"უკვე გადაწყვეტილია ვინ დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და საზოგადოება ამის შესახებ რამდენიმე დღეში შეიტყობს" - კვირის პალიტრა

"უკვე გადაწყვეტილია ვინ დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და საზოგადოება ამის შესახებ რამდენიმე დღეში შეიტყობს"

უკვე გადაწყვეტილია ვინ დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და საზოგადოება ამის შესახებ რამდენიმე დღეში შეიტყობს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია ვინ დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და საზოგადოება ამის შესახებ რამდენიმე დღეში შეიტყობს. მისივე თქმით, პარტიაში ამ ცვლილების დასამტკიცებლად შესაბამისი პროცედურების გავლა იქნება საჭირო.

"შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამის შესახებ პარტიაში, ჩვენს გუნდში, გადაწყვეტილებები პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი, მიღებულია, თუმცა ამის შესახებ თქვენ და საზოგადოება გაიგებთ რამდენიმე დღეში, იმიტომ, რომ ბუნებრივია, პარტიაში ამ ცვლილებების შესახებ იქნება შესაბამისი პროცედურები, რაც ჩვენი წესდებით არის დადგენილი. აქედან გამომდინარე, თქვენ უკვე ინფორმაცია გექნებათ მომდევნო დღეების განმავლობაში,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ხომ არ გამოიწვევს სამთავრობო ცვლილებებს და ხომ არ იხილავს საზოგადოება პირადად მას მინისტრთა კაბინეტში, მდინარაძემ განაცხადა, რომ ის მინისტრთა კაბინეტში გადანაცვლებას არ გეგმავს და ზოგადად, არც სამთავრობო ცვლილებები დგას დღის წესრიგში.

"მე პირადად თუ მეკითხებით, ასეთს არ ვგეგმავ, სამთავრობო გუნდში ცვლილებებთან დაკავშირებით კი პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი მსგავსი არ იგეგმება, იმიტომ, რომ პარტიულ ცვლილებებზეა საუბარი. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, ბუნებრივია, პარტიულ სტრუქტურაზე, თანამდებობებზე იმოქმედებს, გადანაცვლებები იქნება და ამას, საბოლოო ჯამში, პარტიის ყრილობა გადაწყვეტს. სამთავრობო გუნდს ეს, ბუნებრივია, არ შეეხება,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"