"ყვე­ლას თვა­ლებ­ში ვცდი­ლობ­დი წა­მე­კი­თხა - ცო­ცხა­ლია შენი შვი­ლი. მჯე­რო­და, რომ მე მოვ­კა­ლი ჩემი უყუ­რა­დღე­ბო­ბით ჩემი შვი­ლი" - კვირის პალიტრა

"ყვე­ლას თვა­ლებ­ში ვცდი­ლობ­დი წა­მე­კი­თხა - ცო­ცხა­ლია შენი შვი­ლი. მჯე­რო­და, რომ მე მოვ­კა­ლი ჩემი უყუ­რა­დღე­ბო­ბით ჩემი შვი­ლი"

ტელეწამყვანი თათია შარანგია გადაცემა "სთორის" ახალ სეზონზე. რესპონდენტის ამპლუაში ვახო სანაიას შეკითხვებს უპასუხა და გაიხსენა რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინციდენტი, როდესაც მისი მცირეწლოვანი ვაჟი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

შარანგიას თქმით, შემთხვევა 18 აგვისტოს მოხდა, მისი მეუღლის სანდრო შელიას დაბადების დღეზე, რომელიც წყვილმა და მათმა შვილებმა აუზზე აღნიშნეს. სწორედ მაშინ, 3 წლის ანდრუშა წყალში ჩავარდა და ბავშვი აუზიდან ფაქტობრივად მომაკვდავი ამოიყვანეს... თუმცა, შარანგიას შვილი სიკვდილს ახალგაზრდა მამაკაცმა გადაარჩინა.

"18 აგვისტოს ღამით, დგებოდა სანდროს დაბადების დღე და უცებ ანდრუშამ თქვა: ეს ჩემი დაბადების დღეა და უნდა ჩავაქრო სანთელი... არ მივაქციე მაშინ ყურადღება ამ სიტყვებს. მართლაც, მან ჩააქრო სანთელი და თქვა, რომ მამამ აჩუქა ეს დაბადების დღე... დღეს თამამად ვამბობ, რომ მართლა ეს არის მისი დაბადების დღე და მოვყვები, რატომაც... როდესაც გათენდა 18 აგვისტო, გადავწყვიტეთ ოჯახურად აღგვენიშნა, სამივე ბავშვი, მე და სანდრო წავედით აუზზე. ბავშვები წყალში თამაშობდნენ, ანდრუშას ეკეთა საცურაო ჟილეტი და მშვიდად ვგრძნობდი თავს, ვერანაირად საფრთხეს ვერ ვხედავდი. მართლა ვერ ვიხსენებ, ის 1 წუთი სად ვიხედებოდი, არც ტელეფონი მეჭირა ხელში, არც ყავას ვსვამდი... უცებ არანორმალური ხმა მესმის ჩემი შვილის, სანის: დე, ანდრუშა! და როცა გამოვიხედე, ერთადერთი, რაც შემიძლია გავიხსენო - ჩემი ხუჭუჭა შვილი წყლის ზედაპირზე ტივტივებდა... ეს არის, რაც მახსოვს...

ამოვიყვანე უსიცოცხლო, ლურჯი იყო, სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა... ხალხს ვთხოვდი - მიშველეთ, დამეხმარეთ! მოდიოდნენ და ამ სილურჯეს რომ ხედავდნენ, ყველა მაღლა სწევდა ხელს... ყველას თვალებში ვცდილობდი წამეკითხა - ცოცხალია შენი შვილი. ვიძახდი, ვყვიროდი: სანდროს დაუძახეთ! მან იცის პირველადი დახმარება! 30 წამი მჯეროდა, რომ მე მოვკალი ჩემი უყურადღებობით ჩემი შვილი, და მე ჩემი შვილი მოვკალი მისი მამის დაბადების დღეს...

...მერე მახსოვს, რომ მორბის ბიჭი თეთრი პერანგით, მოვარდა დაკიდა ფეხებით და სიცოცლის ნიშნები გამოუჩნდა ბავშვს. ლუკა მურვანიძის მადლობელი ვიქნები მთელი დარჩენილი ცხოვრება, რომელმაც გადაარჩინა ჩემი შვილი და მართლა ამ დღეს დაიბადა ჩემი შვილი ხელახლა! ჩემს თვალწინ, ლურჯ კიდურებს დაუბრუნდა ფერი, სახეს ნელ-ნელა დაუბრუნდა ფერი...

ნახევარი წუთი წყვეტს ყველაფერს... ყველას გთხოვთ, გაატარეთ მათთან დრო, ერთი წამით არ დატოვოთ, მით უმეტეს როცა პატარა ბავშვია... მივხვდი, რომ ძალიან ვყვარებივარ ღმერთს და არაფერი მაქვს საწუწუნო, თუმცა მე ეს საშინელება გავიარე..." - ტირილით გაიხსენა უმძიმესი ისტორია თათია შარანგიამ.