ზუგდიდში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა - მაშველებმა ნანგრევებიდან 10 წლის ბავშვი გამოიყვანეს - კვირის პალიტრა

ზუგდიდში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა - მაშველებმა ნანგრევებიდან 10 წლის ბავშვი გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდში 10 წლის ბავშვი ნანაგრევებიდან გამოიყვანეს.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.