"ჩვენ გვინდა პარლამენტში 113 კაცი მაინც იყოს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვინდა პარლამენტში 113 კაცი მაინც იყოს"

"იცით, როგორი სიტუაციაა? იმათ თავებს ითხოვენ, ვინც პარლამენტში შევა. ეს სიგიჟეა. ქვეყნის ერთ ნაწილს მეორე მტრად ჰყავს გამოცხადებული"

"ყველა ნორმალური, რაციონალური ადამიანისთვის გასაგებია, რომ ოპოზიცია არ არის ისეთი პირნათელი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა", - ამბობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია და ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგების "გირჩისეულ" ვერსიაზე გვესაუბრება.

- ჩვენთვის "მოქალაქეების" პარლამენტში შესვლა პოზიტიური ფაქტია. ჩვენ გვინდა პარლამენტში 113 კაცი მაინც იყოს. იმედია, ელისაშვილი და იოსელიანი დაელაპარაკებიან და დაარწმუნებენ საპარლამენტო უმრავლესობას, რომ რაღაც გაუგებრობის გამო არ დააკმაყოფილონ ოპოზიციის განცხადებები მანდატების გაუქმების შესახებ. ამით ჩვენ მოგვეცემა საშუალება მეტი ველაპარაკოთ ჩვენს კოლეგებს და დავარწმუნოთ, რომ არ დატოვონ მანდატები.

- გაუგებრობაში რას გულისხმობთ? - იმას, რომ ჩემს 36 კოლეგაში "მიშა სუფევს". მე "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შეყვანა და ამით მათი გაძლიერება მსურს, მიხეილ სააკაშვილს კი სურს "ნაციონალები" ქუჩაში დარჩნენ და იმ ზღვრამდე მივიდნენ, რომ დასაკარგი აღარაფერი ჰქონდეთ.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? - დარწმუნებული ვარ ხალხი იძულების მსხვერპლია. არა მგონია, "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრს, მათ შორის მანდატიანებს, ერთი აზრი ჰქონდეთ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე.

- როგორც ცნობილია, მამუკა მდინარაძეს თქვენც შეხვდით. რა შემოგთავაზათ მან, რაზე შეთანხმდით ან რაზე ვერ შეთანხმდით? - ჩვენ ოთხი საათის განმავლობაში პრაქტიკულად ყველაფერზე ვისაუბრეთ, რაც ქვეყნის პოლიტიკაში ხდება. მე გავიგე აზრი იმის შესახებ, თუ რატომ არ თვლის ბატონი მდინარაძე ამ პროცესში "ქართული ოცნების" დამნაშავეობის შესახებ ჩემს კრიტიკას საფუძვლიანად. მე მოვისმინე, რა არგუმენტები აქვთ ამის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ჩვენ საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. მინდა ჩემი პასუხი, ჩემი კონტრარგუმენტი ამაზე საზოგადოებისთვისაც გასაგები იყოს. წამით გვერდით გადავდოთ ემოციები და ამ საქმეში რაციონალურად გავარჩიოთ მტყუან-მართალი.

- როგორია მათი არგუმენტი თქვენს კრიტიკაზე? - პირველ რიგში კატეგორიულად წინააღმდეგია ნარატივის, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციისგან ფასილიტატორი ელჩების წინაშე ამ ბრალდების არგუმენტებით დამტკიცებას მოითხოვენ. არ უარყოფენ ხარვეზების არსებობას და შესაბამისად, კომპრომისებისთვისაც მზად არიან, თუმცა ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", კონკრეტულად კი სააკაშვილს, არ სურს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა და მმართველ გუნდთან ცივილიზებული ურთიერთობა. ძალიან უკვირთ, რომ სააკაშვილმა ოპოზიციის აყოლიება შეძლო.

- თქვენ თუ შეცვალეთ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება?

- ჩვენი პოზიცია ისევ უცვლელია, ახლა ჩვენი ამოცანაა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალების" შერიგება. იცით, როგორი სიტუაციაა? იმათ თავებს ითხოვენ, ვინც პარლამენტში შევა. ეს სიგიჟეა. ქვეყნის ერთ ნაწილს მეორე მტრად ჰყავს გამოცხადებული...

ხათუნა ბახტურიძე