პოლიციელმა მოქალაქის შესახებ პერსონალური ინფორმაცია პარტიის წარმომადგენელს გადასცა - რა განცხადებას ავრცელებს შსს ზუგდიდში მომხდარზე? - კვირის პალიტრა

პოლიციელმა მოქალაქის შესახებ პერსონალური ინფორმაცია პარტიის წარმომადგენელს გადასცა - რა განცხადებას ავრცელებს შსს ზუგდიდში მომხდარზე?

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დასკვნის საფუძველზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ორი უბნის ინსპექტორი და ფოთის საქალაქო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი სამსახურიდან დაითხოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, მოქალაქის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოძიების მიზნით, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა "დიჯიპასის" მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა და კონკრეტული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მოიძია.

"პოლიციის თანამშრომელმა მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, აღნიშნული პირები დათხოვნილი არიან სამსახურიდან", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"