"არსებულ პოლიტიკურ რეალობაში მელაშვილისა და ილიჩოვას გამოშვება პოლიტიკური გადაწყვეტილების გარდა, სხვაგვარად ვერ აღიქმება" - კვირის პალიტრა

"არსებულ პოლიტიკურ რეალობაში მელაშვილისა და ილიჩოვას გამოშვება პოლიტიკური გადაწყვეტილების გარდა, სხვაგვარად ვერ აღიქმება"

"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს - გამოიყენეს, ახლა გადააგდეს"

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000 - 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ექსპერტები აფასებენ:

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თუ დავით გარეჯის საქმეში მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხი არ დამტკიცდება, სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებები წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან და ისინი საზოგადოების ნდობას დაკარგავენ.

"არის მსჯელობა ინტენსიური და სავსებით ბუნებრივი და ამ მსჯელობაში იკვეთება ორი ვარიანტი - თუ მელაშვილი და ილიჩოვა თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და გამოძიებამ საპასუხო ნაბიჯი გადადგა იმით, რომ მათ გირაოთი შეუცვლა პატიმრობა, მაშინ ლოგიკა იკითხება ასეთ ნაბიჯში. იმდენად, რამდენადაც გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს, მისთვის გამოძიება გარკვეულ დათმობებს აკეთებს. პროკურატურამ ახსენა კიდეც, რომ ისინი გავიდნენ სხვა პირებზე, ამდენად ამ საქმის მსვლელობაში კითხვის ნიშნები მოიხსნა და ეს კითხვის ნიშნები სხვა პირებთან არის დაკავშირებული. თუკი პროკურატურის განცხადებებს გავყვებით, ლოგიკა ამ საქციელში არის. მაგრამ თუ თვითონ მელაშვილის განცხადებებს ვირწმუნებთ და ის ამბობს, რომ თანამშრომლობა არ მომხდარა და აგრძელებს ადრინდელ პოზიციაზე ყოფნას, მაშინ ეს ნაბიჯი რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. რადგან თუ ვინმე დგება ამ ნაბიჯით დარტყმის ქვეშ, ეს პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებია. მათ მიერ ომახიანად დაწყებული ეს საქმე თუ დამთავრდება პრაქტიკულად უშედეგოდ, ისევ და ისევ დაიკარგება რწმენა იმაში, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს უნდათ ჭეშმარიტების დადგენა ან შეუძლიათ ჭეშმარიტების დადგენა. ეს დამოკიდებულება სამართალდამცავი უწყებების და სახელმწიფოს მიმართ წამგებიან მდგომარეობაში აყენებს სახელმწიფოს.

ვიცით, რომ ასევე არსებობს ე.წ. ელისაშვილის პოზიცია, რადგან ისინი ითხოვდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მათ რიგში მოიაზრებდნენ ილიჩოვა-მელაშვილს, ამიტომ გადაიდგა ეს ნაბიჯიო. ეს ვერსია თუ მართალი აღმოჩნდება, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილში ის კრიტიკას დაიმსახურებს, რადგან საქართველოს ტერიტორიების პრობლემა არ შეიძლება იყოს ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებების საგანი, მითუმეტეს, როცა ეს პოლიტიკური ჯგუფი დიდი მნიშვნელობის მატარებელი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ამიტომ ჯერჯერობით ორი ვერსიით მიდის ეს საქმე. გააჩნია რა გამოვლინდება საქმის შემდგომ მსვლელობაში, მხოლოდ ამ ერთი ნაბიჯით ორივე ვერსია შეიძლება იგულისხმო, დიდი ნდობა არც პროკურატურის მიმართ არის და არც ილიჩოვა-მელაშვილის განცხადებების მიმართ. ამიტომ ამ ეტაპზე დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია", - განაცხადა საყვარელიძემ და დასძინა, რომ მაინც სასურველია ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

"ჩემი შეხედულებით, მაინც სასურველია, რომ შევიდნენ პარლამენტში იმიტომ, რომ საპარლამენტო ცხოვრებისკენ გადაინაცვლოს პოლიტიკური პროცესების ცენტრმა ზოგადად ამ კონკრეტული შემთხვევის გარეშეც. ეს შემთხვევაც თუ რაიმე როლს შეასრულებს ასეთ გადანაცვლებაში, უნდა შეასრულოს და დროთა განმავლობაში გაირკვევა სიმართლე", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, "სასურველია გამოძიებამ აზერბაიჯანთან იმუშაოს და საგამოძიებო პროცესი მათკენაც გადავიდეს, ისე ძნელი იქნება რაიმეზე მსჯელობა".

"თუკი ზემდგომ პირებზე გადავა დანაშაული და სავარაუდოა, რომ ილიჩოვა- მელაშვილის დონეზე ეს საკითხი არ გადაწყდებოდა, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დონეზე გავა იმიტომ, რომ გვახსოვს სააკაშვილი ლამის კონცერტზე რა უნდა ჩაეცვა ამა თუ იმ მომღერალს, მაგ საქმეში ერეოდა და პრაქტიკულად, გამორიცხულად მიიჩნევს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ ამ ტიპის საქმე მომხდარიყო ისე, რომ გადაწყვეტილება არ მიეღო სახელმწიფოს პირველ პირს, მითუმეტეს, როცა ეს პირი საკმაოდ აქტიური იყო ყველა გადაწვეტილების მიღებაში", - განაცხადა საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს ან იმისთვის, რომ მათ რევერანსი გაუკეთონ, ეს ადამიანები არაფერში სჭირდებათ - გამოიყენეს, ახლა გადააგდეს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

"კარგია, რომ ეს ადამიანები თავისუფლები არიან. ეს მანკიერება არის ყველაზე მძიმე ეპიზოდი ამ ხელისუფლების არსებობის პერიოდში. მათ ხანში შესული ორი ადამიანი, საარჩევნო მიზნით, იმის გამო, რომ საკუთარი საარჩევნო შედეგი ურა პატრიოტულ განწყობებზე რამდენიმე პროცენტით აეწიათ, ფაქტობრივად, ხორცის მანქანაში გაატარეს, რაც შეიძლებოდა ტრაგედიითაც დასრულებულიყო. რატომ? იმიტომ, რომ მათ გააკეთებინეს ადამიანებს ე.წ. ცხვრის არჩევანი, ადამიანების ყველაზე ქვედა გრძნობებზე ითამაშეს და ამით საარჩევნო შედეგი მიიღეს. სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი ჰყავდა ამის "გაპრავებაში" ჩართული. დღეს ეს ადამიანები აღარაფერში სჭირდებათ. შესაბამისად, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანები ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს ან იმისთვის, რომ მათ რევერანსი გაუკეთონ, ეს ადამიანები არაფერში სჭირდებათ - გამოიყენეს, ახლა გადააგდეს. ახლა ცდილობენ რამენაირად დაივიწყონ, ჩაფარცხონ ეს თემა და ამით დაამთავრონ ეს ისტორია", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლებად აღქმული.

"ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან აღქმული, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება. არანაირი კავშირი ამ თემასთან მათ გათავისუფლებას არ აქვს. უბრალოდ ხელისუფლებისთვის ეს ადამიანები წარმოადგენენ ტვირთს, თავისი პოლიტიკური ამოცანა შეასრულებინეს, ახლა კი უნდათ ეს თემა დაივიწყონ. თან ამ ადამაინებს ეუბნებიან, "ენა ჩაიგდეთ, შეირგეთ ეს თავისუფლება, თორემ იძულებული გავხდებით, რომ ისევ უკან შეგაბრუნოთ". სამწუხაროდ, ეს არ არის ამ ხელისუფლების მოგონილი ტექნოლოგია, წინა ხელისუფლების პერიოდშიც იყო მსგავსი საქმეები - "ფოტოგრაფების საქმე" და ა.შ. იგივე ტექნოლოგიაა. მე მიმაჩნია, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, ამას სულ ვამბობდი. მაგრამ არამგონია, მათ ამ გადაწყვეტილებით გაამართლონ პარლამენტში შესვლა, ოპოზიცია ისე შორსაა წასული. ამ საკითხებს შორის კავშირს ვერ ვხედავ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

"არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გამოშვება პოლიტიკური გადაწყვეტილების გარდა, სხვაგვარად ვერ აღიქმება. როგორ შეიძლება აღიქვა სხვაგვარად როდესაც 10 დღის წინ საუბარი იყო ელისაშვილისა და ხელისუფლების შეხვედრაზე", - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა.

მისივე განმარტებით, სიტუაციაში, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე 4-5 დღე დარჩა, "ქართული ოცნების" მოქმედებები და მათ შორის, ილიჩოვა - მელაშვილის გათავისუფლება კონკრეტული პარტიებისთვის პარლამენტში შესვლის მოწოდებისკენ არის მიმართული.

"10 დღის წინ ხელისუფლებასა და ელისაშვილის შეხვედრის შემდეგ იყო საუბარი, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით პროცესი დაიძრა და ამ მხრივ გადაიდგმებოდა გარკვეული ნაბიჯები. ხელისუფლებას ამ ეტაპზე ასეთი ნაბიჯი უნდა გადაედგა, უფრო მეტზე ის ვერ წავიდოდა. თუ სასამართლო გამოიტანდა გამამართლებელ განაჩენს ეს იქნებოდა პირდაპირი აღიარება, რომ ეს ხალხი დააკავეს უკანონოდ და რეალური ბრალდებების გარეშე. პრობლემა ის არის, რომ ყველაფერი ძალიან უდროო დროს მოხდა და კითხვის ნიშნები გააჩინა.

ამ სიტუაციაში, როდესაც 4-5 დღე დარჩა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე, "ქართული ოცნების" მოქმედებები და მათ შორის, ილიჩოვა - მელაშვილის გათავისუფლება კონკრეტული პარტიებისთვის პარლამენტში შესვლის მოწოდებისკენ არის მიმართული. რამდენად გამოიღებს ეს შედეგს ვერ გეტყვით, ეს საკმაოდ სახიფათო თამაშია ალეკო ელისაშვილისთვისაც და "გირჩისთვისაც". პარლამენტში შესვლით გარკვეული პროცესები იწყება და გასათვლელია პერსპექტივაში რა შედეგს მოუტანს ეს როგორც პოლიტიკურ ჯგუფს, ელისაშვილს და ასევე "გირჩს". "გირჩის" პოზიცია უფრო გამოკვეთილია, მაგრამ ელისაშვილმა სამოქმედოდ უფრო დიდი დიაპაზონი დატოვა. თუ დანარჩენ ოპოზიციას უარი უთხრეს თებერვალში, ელისაშვილს აქვს თავისუფალი მოქმედების საშუალება, მას შეუძლია პარლამენტში შესვლა გადაავადოს და რაღაცები კიდევ მოითხოვოს", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით