"მერაბ ნინიძე ჩემთვის ძმასავით არის, მისთვის ბევრი ისეთი რამ მითქვამს, რასაც სხვას არ ვეტყვი" - ნანა შონია თეატრზე, მეგობრებსა და პოლიტიკაზე
"პედაგოგის ოჯახში ვარ გაზრდილი, მაგრამ რომ გითხრათ, დედაჩემი დოშკას ჰგავს-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა ვგრძნობდი, რომ როლზე მუშაობისას რაღაც წარსულში დალექილი ზედაპირზე ამომქონდა..."
ჩვენი რუბრიკის სტუმარია მსახიობი ნანა შონია. თეატრის, კინოსა თუ სერიალების მოყვარულები მას კარგად იცნობენ და უყვართ. ჩვენს ინტერვიუში მსახიობის მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ თუ პროფესიულ მომენტებსა და გადაწყვეტილებებზე ვისაუბრეთ.
- ბავშვობაში ძალიან მინდოდა ბალერინობა. ეს იყო ჩემთვის ჯადოსნური სამყარო. პუტკუნა ბავშვი ვიყავი და არავის მოსვლია აზრად, საბალეტო სტუდიაში შევეყვანე. მახსოვს, სტუმრად ვიყავი ახლობლებთან, წიგნი ჰქონდათ +- "O балете", შინდისფერი ყდით. უფროსები საუბრობდნენ, მე კი გაუთავებლად ვათვალიერებდი ამ წიგნს, არ მბეზრდებოდა. იმდენი ვფურცლე, ბოლოს მაჩუქეს. დიდხანს მქონდა. 1991 წელს, ომი რომ იყო თბილისში, მაშინ ჩვენი სახლი დაიწვა და მასთან ერთად - ეს წიგნიც...
ბავშვობიდან თეატრში დავდიოდი და ვხვდებოდი, რომ მეც იქ მინდოდა, სცენაზე... მორცხვი ვიყავი. ზოგს სკოლაშივე ატყობენ, შეიძლება მსახიობი გამოვიდესო, მე კი ასეთი არ ვიყავი. ჩემი სურვილი იცოდნენ მხოლოდ ოჯახმა და რამდენიმე ახლობელმა, რადგან ვაკეთებდი თითქმის ყველას იმიტაციას - მამაჩემის, ბებიაჩემის, ნათესავების... როდესაც თეატრალურში ჩავაბარე, უმაღლესი ქულა მივიღე. ის ბედნიერი განცდა მახსოვს, სიის თავში ჩემი გვარი რომ ამოვიკითხე... ძალიან გამიმართლა. ჩემი ჯგუფელები იყვნენ მერაბ ნინიძე, ლევან წულაძე, ნანუკა ხუსკივაძე, გოჩა კაპანაძე, ნინო თარხან-მოურავი, ქეთი ჩხეიძე... ჩვენი პედაგოგი იყო გიზო ჟორდანია - კარგი პედაგოგი, გადასარევი რეჟისორი და არაჩვეულებრივი პიროვნება. არანაირი ინტრიგა ჩვენთან არ ყოფილა. ამიტომ იყო ჩვენი სტუდენტობა არაჩვეულებრივი და ამიტომაც დავრჩით მეგობრებად, ერთმანეთის გულშემატკივრებად.
- განსაკუთრებული მეგობრები იყავით თქვენ და მერაბ ნინიძე... - ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით მეზობლები და კლასელები. მერაბი იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. სხვათა შორის, სკოლაში "შუს" მეძახდნენ და ეს სახელი მერაბმა შემარქვა. გაკვეთილზე ერთად ვისხედით და გაუთავებლად ვლაპარაკობდით, ამიტომ მასწავლებელმა შორიშორს დაგვსხა. იქიდან ნანას რომ მეძახდა, არ მესმოდა, მაგრამ როგორც კი დაიძახებდა - შშშ..." მაშინვე მოვიხედავდი ხოლმე. ასე გავხდი "შუ". კარგი დრო იყო... დღემდე უახლოესი მეგობრები ვართ. ამას მეგობრობაც აღარ ჰქვია - ძმასავით არის, ჩემი ნაწილია. ბევრი ისეთი რამ მითქვამს, რასაც სხვას არ ვეტყვი. ამიტომ გამიჭირდა, როცა საზღვარგარეთ წავიდა. მერაბსაც უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ იქ წარმატებული მსახიობია, მაინც აქეთ აქვს თვალი და გული.
- სწორი გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოდან რომ წავიდა? - 1991-92 წლებში, როცა წავიდა, აქ არაფერი ხდებოდა. დიახ, ეს სწორი არჩევანი იყო. იქ სულ აქვს სამუშაო, წარმატებული და შრომისმოყვარეა. ინგლისური თვითონ ისწავლა, მერე - გერმანულიც, ფრანგულიც. ძალიან მიზანდასახული ადამიანია, ყველა სამუშაოს გულისყურითა და სიყვარულით ეკიდება და შედეგიც შესაბამისია.
- დაოჯახებას რომ აპირებდით მონაწილეობდა თქვენს ამბავში? - ეს საოცარია... მაშინაც არ იყო აქ, მაგრამ მანამდე მითხრა, რა კარგი ბიჭია ეს შოთაო, არადა, მაშინ ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა. რომ იტყვიან, იყნოსა. ჩვენი ქორწინებისას მერაბი უკვე წასული იყო. მაშინ დარეკვა ასეთი ადვილი არ იყო და მახსოვს, მირეკავს დედამისი - მერაბი ძალიან წუხს, ვერ გიკავშირდება და მე მითხრა, რამდენჯერმე ზედიზედ ნანა მესიზმრა და გამიგე, რა ხდებაო. ამ დროს სულ ახალი დაოჯახებული ვიყავი. ასე ხდება ყოველთვის - მნიშვნელოვან მომენტებში ჩვენ ერთმანეთის გულშემატკივრები ვართ.
- მის კარიერაში განსაკუთრებული იყო თორნიკეს როლი ფილმში "მონანიება"... - პატარა იყო მაშინ, მე-2 ან მე-3 კურსზე. ერთხელ დილით მოვარდა, წამოდი ჩქარა გადაღებაზეო. მე რა მინდა-მეთქი, შევიცხადე. ერთი როლია, შენზე უკვე ვუთხარი და გელიანო. მართლაც წავედი და გადამიღეს პატარა სცენაში, თუმცა ის სცენა ფილმში აღარ შევიდა.
- ოჯახური არჩევანი ვახსენეთ. თქვენი მეუღლე მხატვარია. ამ მნიშვნელოვან არჩევანზე რას გაიხსენებთ? - ჩემი მეუღლე თეატრის მხატვარი შოთა გლურჯიძეა. რაც წლები გადის, ვრწმუნდები, რომ ჩემი არჩევანი სწორია. როდესაც ცოლ-ქმარი ერთ სფეროში საქმიანობს, კარგია. მასაც ჩემსავით უყვარს თეატრი. განათლებით არქიტექტორია. თავიდანვე თეატრის მხატვრობა სურდა, მაგრამ მშობლებმა გადააფიქრებინეს, თუმცა მისი სადიპლომო ნამუშევარი მაინც თეატრალური იყო, შერწყმა არქიტექტურისა და თეატრისა...
- როგორი გაიცანით? - როდესაც ვსწავლობდით, გიზო ჟორდანია ხშირად გვეუბნებოდა, ნახეთ ეს სპექტაკლი, ნახეთ ის სპექტაკლიო. ერთხელ გვირჩია, "ლურჯი ურჩხული" ნახეთ, ოღონდ ძალიან მინდა ყურადღება გაამახვილოთ სცენოგრაფიასა და კოსტიუმებზე, ნახეთ, რა მაგარიაო. მართლაც ძალიან მოგვეწონა კოსტიუმუბი და წავიკითხე - მხატვარი შოთა გლურჯიძე, თუმცა ამან არაფერი მითხრა... გავიდა დრო... ერთ ზაფხულს მე და შოთა გაგრაში ერთდროულად ვისვენებდით. მე შორიდან მომეწონა, თურმე - მასაც, მაგრამ მაშინ ერთმანეთის გაცნობა ვერ მოვახერხეთ... 1-2 წლის შემდეგ მოვიდა ჩვენთან თეატრში, "ანა ფრანკის" დღიური" მხატვრულად გააფორმა და მაშIინ გავიცანი. 1992 წელს რობერტ სტურუა დგამდა დიკენსის "საშობაო სიზმარს", რომლისთვისაც შოთამ მართლაც საოცარი კოსტიუმები და დეკორაციები შექმნა. ისეთი ამაღლებული ატმოსფერო იყო, თან - რომანტიკული. რეპეტიციების შემდეგ გარეთ გამოხვიდოდი, თოვლი მოდიოდა. როგორ თოვდა მაშინ თბილისში!.. იმ პერიოდში დავახლოვდით. მანამდე ჯერ ჭოლას დაუმეგობრდა, ამიტომ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენი სიყვარულის ისტორია კი "საშობაო სიზმრით" დაიწყო.
არაფერია იმაზე კარგი, როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც ენდობი. ჩვენ ჯერ რუსთაველის თეატრში ვიყავით ერთად, შემდეგ თეატრალურ სარდაფში, ახლა - თუმანიშვილში. ერთმანეთის პირველი შემფასებლები ვართ.
- თეატრისა და კინოსგან განსხვავებით, სერიალი უფრო ადვილად აქცევს მსახიობს პოპულარულად, თუმცა თქვენ პოპულარობა არც მანამდე გაკლდათ...
- მართალია. მაყურებელი ხშირად ვერ დადის სპექტაკლზე, არადა, რამდენი წელია, სცენაზე ვარ... თუმცა როგორც კი სერიალში გამოჩნდები, მაშინვე პოპულარული ხდები.
- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" დოშკას როლით რაღაც სიახლე მოიტანეთ. როგორ გადაიქეცით მეგრელ პედაგოგად?
- ძალიან მომეწონა სცენარი. პედაგოგის ოჯახში ვარ გაზრდილი, მაგრამ რომ გითხრათ, დედაჩემი დოშკას ჰგავს-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა ვგრძნობდი, რომ როლზე მუშაობისას რაღაც წარსულში დალექილი ზედაპირზე ამომქონდა. ბევრი მწერს, დედაჩემს, ჩემს მასწავლებელს ჰგავხარო და ეს ძალიან მიხარია. ვცდილობ, ყველას ვუპასუხო, მადლობა გადავუხადო.
- დღევანდელობაზეც ვთქვათ... თეატრი გაჩერდა, პანდემია მოგვეძალა, სახლში გამოვიკეტეთ... როგორია თქვენი თვალით დანახული საქართველო და მსოფლიო? - ამაზე საუბარს ერთი ინტერვიუ სჭირდება... ჩვენი პროფესიისთვის ცუდი დროა. საერთოდ მიყვარს სახლში ყოფნა, ამიტომ მეგობრები ხშირად თვითონ მოდიან ხოლმე, მაგრამ ახლა ვერც ისინი მოდიან და გაუთავებლად ვსაუბრობთ ტელეფონით. იმ დღეს მეგობარი ქუჩაში შემხვდა და ერთი საათი ვლაპარაკობდით ნიღბებით. ვერ ვეგუები პირბადიან ხალხს ქუჩაში. ერთი წლის წინ ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა?! მაგრამ დღეს ასეთია რეალობა და ამას უნდა შევეგუოთ.
- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე რას ფიქრობთ? - რა უნდა ვთქვა? ალბათ, მოჰბეზრდა ამდენი ლაფის დასხმა და წავიდა. რა ვიცი... თავის დროზე ვიყავი აქტიური, ვცდილობდი, ჩემი აზრი გამომეთქვა. ვთვლიდი, რომ უნდა ვყოფილიყავი არა ბარიკადებს აქეთ, არამედ - იქით. მერე პოლიტიკაში მოსვლის შემოთავაზება დაიწყო, მაგრამ უარი ვთქვი. რა უნდა გავაკეთო პოლიტიკაში? მე ურთიერთობაში მიყვარს გულწრფელობა, პირდაპირობა, სიმართლე და სისუფთავე, პოლიტიკაში კი ეს არ არის, ამიტომ იქ არაფერი მესაქმება.
- როგორი წარმოგიდგენიათ ხვალინდელი დღე? - იმედი მაქვს, ღმერთი არ გაგვწირავს და გადავრჩებით. ცხოვრებაში მთავარია, შენი საქმე კეთილსინდისიერად აკეთო. პატრიარქმა თქვა შესანიშნავად - სხვებისთვის იცხოვრეთო. რაც შეგიძლია, ის უნდა გააკეთო სხვებისთვის და შენი ქვეყნისთვის, რომ ქვეყანამ დიდხანს იარსებოს. ახლა ჩვენი სამშობლოს ბედი და მომავალი უფრო მადარდებს, ვიდრე ის, რომ სპექტაკლებს ვერ ვთამაშობთ.