კურიერებისა და რესტორატორთა გაფიცვა - ხვალიდან თბილისში 125 რესტორანი შეწყვეტს 24 საათით მუშაობას და გატანის სერვისს - კვირის პალიტრა

კურიერებისა და რესტორატორთა გაფიცვა - ხვალიდან თბილისში 125 რესტორანი შეწყვეტს 24 საათით მუშაობას და გატანის სერვისს

30 იანვარს, თბილისში 125 რესტორანი 24 საათით მუშაობას და გატანის სერვისს შეწყვეტს,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა. მისივე თქმით, 30 იანვარს სექტორის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან მშვიდობიან საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

როგორც შოთა ბურჯანაძე განმარტავს, აღნიშნული ნაბიჯი მთავრობის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც რესტორნები არ იხსნება.

"იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც მთავრობამ და ეპიდემიოლოგებმა მიიღეს, რომ ისევ დამუხრუჭდეს სფერო, ეს ნიშნავს, რომ რეალურად სფერო ნადგურდება. ხვალ 15:00 საათზე იმართება აქცია, რომელსაც შეუერთდება სტუმარ-მასპინძლობის სფერო და ასევე გადავწყვიტეთ, შაბათს მთლიანად გავაჩეროთ სარესტორნო მომსახურება. ამით გვინდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, როგორი შეიძლება იყოს რესტორნების გარეშე რეალობა. გვინდა ეპიდემიოლოგებს გავაგებინოთ, რომ ბიზნესი უბრალოდ ვერ გადარჩება",-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის თანახმად, აჭარაში 1-ელი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება, ხოლო სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.

პარალელურად, კომპანია "გლოვოს" კურიერები გაიფიცნენ და სპორტის სასახლესთან აქცია გამართეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "გლოვოს" ერთ-ერთმა კურიერმა განუცხადა, მათი მოთხოვნაა დაუბრუნდეთ ის ანაზღაურება, რაც აქამდე ჰქონდათ. მისი თქმით, არ აქვთ პასუხი, თუ რის გამო შეუმცირდათ ხელფასები. აქციის მონაწილის განმარტებით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შეკვეთას არ გაიტანენ.

ამასთან, აქციაზე მყოფი "გლოვოს" თანამშრომლების განმარტებით, ამ წუთებში, მომხმარებელი შეკვეთას ვეღარ აკეთებს, რადგან აქციის პარალელურად "გლოვოს" აპლიკაციაც გაითიშა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.

"შეგვიმცირდა ტარიფების ის რაოდენობა, რასაც კილომეტრაჟზე პანდემიამდე გვიხდიდნენ. რეალურად, კომპანიას მუშაობა მოემატა, შეკვეთები არის, მაგრამ ჩვენ ხელფასები მოგვაკლდა. ეს არარეალურია. ყველა ობიექტიდან "გლოვოს" წილს უხდიან, ჩვენ ამაში ვეხმარებით, მაგრამ ტარიფები შეგვიმცირდა. ხელმძღვანელობა დადებითს ჯერ ვერაფერს გვეუბნება. გვესმის, რომ კრიზისია და კომპანიასაც შესაძლოა კრიზისი აქვს, მაგრამ ქვეყანაში მხოლოდ მიტანის სერვისი მუშაობს, იღებს საკმაოდ დიდ თანხას და გასამრჯელოს ნაკლებს გვიხდის", - განაცხადა "გლოვოს" ერთ-ერთმა კურიერმა.

"ინტერპრესნიუსი"