"ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, სად შევა ან გამოვა ელისაშვილი" - კვირის პალიტრა

"ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, სად შევა ან გამოვა ელისაშვილი"

"რევოლუცია სპონტანური აქტია. მე ვიცი საფრანგეთის დიდი რევოლუცია, თქვენ რომელ რევოლუციაზე საუბრობთ?.."

"ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ჩართვა ერთფრაქციულ პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შესძენს", - ამ განცხადებით გამოეხმაურნენ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები "მოქალაქეების" გადაწყვეტილებას უარი არ თქვან სადეპუტატო უფლებამოსილებაზე. თავად რას ფიქრობენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელებასა და ბოლოდროინდელ პროცესებზე, ამის შესახებ სერგო ჩიხლაძე გვესაუბრება:

- "სტრატეგია აღმაშენებელი" მზად არის განაახლოს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, მაგრამ ვადამდელი არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლას არც კი განიხილავს. საკითხები, რომლებზეც დღეს ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ლაპარაკობენ, მეოთხე რაუნდზე ისედაც იყო განხილული და ეს არანაირად არ არის მათი დამსახურება. ასე რომ, ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, სად შევა ან გამოვა ელისაშვილი. რა მნიშვნელობა აქვს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ჭორაობასა და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებას პარლამენტში გააგრძელებს თუ გარეთ?! ჩვენი დღის წესრიგი იგივე რჩება. სიები უკვე ჩავხსენით, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საჯარო განცხადებით, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იმავე პოზიციაზე ვრჩებით.

- შესაძლოა მემორანდუმში არსებული საკითხების დაყენება "მოქალაქეების" დამსახურება არ არის, თუმცა მხოლოდ მათ აიძულეს ხელისუფლება ამ საკითხებზე დაეწყოთ საუბარი. - ჯერ ერთი, კარგია, თუ ყველაფერი საუბრის დონეზე არ დარჩება. გარდა ამისა, "ოცნებისა" და "მოქალაქეების" მემორანდუმში არ არის პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემა. რაც არის, ისიც ცუდი ვარიანტია იმისა, რასაც ჩვენ ვითხოვდით.

- რას გულისხმობთ? - მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი ბევრად ცუდია, ვიდრე მეოთხე რაუნდზე განვიხილავდით. არის რიგი საკითხებიც, მაგალითად, ელექტრონული აპარატის საშუალებით ხმის მიცემა, ბიულეტენების დათვლის წესი და ა.შ. ამ პუნქტების შესრულება "ოცნებას" უჩვენოდაც მშვენივრად შეუძლია. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. 2 კაცის შესვლით საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ შედგება.

- რაში ხედავთ გამოსავალს? - ვადამდელ არჩევნებში, თუნდაც პლებისციტში, სხვა შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისი ვერ გადაწყდება. ამას დაემატება ეკონომიკური და სოციალური კრიზისი და პოლიტიკური ტემპერატურაც უფრო აიწევს.

- რევოლუციური სცენარიც მზად არის? - მე ასე არ ვიტყოდი. რევოლუცია სპონტანური აქტია. მე ვიცი საფრანგეთის დიდი რევოლუცია, თქვენ რომელ რევოლუციაზე საუბრობთ? ხელისუფლების მავნებლური პროპაგანდა ნებისმიერ საპროტესტო აქციას რევოლუციის მოხდენის ცდად ნათლავს. გასულ კვირას ზედიზედ ორჯერ გაიმართა საპროტესტო აქცია კანცელარიასთან. ეს რევოლუციური სცენარი იყო?!

- ექსპერტთა ნაწილის აზრით, ასეთი აქციებით ხელისუფლებას დისკომფორტს ვერ შეუქმნით და ვერც რაიმეს დათმობას აიძულებთ. - მე ასე არ ვფიქრობ. შეგახსენებთ, რომ შარშან ხელისუფლება საერთოდ არაფერს თმობდა, მაგრამ პატარ-პატარა საპროტესტო აქციებით ვაიძულეთ არჩევნების ნახევრად პროპორციული წესით ჩატარება. ახლაც იმავეს ვვარაუდობთ. პერმანენტული აქციები თავის საქმეს გააკეთებს.

ხათუნა ბახტურიძე