"Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა" - კვირის პალიტრა

"Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა"

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს მადლობას უხდის.

"მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.

#ვაქცინამუშაობს!" - აცხადებს გიორგი გახარია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი ზუსტი რაოდენობა "ფაიზერის" ვაქცინის, რომელსაც საქართველო თებერვლის ბოლომდე მიღებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც "კოვაქსიდან" "ფაიზერის" ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება.

"დადასტურდა, რომ საქართველო თებერვლის განმავლობაში მიიღებს "ფაიზერის" ვაქცინას. დოზების რაოდენობა დაზუსტებით გვეცოდინება ხვალ ან ზეგ, წერილი იქნება. ეს იყო მხოლოდ შეტყობინება, რომ საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც "კოვაქსიდან" "ფაიზერის" ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება.

როგორც არის ჩვენი გეგმაა, აიცრება სამედიცინო პერსონალი. დაახლოებითი რაოდენობა დოზების, რაც მე მაქვს ინფორმაცია, იქნება 30 ათასამდე",-აცხადებს გამყრელიძე.