"არ ვისურვებდი, ჩემმა ქვეყანამ ის მძიმე ტალღა გაიაროს კიდევ, რომელიც ზაფხულის შემდეგ ჰქონდა" - კვირის პალიტრა

"არ ვისურვებდი, ჩემმა ქვეყანამ ის მძიმე ტალღა გაიაროს კიდევ, რომელიც ზაფხულის შემდეგ ჰქონდა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე თბილისის მასშტაბით რესტორნების ერთდღიანი გაფიცვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:

"სოლიდარული ვარ რესტორნების, სამთო კურორტების და ყველას მიმართ, მაგრამ ახლა, რომ ყველაფერი ქვეყანაში ერთბაშად გაიხსნას იგივე ვითარება დადგება, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუჭერ იმას მხარს, რომ ისევ შევიდეთ იმ მასშტაბის ტალღაში, როგორიც გვქონდა"

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ზაფხულში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი მაჩვენებლები შედარებით ნაკლები იყო, ასევე ნაკლები იყო სიკვდილიანობა, თუმცა ზაფხულის შემდეგ ქვეყანამ ძალიან მძიმე მეორე ტალღა გაიარა.

"არ ვისურვებდი, რომ ჩემმა ქვეყანამ ამ მასშტაბის მესამე ტალღა გაიაროს კიდევ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან სიტუაცია სტაბილურია და მცირდება ყველა მაჩვენებელი...მე მესმის რესტორნების, სოლიდარული ვარ რესტორნების, სამთო კურორტების და ყველას მიმართ, მაგრამ ახლა, რომ ყველაფერი ქვეყანაში ერთბაშად გაიხსნას იგივე ვითარება დადგება, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში. ამას არ ვისურვებდი და ვერავითარ შემთხვევაში დავუჭერ იმას მხარს, რომ ისევ შევიდეთ იმ მასშტაბის ტალღაში, როგორიც გვქონდა. ვირუსი არსად გამქრალა, აგერ, გვერდზე არის, ყველგან ტრიალებს. ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავაკვირდეთ ორკვირეულ მონაცემებს და გარკვეული რიგითობით უნდა გაიხსნას".- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

30 იანვარს, თბილისში 100-ზე მეტი რესტორანი 24 საათით მუშაობას და გატანის სერვისს შეწყვეტს,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა. მისივე თქმით, 30 იანვარს სექტორის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან მშვიდობიან საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. როგორც შოთა ბურჯანაძე განმარტავს, აღნიშნული ნაბიჯი მთავრობის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც რესტორნები არ იხსნება.

ზამთრის კურორტების გახსნის საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

გამყრელიძის თქმით, გუშინ და გუშინწინ ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა და უკვე შემდეგი შეხვედრის დროს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

"ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფი ჩამოყალიბდა. მათ აქვთ ხედვა, შესაბამისი პირობების დაცვით, როგორ შეიძლება კურორტების გახსნა. ძირითადად საუბარია აქ საბაგირო გზებზე, რადგან კერძო სახლებსა და აპარტამენტებში, ადამიანები ისედაც ისვენებენ. აქ საუბარია აღდგენაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვთხოვეს, ჩვენგანაც იყვნენ წარმომადგენლები გუშინ, გუშინწინ და ამ საკითხებზე მუშაობენ. მოგეხსენებათ, რომ დღეს მხოლოდ შვეიცარიაშია გახსნილი ზამთრის კურორტები, მაგრამ მთლიანად არც იქ არაა გახსნილი, შესაბამისი კონტროლითაა. ამიტომ ამ ყველაფერს სწავლობენ და შემდეგი შეხვედრის დროს გადაწყვეტილება მიღებული იქნება", - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციის საკითხს, გამყრელიძე პასუხობს, რომ "კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა რთული". მისივე განმარტებით, ვაქცინების მოსაპოვებლად სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებლებთან ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი მუშაობა მიმდინარეობს.

"ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ მუშაობა დაიწყო აგვისტოში, წელს გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა "კოვაქსიდან", რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. მაგრამ, ჩვენი გეგმით, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა, რომლის მოსაპოვებლადაც ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებლებთან. ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან არის შეპირება, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი ვიდრე სჭირდებათ, როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გადმოუნაწილებენ. სამწუხაროდ, დღეს ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად და არის ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელში", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კლინიკების ასოციაცია საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმართავს. როგორც საქართველოს კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, პანდემიის მესამე ტალღის თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციის დროული დაწყებით, მხოლოდ "კოვაქს" პლატფორმაზე დაყრდნობა კი არასაკმარისია.

"ინტერპრესნიუსი"