"ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია" - რას აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი? - კვირის პალიტრა

"ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია" - რას აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი?

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ესებუას საპოვნელად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ღიად ვერ ისაუბრებს.

,,ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე, სამწუხაროდ, ღიად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვმუშაობთ და თუ ვინმეს ყველაზე მეტად უნდა, რომ ეს ადამიანი დააკავოს ,ეს ჩვენ გვინდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე საქმის ირგვლივ, შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა 14 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა - შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბადრი ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.

"ინტერპრესნიუსი"