"მოლაპარაკების მაგიდასთან და უცხოელებთან ნორმალური, გაწონასწორებული, პასუხისმგებლიანია - ამას ოპოზიციაშიც აღიარებენ" - კვირის პალიტრა

"მოლაპარაკების მაგიდასთან და უცხოელებთან ნორმალური, გაწონასწორებული, პასუხისმგებლიანია - ამას ოპოზიციაშიც აღიარებენ"

"როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი სჭირდებათ, უცხოელებთან კონტაქტი და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკება რომ შეეძლოს

თორნიკე შარაშენიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ კობახიძის წარდგენაზე - როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი სჭირდებათ, უცხოელებთან კონტაქტი და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკება რომ შეეძლოს

როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი სჭირდებათ: უცხოელებთან კონტაქტი და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკება, რომ შეეძლოს, - ასე შეაფასა ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ირაკლი კობახიძის "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ წარდგენის გადაწყვეტილება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" შარაშენიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ყველაზე უფრო სერიოზული გამოწვევაა, ეფექტურობის მხრივ, თუ როგორ იმუშავებს გუნდი.

"კობახიძე სჭირდებათ რისთვის?! უცხოელებთან ურთიერთობისთვის, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებისთვის. ინგლისური იცის, გერმანული იცის. როგორც ამბობენ, განსხვავებით იმისგან, თუ როგორც ლაპარაკობს კამერებთან, შიგნით, მოლაპარაკების მაგიდასთან ნორმალური, გაწონასწორებული, პასუხისმგებლიანია. ამას ბევრი, მათ შორის, ოპოზიციაშიც აღიარებენ. როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი სჭირდებათ: უცხოელებთან კონტაქტი და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკება რომ შეეძლოს. მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, ხისტია, მაგრამ უცხოელებთან ნორმალურია. რეალურად პარტიის შიგნით, გაცილებით უფრო ძლიერი ფიგურები არიან, იგივე გახარია, გავლენები აქვს, როგორც ამბობენ - ჩხარტიშვილს. მარტო კობახიძეზე ხომ არაა პარტია?! სხვებიც არიან იქ... ასე ნამდვილად არ არის, რომ კობახიძეს გადააბარეს ყველაფერი.

რამდენად იმუშავებს გუნდი მისთვის რისკია. არა მგონია, ამბოხება ემუქრებოდეს. ეს ყველაფერი გაირა და ყველაფერი კარგად შეამოწმა, მაგრამ ეფექტურობის მხრივ შეიძლება გაუჭირდეს, იმიტომ, რომ ადამიანები ივანიშვილის ქვეშ მუშაობას მიჩვეული იყვნენ. ახლა კი, კობახიძე და გახარია რამდენად არიან მათთვის ავტორიტეტები, ეს უფრო რთული საკითხია. აი, ესაა ყველაზე უფრო სერიოზული გამოწვევა, მე მგონი, ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნებისთვის". პირველ რიგში, "ქართული ოცნებისთვის", რადგან ივანიშვილს ნებისმიერ დროს შეუძლია, სიტყვაზე, რამე რომ იყოს, საფრანგეთში საცხოვრებლად წავიდეს", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი.

"ინტერპრესნიუსი"