"ძვრა უკვე არის - მისი გამოჯანმრთელების იმედი გაგვიჩნდა" - კვირის პალიტრა

"ძვრა უკვე არის - მისი გამოჯანმრთელების იმედი გაგვიჩნდა"

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა განუცხადა, წიკლაურის მკურნალობაში, ონლაინ რეჟიმში, გერმანელი პროფესორები არიან ჩართული და მათი შეფასებით, პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

"პატარა პროცენტით ცვლილებები უკეთესობისკენ არის. ამ კრიზისის დროს უარესობისკენ არ ყოფილა ძვრა, რაც იმის მომასწავებელია, რომ ექიმებს და ჩვენც იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა. სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ძვრა უკვე არის. ყველა გახარებულია, რადგან მისი გამოჯანმრთელების იმედი გაგვიჩნდა. მართვით სუნთქვაზე ალბათ, მინიმუმ 3 კვირა კიდევ იქნება. თემურ წიკლაურს გერმანიაში მეგობრები ჰყავს. ონლაინ რეჟიმში არიან ჩართულები გერმანელი პროფესორები და ძალიან კმაყოფილები არიან. ისინიც ადასტურებენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არის და მკურნალობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს", - აცხადებს კვაშალი.

ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, ის სტაციონარში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"