"ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება, ერთი წლის ვადაში" - კვირის პალიტრა

"ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება, ერთი წლის ვადაში"

საქართველომ რუსეთის წინააღდმდეგ 12-წლიან სახელმწიფოთა შორის დავაში გაიმარჯვა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი.

"სტრასბურგის სასამართლოში ბოლო მოსმენისას, ჩვენ შეგპირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დაპირება არის შესრულებული - საქართველომ 12- წლიან სახელმწიფოთა შორის დავაში, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, გაიმარჯვა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ 17 მოსამართლის შემადგენლობით მიიღო, რომელი გადაწყვეტილებაც არ საჩივრდება და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს. აქედან გამომდინარე, მას შეეფარდება პასუხისმგებლობა, საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის.

სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

ცნობისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ კონვენციის ის მუხლები დაასახელა, რომლის დარღვევისთვისაც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ დავაში საქართველო გაამართლა.

"რაც შეეხება უშუალოდ მსჯელობას კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:

წამების აკრძალვის მუხლი - სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მოთხოვნა და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არადაამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის. სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, რომ რუსეთი პასუხისმგებელია როგორც ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის. ასევე რუსეთმა დაარღვია;

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება - რუსეთის სამხედრო ძალებისა და მის მიერ კონტროლირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების ძალების მიერ. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებამ აგრეთვე გამოიწვია ამ მუხლის დარღვევა: მიმოსვლის თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრების უფლება", - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

"ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის"

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ამგვარი ეთნიკური წმენდის შედეგად და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, ათასობით ქართველი გამოძევებულ იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და დღემდე ეზღუდებათ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრებით სარგებლობისა და ოჯახის ცხოვრების დაცულობის უფლებები.

"სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევისათვის, რადგან არ გამოიძია ომის პერიოდში და მის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მკვლელობები. აღნიშნული მკვლელობების გამოძიებაზე აღსრულების ეტაპზე უკვე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს ზედამხედველობას. რუსეთმა არ ითანამშრომლა სასამართლოსთან და ეს არის 38-ე მუხლის დარღვევა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 38-ე მუხლი დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რაც ეხება სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას. საქართველოს სახელმწიფოსგენ განსხვავებით, რუსეთის ფედერაციამ არ ითანამშრომლა ევროპულ სასამართლოსთან და არ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც დაეხმარებოდა სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტების დადგენაში.

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისათვის სამართლიანი დაკმაყოფილებისა და ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად აქვთ ერთი წელიწადი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით