"მივედი მის ყოფილ ქმართან და ვუთხარი, შენი ყოფილი ცოლი ცოლად მომყავს-მეთქი. ჯერ ნინომაც არ იცოდა, რომ ცოლად მომყავდა..." - კვირის პალიტრა

"მივედი მის ყოფილ ქმართან და ვუთხარი, შენი ყოფილი ცოლი ცოლად მომყავს-მეთქი. ჯერ ნინომაც არ იცოდა, რომ ცოლად მომყავდა..."

"ერთი მძახალი მყავდა თემურ ალასანია, მეორე - ვალერი კოჩაროვი. ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს"

ჩვენი ინტერვიუ ყველასათვის ცნობილ და საყვარელ კომპოზიტორ დათო ევგენიძესთან ნინოობას დაემთხვა და, ფაქტობრივად, მასთან ერთად შევიძინეთ საჩუქარი მისი მეუღლისთვის, მერე კი მასთან ერთად გადავეცით.

- ნინოობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. წმინდა ნინოს ჯვრით მოინათლა საქართველო. მიმაჩნია, რომ ეს გზა მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობისკენ საქართველოსთვის ზემოთ იყო დაწერილი, ზეცაში და ეს ყველა ქართველს რომ გვახსოვდეს, უკეთესი იქნებოდა ჩვენი აწმყოც, წარსულიც.

უნიჭიერესია ქართველი ერი. ცოტანი კი ვართ, მაგრამ ბევრი ინდივიდია ჩვენ შორის. სწორედ ეს ინდივიდუალობა არ ასვენებს ადამიანის ამბიციებს. ყველა ქართველი მეფეა! ყველას პირველობა უნდა!.. წლების წინ "გარდიანის" ჟურნალისტი იყო ჩამოსული ინტერვიუსთვის. მან მიამბო, ჩემი მეგობარი დადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჯდება ტაქსიში, დადის ქუჩებში, აკვირდება და ავტომანქანების მოძრაობის მიხედვით ხვდება მასპინძელი ქვეყნების ფსიქოლოგიასო. უთქვამს, თითქმის მსოფლიო მაქვს შემოვლილი, ალჟირში, მაგალითად, არანაირ წესს იცავენ და კანონი ფეხებზე ჰკიდიათ, საქართველოს გზებზე კი ყველა ქართველ მძღოლს მიაჩნია, რომ თვითონ არის მთავარი და დანარჩენები ხელს უშლიანო... მაგრამ ერთი კარგი თვისება აქვთ ქართველებს - სულ ერთმანეთის ჭამაში არიან, მაგრამ დიდი განსაცდელის პირისპირ ერი ერთიანდება. ასეთ ფაქტს ბევრს იპოვით ჩვენს ისტორიაში, თუმცა მგონია, მარტო განსაცდელი არ უნდა იყოს ამის მიზეზი, ისედაც უნდა ჰქონდეს თავდაცვის უნარი ერს, რომელსაც ამდენი მტერი ჰყავს. ისტორიას რომ თვალი გააყოლოთ, განსაცდელი სულ თან გვდევს, მაგრამ გვავიწყდება. ამიტომ პირველი, რაც გვჭირდება, ერთობაა.

- დღეს ბევრი პარტიაა პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა, მათი ერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას... - რაც უნდა ხდებოდეს, თითოეული პოლიტიკური მოძრაობის მიზანი საქართველოს კეთილდღეობა უნდა იყოს და არა - მათი პირადი გამარჯვება.

- შეიძლება ითქვას, ახლა გვყავს პოზიცია, ოპოზიცია და ოპოზიციის ოპოზიცია... - სამწუხაროდ, ყველას თავი ესკორტი ჰგონია... არადა, ყველა ერთ დიდ მანქანაში რომ გადავსხდეთ, რომელსაც საქართველო ერქმევა, ეს იქნება ბედნიერება.

- ნინოობას დავუბრუნდეთ... თქვენ თქვენი ნინო გყავთ ოჯახში, თქვენი მეორე ნახევარი... - დღევანდელი დღე ეძღვნება ჩემს ნინოს და ყველა ნინოს. ასეთი ლექსიც მაქვს დაწერილი:

,,არ მაპატიეს, მე რომ ხანდახან

ღამეს ვუთევდი პიანინოებს.

მე კი მეგონა, რომ ყოველ დილით

ცა მიგზავნიდა წმინდა ნინოებს".

მთელი ცხოვრება ვამჩნევდი, რომ ძალიან ლამაზი გოგონა დადის ქუჩებში. ალბათ, ყველა ჯანმრთელი მამაკაცის თვისებაა, როდესაც ლამაზ გოგოს დაინახავს, ფიქრობს, რატომ არ არის ჩემიო. ბოლოს გახდა ჩემი. უკვე 16 წელია, ერთად ვართ.

- როგორ შემოიჭრა ნინო თქვენს ცხოვრებაში? - 16 წლის წინ მოსკოვიდან ჩამოვედი, ვმუშაობდი ბონდარჩუკის ფილმზე "მეცხრე როტა". ამ დროს კიდევ ერთხელ გართულდა რუსულ-ქართული ურთიერთობები და რუსული საკონსულო არ მუშაობდა. მე ერთი კვირით ვიყავი ჩამოსული ვიზის გასაგრძელებლად, მაგრამ ექვსი თვე მომიწია აქ ყოფნამ. სწორედ ამ პერიოდში "აჭარა ჰოლში" შევდიოდი და შემხვდა ნინო, რომელიც დაახლოებით 10 წლის უნახავი მყავდა. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. გადავკოცნეთ ერთმანეთი და მაშინვე ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. გაეცინა, დაიბნა, ამ დღიდან ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა.

- ვინ იყო ამ ამბით გაოცებული? - მთელი თბილისი. ცოლად მოვიყვანე თავისი შვილის დაბადების დღეზე. ვაცილებდი და სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე. ჩემი შვილის დაბადების დღეზეო... მისი პირველი ქმარი ჩემი ძველი მეგობარია, დიდი ხნის გაცილებული არიან. მისი ყოფილი ქმრის დედაც ჩემი ახლობელია... შევყევი დაბადების დღეზე, თან ხელი მქონდა გადახვეული. სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა დაიბნა, ერთად რომ დაგვინახეს. მე მივედი მის ყოფილ ქმართან, მოვიკითხე და ვუთხარი, პირველს შენ უნდა გითხრა, შენი ყოფილი ცოლი ცოლად მომყავს-მეთქი. ჯერ ნინომაც არ იცოდა, რომ ცოლად მომყავდა... დაბადების დღიდან რომ წამოვედით, ნინოს დედა სახლამდე მივაცილეთ და ვუთხარი, მაპატიეთ, სახლში ვერ გაგატანთ, ნინო ჩემთან მიმყავს-მეთქი. დაიბნა... დავტოვეთ და ჩემთან წამოვედით. ჩემთანაც არავინ იცოდა ეს ამბავი. რომ შევედით, ვუთხარი, გაიცანით, ნინო ჩემი ცოლია-მეთქი.

- რთული ხასიათი მაქვსო, ბრძანეთ... - დიახ, დათო ევგენიძის ცოლობა იოლი არ არის. რთული ხასიათი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ყოფაა რთული. ისეთი სირთულეები არ გვაქვს, როგორიც სხვა ცოლ-ქმრებს - სუფრები გამიშალე და ა.შ. ყოფითი პრობლემები არ გვაწუხებს, მაგრამ შემიძლია დილის 5-ზე გავაღვიძო და ვუთხრა: ნინო, ნახე, რა დავწერე!..

- ამას რა ჰქვია, შემოქმედებითი თანადგომა? - ჩემთან ერთად უნდა იფრინოს. 16 წელია, მიწაზე ფეხი არ დაუდგამს. ერთად დავფრინავთ, შემოქმედებითად.

- შვილებზეც მიამბეთ - თქვენ და ნინოს გყავთ არაჩვეულებრივი ნიკოლოზი... - მე ყოველთვის ვამბობ, რომ ხუთი შვილი მყავს, იმიტომ, რომ ნინოს შვილი ლუკაც 6 წლიდან ჩემთან იზრდება და ისიც ჩემი შვილია. პირველი შვილი პარიზში მყავს - ანჟელიკა. კაცმა რომ თქვას, ჩემს ორივე გოგონას ჩემი გარდაცვლილი დის, ლიკას სახელი ჰქვია. უფროსს, რადგან დედამისი ფრანგი იყო, ანჟე-ლიკა დაარქვა, მეორე კი მართლაც ლიკაა. ორივე ერთ დღეს არის დაბადებული. მათ შორის სხვაობა ორი წელია. ლუკაც ორი მყავს - ჩემი და ნინოსი, ნიკოლოზი კი უმცროსია, 15 წლის. სხვათა შორის, უკვე შვიდი შვილიშვილი მყავს.

- თქვენს შემოქმედებით მონაცემებს რომელ შვილში ხედავთ?

- ნიკოლოზს აქვს საოცარი ნიჭი, მაგრამ არ აპირებს მუსიკოსობას, სამწუხაროდ. ლუკამ ВГИК-ი დაამთავრა, რეჟისორია და ფანტასტიკური თვალი აქვს. ლიკას იცნობთ, ყოველმხრივ ნიჭიერია. ანჟელიკა მღეროდა, მაგრამ თავი დაანება, რადგან ხუთი შვილი ჰყავს.

- ლიკაზე უნდა გკითხოთ - მძახლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? - ერთი მძახალი მყავდა თემურ ალასანია, მეორე - ვალერი კოჩაროვი. ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- პოლიტიკა თქვენთვის საინტერესო სფეროა? - გააჩნია, რას ვეძახით პოლიტიკას. მაინტერესებს მაშინ, როდესაც ჩემს ქვეყანას საფრთხე ემუქრება სხვა ქვეყნისგან. მაშინ იმ დიდ ჯარში ვდგავარ, რომელიც თავის ქვეყანას იცავს, მაგრამ შიდა პოლიტიკაში არ ვერევი.

- თქვენს მუსიკაში ხშირად იგრძნობა სევდა თბილისზე - თითქოს თქვენი თანამედროვე თბილისის მონატრებაა... - მე მგონი, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენი მამების თაობისგანაც მახსოვს - ჩვენ სხვა თბილისში ვცხოვრობდით, თქვენ სხვა თბილისში ცხოვრობთო... ახლა იმავეს ვეუბნებით ჩვენს შვილებს, ალბათ, ჩვენი შვილებიც იმავეს ეტყვიან თავიანთ შვილებს... ახალგაზრდა როცა ხარ, თბილისი შენი ასაკის გამო სხვანაირად არის შეღებილი.

- როგორი იყო თქვენი თბილისი... - ჩემი თბილისი იყო ის ადამიანები, რომელთაც სათითაოდ ერქვათ თბილისი. ეს იყო ლევან აბაშიძე, რუსთაველზე თეთრ ლაბადაში რომ დაინახავდი, გოგიტა ჭყონია - შლაპაში გამოწყობილი, გეგა კობახიძე, ირაკლი ჩარკვიანი, თავგასა, გიო ხუციშვილი... რომელი ერთი გითხრათ... თითებზე ჩამოსათვლელი დავრჩით იმ თაობიდან.

- როგორ ეგუებით პასიურ პანდემიურ ყოველდღიურობას? - პირიქით, პასიური რომ გავხდი, ძალიან ბევრ პროექტს შევასხი ხორცი ონლაინკონცერტებით. ვიგრძენი, თითქოს პანდემიამდე დროის მანქანაში ვიჯექი და დროს ინერციით მივყვებოდი, ახლა კი ამ მანქანიდან ჩამოვედი... ისევ მანქანებზე ვლაპარაკობთ... პანდემია უდიდესი განსაცდელია, თუმცა კაცობრიობას დრო მიეცა, დაფიქრდეს ცხოვრებასა და სამყაროზე.

საქართველოს ყოველთვის სჭირდა პანდემია, ოღონდ ეს ვირუსები იყვნენ თურქ-სელჩუკები, მონღოლები, სპარსელები... მე მგონია, რომ ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით და ჩვენს იდენტობასაც შევინარჩუნებთ, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და დედა ღვთისა ყოველთვის გვიფარავს.