლობა - არა მართვა, არამედ პასუხისმგებლობა. ეს არის იმის ღია დეკლარირება, რომ ეს, რაც ამ უმძიმეს მდგომარეობაში ხდება და მოხდება, იქნება ვთქვათ, კობახიძე-გახარია-ვოლსკის ბრალი. რეალურად, ის არ თმობს ძალაუფლებას. 31 ოქტომბერს იყო ამის რეალური შანსი, რაც მან არ გამოიყენა. შესაბამისად, ასე ვიტყოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიული მმართველი არ არის, იგი ავტოკრატია, მან შექმნა რეჟიმი, სამწუხაროდ, ყველაფერი გააუარესა: იგივე, პოლიტიკური მართლმსაჯულება; ეკონომიკური მდგომარეობა; პროგრესი; ადამიანებს კეთილდღეობა აღარ აქვთ; ჯანდაცვა. როდესაც მწვავე კითხვები დაისმება, თუ სად არის ადამიანებისთვის კეთილდღეობა, მერე იტყვის, რა ჩემი ბრალია, გახარიას და კობახიძეს მიაკითხეთო. ამის გაკეთება გადაწყვიტა, მაგრამ ამას ხომ რეალურად არავინ დაიჯერებს? რა თქმა უნდა, ეს არ გადაფარავს ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას მთელი ამ წლების განმავლობაში. ის შეეცდება, დარჩეს და არაფორმალური, კიდევ უფრო მძიმე მმართველობითი ფორმის მმართველი იქნება, რაც გულისხმობს იმას, რომ პრაქტიკულად, ეკონომიკაც და მთელი სახელმწიფო ინსტიტუტებიც კიდევ უფრო გადადის არაფორმალურ იატაკქვეშეთში და მისი აღქმით, მიტაცებული სახელმწიფო კიდევ უფრო ძლიერდება. ივანიშვილს გარე პასუხისმგებლობის აღება აღარ უნდა ამ უმძიმეს, შინაარსობრივ კრიზისებზე, მათ შორისაა ჯანდაცვა, სადაც უფრო და უფრო მეტი კითხვა დაისმება იმის შესახებ, თუ სად არის ვაქცინა და სად წავიდა ის მილიარდები, რომელიც ქვეყანამ აიღო ამ კრიზისის პერიოდში.

ამიტომ მე ვფიქრობ, "წასვლაც" და "მოსვლაც" უკავშირდება იმას, რომ მას არ სურს პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ყველამ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი", - აღნიშნა დეკანოიძემ.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი ჩვეულ "ტრიუკს" არ ატარებს და მართლაც მიდის პოლიტიკიდან, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია, თუმცა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მისი ნდობა არ შეიძლება.

"ორი ვარიანტია: ერთი, რომ კიდევ რაღაც ჩვეულ "ტრიუკს" ატარებს, სინამდვილეში არსად მიდის და რისთვის გამოაქვეყნა უშველებელი წერილი, ჯერ რთული მისახვედრია; და მეორე, რომ მართლა მიდის. ამის შანსი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ თუ მართლა მიდის, ძალიან კარგი იქნება ამ ქვეყნისთვის. ტოვებს იმას, რომ თავისი მმართველობის რვანახევარი წლის თავზე მივიღეთ ოდნავ მეტი პლურალიზმი გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით და გაცილებით ღარიბი, ღატაკი და უიმედო ქვეყანა. ხოლო თუ ტრიუკს ატარებს და ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება ჩართული, როგორც თავის წერილში ამბობს, ერთიც და მეორეც გამოჩნდება. დრო გვიჩვენებს, კიდევ რაღაცას ატყუებს მთელ მსოფლიოს და საქართველოს, თუ გულწრფელად მიდის და მართლა დაიღალა, 65 წლისაა და აღარ უნდა პროცესებში მონაწილეობა. თუმცა ერთი ვიცით, რომ მაგ კაცის ნდობა არცერთ ნაბიჯზე არ შეიძლება", - ხაზს უსვამს ელისაშვილი.

მისივე თქმით, ზოგიერთი მთავარი გზავნილი, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილში იკითხება, ღიმილისმომგვრელია.

"ის, რომ სტრატეგიულ მიზნებს მიაღწია, ღიმილისმომგვრელია; ის პასაჟი, რომ ამაყი და თავაწეული მიდის, ღიმილისმომგვრელი და სევდიანი, იაფფასიანსი ტყუილია. ამოვიღოთ მისი დაპირებებიდან ნებისმიერი და ვნახოთ, რომელი შესრულდა? ერთადერთი ის, რომ სააკააშვილს დაამარცხებდა - კი ბატონო, დაამარცხა, მაგრამ უკეთესი ქვეყანა მივიღეთ? არ მივიღეთ. აღარ გავყვები იმ ჩამონათვალს, რომ წყალი უფასო, შუქი უფასო, ბენზინი ამდენი, ყველა სოფელს 5 მილიონი და ა.შ. არც ერთი დაპირება შეუსრულებია და არც - სტრატეგიული მიზანი. როგორც გითხარით, ტოვებს გაცილებით გაჭირვებულ, უიმედო და უპერსპექტივო ქვეყანას. სტრატეგიული მიზანი თუ ეს ჰქონდა, რომ უპერსპექტივობა ყოფილიყო, მაშინ ამ სტრატეგიულ მიზანს ნამდვილად მიაღწია.

სხვა მხრივ, რაც არ უნდა მოხდეს, 2012 წლის ოქტომბრისადმი ჩემი დამოკიდებულება პოზიტიურია და მაშინ ქვეყანამ ნაბიჯი წინ გადადგა. ასეთი თუ ისეთი ზეწოლით, ამერიკელი სენატორების ჩართულებით თუ სხვა, ფაქტია, რომ სააკაშვილს მოუწია ხელისუფლების დათმობა, რაც ქვეყნისთვის კარგი იყო, მაშინ ხელისუფლებაში სააკაშვილის დარჩენა არაფრით შეიძლებოდა, ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება", - აცხადებს "მოქალაქეების" ლიდერი.

ის არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში შესაძლოა, მესამედაც დაბრუნდეს.

"მესამედ მოსვლა" შეიძლება ვიხილოთ, რადგან ივანიშვილს უბრალოდ წესი აქვს, ყველა და ყველაფერი გადააგდოს და მოატყუოს. ამას დრო გამოავლენს, ახლა რთულია თქმა, ან რატომ გამოაქვეყნა ეს წერილი, ან რეალურად რას აპირებს, ძალიან რთულია, რადგან ამ კაცის ნდობა რომ არ შეიძლება, ამ ქვეყანაში ბავშვმაც კი იცის. იმ ტექსტის 5/6 აბსოლუტურად ყალბი პათეტიკით იყო და არის გაჯერებული.

რაც შეეხება წინა წასვლას, როდესაც 2013 წელს წავიდა, მართლა შეეძლო ეთქვა, თავაწეული და ამაყი მივდივარ და შემიძლია, თვალი გავუსწორო საქართველოსო. მაშინ შეიცვალა ხელისუფლება, სააკაშვილი, რომელიც დაუმარცხებელი ჩანდა და მოძალადე იყო, დამარცხდა, მოძალადე ხელისუფლება დასრულდა და ა.შ. თუმცა დღეს ის არც ამაყია და არც თავაწეული - საკუთარ თავთან არ ვიცი, მაგრამ ქვეყანასთან ის შერცხვენილია, რადგან მისი მმართველობის მეცხრე წელს ქვეყანა გაცილებით ღატაკი და უიმედოა და თუ ეს სიამაყის და თავაწეულობის საფუძველს აძლევს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. 2013 წელს მართლა წასვლა იქნებოდა ღირსეული ნაბიჯი, დღეს კი ისაა, რომ ის გაერიდა იმ პრობლემებს, რაც ამ ქვეყანას კიდევ ელის, გაზაფხულზე იქნება თუ შემოდგომაზე, როდესაც ყველას სუსხივით და ყინვასავით მოგვიჭერს სიღატაკე და გაჭირვება. ალბათ უნდა, რომ ხელი არ გაიშვირონ მისკენ და სხვა რაღაცებს დაბრალდეს და არა ივანიშვილს, რომ ასეთ ვითარებაში ჩააგდო ქვეყანა. ასე რომ, ძალიან დიდი განსხვავებაა მაშინდელ წასვლასა და ახლანდელ წასვლას შორის - ეს პრობლემებისგან გაქცევას უფრო ჰგავს, ვიდრე ღირსეულ წასვლას და 2013 წელს მართლა ღირსეული წასვლა იქნებოდა, ნამდვილი წასვლა რომ ყოფილიყო", - აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი AMBEBI.GE-სთან.

"იყო დიდი მამულიშვილი, ნიშნავს გვერდზე გადადო პირადი კომფორტი, სიმშვიდე, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და დაიხარჯო სამშობლოს საქმის კეთებაში",-ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ტალიაშვილის შეფასებით ბიძინა ივანიშვილი თავისი ცხოვრებით პოლიტიკური ქველმოქმედების საუკეთესო მაგალითია.

"იყო დიდი მამულიშვილი, ნიშნავს გვერდზე გადადო პირადი კომფორტი, სიმშვიდე, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და დაიხარჯო სამშობლოს საქმის კეთებაში, საკუთარი წარმატებისა და სიკეთის თანაზიარი გახადო შენი ხალხი. ამისათვის, ჯერ ერთი, უნდა იყო ძლიერი და მეორეც, ეს სიძლიერე შენი მამულისთვის უნდა გინდოდეს. მარტივი ფორმულაა, მაგრამ ნამდვილად, ძალიან რთული მისაღწევი!

ბიძინა ივანიშვილს ეს გამოუვიდა! სიკეთე გრძელდება!",-წერს ტალიაშვილი.

"ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი - იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში როცა ხარ პარტიის თავმჯდომარე და უარს ამბობ იმ თანამდებობაზე, რა თანამდებობაც ეკავა მას", -ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პარტიისა და თავმჯდომარეობის დატოვებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ყველა კითხვას პასუხი ივანიშვილმა გამოქვეყნებულ წერილში გასცა.

"ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება პასუხობს ყველა იმ საკითხსა და შეკითხვას, რომელიც ისმება, თუ რატომ შემოვიდა პოლიტიკაში და ასევე ის, რომ მას არასდროს ჰქონია პოლიტიკაში მუდმივად დარჩენის მიზანი.

არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, როდესაც მას აქვს ამბიცია პოლიტიკაში მუდმივად დარჩეს. ეს არის ავტოკრატიისა და ტირანიისკენ მიმართული ლიდერის მიდგომა, როდესაც ადამიანს აქვს ამბიცია მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, რა არაჯანსაღი ამბიციაც 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებასა და მათ ლიდერებს ჰქონდათ.

ყველა კითხვაზე პასუხი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში არის გაცემული. ივანიშვილმა მისი ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამას შეაფასებს საზოგადოება ეტაპობრივად და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა. ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, იყო თუ არა სწორი დრო შერჩეული ივანიშვილის მიერ პარტიის დასატოვებლად, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.

"წერილში დასმული საკითხები და ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხები მიუთითებს იმაზე თუ რა დროს ჩათვალა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების მიღება, როდის იყო საჭირო. საკითხი არის პერსონალური და ისეთი საკითხი, რომელსაც ყველა იღებს თვითონ.

ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა და საზრუნავი იყო ხალხისა და ქვეყნის მსახურება, რასაც ის დიდი ძალისხმევით ეწეოდა და ახორციელებდა. ყველა მომსწრე ხართ მისი უპრეცედენტო საქველმოქმედო საქმეებიის.

მან შექმნა დემოკრატიის განვითარების ძალიან მყარი ფუნდამენტი, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და შექმნის. ეს არის წარმოუდგენელი რამ როცა ხარ ხელისუფლებაში და გაქვს მორალური სტანდარტი, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დატოვო კონკრეტული თანამდებობა. არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლების შენარჩუნებისკენ. ეს არის მორალურობის და დემოკრატიის მაღალი სტანდარტი"- განაცხადა ოხანაშვილმა.

"ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს თანამდებობას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა კახა კუჭავამ პოლიტიკიდან და პარტიის თავმჯდომარეობიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება პოლიტოლოგთა ნაწილის შეფასებას იმის თაობაზე, რომ "როცა პოლიტიკური კრიზისის პიკზე მიდიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას".

"გვახსოვს და ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც თავმჯდომარეები ტოვებენ პარტიას და ეს ხდება მაშინ, როდესაც პარტია აგებს. დღეს ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პარტია, რომელმაც გაიმარჯვა და არის ძალიან გაძლიერებული. გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ტოვებს თანამდებობას, რაც კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით. ამიტომ საფუძველს მოკლებულია იმის თქმა, რასაც ამბობთ. პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს თანამდებობას", - განაცხადა კუჭავამ.

მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლა თანაგუნდელებთანაც შეთანხმებული იყო.

"შესაძლოა, ვიღაცამ არ იცოდა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ მე პირადად ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე ვიცოდი. არავის უნდა უკვირდეს თუ ვიღაცას პირადად არ შეატყობინა. ფაქტია, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა მათგანი ელოდა, რადგან ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი ჰქონდა. ის არასდროს იყო მოსული იმისთვის, რომ ძალაუფლება მოეხვეჭა და შეენარჩუნებინა. სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა, უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ დაენგრია. ეს ძალიან კარგი მაგალითია ამის", - განაცხადა კუჭავამ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსისა" და ambebi.ge-ს მასალების მიხედვით