"ისე­თი გა­რე­მოა, რო­მან­ტი­კულ გან­წყო­ბას გიქ­მნის" - ტყეში გადასახლებული ჟურნალისტების ცხოვრება ზღაპრულ ქოხში - კვირის პალიტრა

"ისე­თი გა­რე­მოა, რო­მან­ტი­კულ გან­წყო­ბას გიქ­მნის" - ტყეში გადასახლებული ჟურნალისტების ცხოვრება ზღაპრულ ქოხში

პანდემიის პერიოდში შექმნილ კრიზისს ადამიანების ნაწილმა როგორც შესაძლებლობას, ისე შეხედა და ისეთი საქმეების გაკეთებაც კი შეძლეს, მანამდე შეუძლებლად რომ მიაჩნდათ.

"ქართული ბრენდისა" და საზოგადეობასთან ურთიერთობის სააგანტო "პროფილის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი მანანა გეგიძე და მისი მეუღლე, ცნობილი რობაისტი, მწერალი და ჟურნალისტი ელგუჯა მარღია, არც მეტი არც ნაკლები, ტყეში დასახლდნენ. პატარა ქოხი ააშენეს და დაამტკიცეს, რომ თანამედროვე, საზოგადოებრივად აქტიურ ადამინს, სამსახურებრივი საქმეების დისტანციურად, ტყიდანაც უპრობლემოდ მართვა შეუძლია და ამაში შეუძლებელი არაფერია.

"რეალობა ისაა, რომ ჩვენი ქოხი ტყეშია და აქედან ვახორციელებთ ყველა საქმეს, რასაც აქამდე თბილისში ვაკეთებდით. მუდმივად გვაქვს ონლაინ ჩართვები, შეხვედრები, მოლაპარაკებები. ამდენად, ქოხიდან ვუძღვებით ყველაფერს" - გვეუბნება მანანა გეგიძე.

მათი ხის ქოხი და მიმდებარე ტერიტორია ნამდვილ ზღაპარს ჰგავს და ის საოცარი გარემო საკუთარი ხელით შექმნეს. ამბობენ, რომ მათი ხის ქოხი პოეტის ქოხია, რობაიების ქოხი.

ეს ყველაფერი კი როგორც შევიტყვეთ, საგურამოდან 14 კომეტრშია, მთაში, ზღვის დონიდან 1100 მ-ზე, ადგილს კი ბურიანი ჰქვია. თბილისიდან სულ 45 კილომეტრის სავალზეა.

"გადმოუხვევთ ბურიანისკენ და მდინარე შეგხვდებათ, მერე კი უკვე უღრან ტყეში შემოდიხართ, საიდანაც 2 კილომეტრია ჩვენამდე. ჩეულებრივი ტყის გზაა, სადაც სააგარაკო დასახლება არც ისე მჭიდროდაა გაშლილი. ისეთი გარემოა, რომ თავისთავად რომანტიკულ განწყობას გიქმნის," - გვიყვება ქალბატონი მანანა.

- როდის და როგორ აღმოჩნდით მანდ?

- 2011 წელს ასეთ ადგილს ვეძებდი და სწორედ აქაურობამ თავისი საოცარი და ხელშეუხებელი ბუნებით მომხიბლა. ბურიანი ნამდვილი აღმოჩენა იყო. თბილისის შემოგარენში ასე თუ ისე ვიცნობდი ადგილებს, მაგრამ აქაურობის შესახებ არაფერი ვიცოდი, გაოცებული დავრჩი. თან, პირველად რომ მოვხვდი, შემოდგომა იყო და ტყე სხვადასხვაფრად იყო აფერადებული, სრული სიმშვიდე, სიჩუმე, ჩიტების ჭიკჭიკი სუფევდა.

მოკლედ, აქ ერთ-ერთი ადგილი იყიდებოდა და შევიძინეთ, სადაც მე და ელგუჯამ საკუთარი ხელით წლების განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ. მერე აქ შეკრებებს ვაწყობდით, ტრადიციად მქონდა დამკვიდრებული, შემოდგომით მეგობრებს ვეპატიჟებოდი და სხვადასხვა ფერის ტიტების ბოლქვებს ვრგავდით. სტუმრებს ტილოებს, საღებავებს, ფუნჯებს ვახვედრებდი და ვისაც რა უნდოდა, ხატავდა... ამის მერე თანდათან ჩვენი მეგობრებიდან აქ ბევრს მოუნდა დასახლება და იყიდეს კიდეც სააგარაკედ ადგილები...

- აქეთ თბილისიდან საცხოვრებლად წამოსვლა უკვე პანდემიის პერიოდში გადაწყვიტეთ და ქოხის აშენებაც ამ პერიოდს უკავშირდება, ხომ?

- კი, ასეა. ეს ჩვენი ხის ქოხი კიდევ განსხვავებულ ადგილას არის, ჩვენს სახლთან ახლოს, ოღონდ, ოდნავ ქვემოთ, ტყეში ჩავდივართ...

- ქოხის აშენების იდეა საიდან მოვიდა?

- ჩემი მეუღე პოეტია, მწერალია, მისი საყვარელი მწერალი კი ამერიკელი ჰენრი დევიდ თოროა, ადამიანი, რომელიც საცხოვრებლად ტყეში გადავიდა, სადაც ქოხი ააშენა. ჰენრის ელგუჯა მის სულიერ მოძღვარსაც უწოდებს... ეტყობა, ამ ყველაფერმა მასზე გავლენა მოახდინა და ტყეში აშენებულ ქოხში ცხოვრების სურვილი გაუჩნდა...

პანდემიისას აქ რომ ამოვედით, ცხადია, ქოხი ჯერ არ იყო აშენებული და ტყეში აქტიური სიარული დაიწყო, საკუთარი თავის გამოცდას ასე ცდილობდა. შეძლებდა თუ არა საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრების შემდეგ ტყეში დასახლებული, სირთულეების დაძლევას.

პირველი ტალღის დროს წიგნი - "პანდემია, ანუ მთაში ცხოვრება" დაწერა, რომელიც გამოსაცემად მზად არის. წიგნში მსოფლიო ამბები ტყის ამბების ფონზეა ასახული. მეც ვარ მისი წიგნის პერსონაჟი, დიალოგები აქვს ჩემთან.

იმ პერიოდში ფრანგული ბოსტანიც გავაკეთეთ, ჩითილები დავრგეთ, ყველაფერი ინტერნეტით ვისწავლეთ, აზრს სხვებსაც ვეკითხებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, სეტყვამ გაგვიფუჭა და გული ძალიან დაგვწყდა.

- ქოხის აშენებამდეც ბევრი რამ მოგისწრიათ...მოკლედ, ასე ეგუებოდით გარემოს და თავსაც ცდიდით...

- ბუნებასთან სიახლოვე ჩვენთვის კიდევ ცალკე თემაა. ფაქტობრივად, აქ გვაძლებინებდა და გვაძლებინებს საოცარი ბუნება - დილა რომ გათენდება, მზე რომ ამოვა, შეგრძნება გვაქვს, რომ ბუნების ნაწილი ვართ, ძალას გვმატებს აქაურობა, ტყის ენერგია გვამხნევებს...აქ ვისწავლე, როგორ დავამზადო ტყის კენკრისგან ჩაი, პანტის არაყიც კი გამოვხადეთ, პანდემიის პერიოდში იმუნიტეტიც გავაძლიერეთ. უგემრიელესია ასკილის კვირტებისგან დამზადებული ჩაი ჩ ვიტამინითაა მდიდარი... მოკლედ, ბევრი რამ შევძელით...

ამის პარალელურად, გაიხედავ და შეიძლება, მელაკუდამაც თავისი ფუმფულა კუდით ახლოში ჩაისეირნოს, ისმის არც ისე სასიამოვნოდ მგლის ყმუილიც, ფრინველების საოცარი ჭიკჭიკი, ჟღურტული, გალობა. გააგრძლეთ კითხვა

ambebi.ge