"სანამ მედიცინა "კოვიდს" არ დაამარცხებს, ეკონომიკური კრიზისი არ დასრულდება" - რამდენად სწრაფად დადგება ბიზნესი ფეხზე
"ფაქტია, ვაქცინაციის თემის პოპულარიზაცია ახშობს მკურნალობის საშუალებების განხილვას"
ბიზნესები არცთუ სახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდნენ "კოვიდ 19"-ის გამო დაწესებული რეგულაციების შედეგად. თითოეული ბიზნესის უკან უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები დგანან. საზოგადოება ღელავს ხვალინდელი დღის მოლოდინში, ჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხებს შევეცდებით პროფესიონალებისგან მოვისმინოთ. "კვირის პალიტრის" სტუმარია პროფესორი ლადო პაპავა.
- ბიზნესი წუწუნებს, ვინგრევით, გავკოტრდითო, როგორ ფიქრობთ, შეძლებს აღდგენას?
- ვითარება მართლაც ძალიან რთულია, მაგრამ არა მარტო საქართველოში. პანდემიამ დიდი ზეგავლენა იქონია მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე, რადგან ვირუსის გავრცელების შეფერხების ერთადერთი ქმედითი გზა ადამიანებს კონტაქტის შეზღუდვაა. ამან ეკონომიკის არაერთი სექტორი გააჩერა. უფრო მეტად დაზარალდნენ ის ქვეყნები, სადაც დიდ როლს ტურიზმი თამაშობს. საქართველოში ბიზნესი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ეს არ არის წმინდა ქართული ფენომენი, გლობალური მოვლენაა. შეძლებს ეკონომიკა ფეხზე დადგომას? რა თქმა უნდა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კომპანიები, რომლებიც აქამდე იყვნენ ბაზარზე, სხვებმა ჩაანაცვლონ.
- გაკოტრებული გაკოტრებულადვე რომ დარჩეს, შეიძლება?
- რა თქმა უნდა. მეტიც, გაკოტრება ხშირად არ ნიშნავს ლიკვიდაციას. ჩვენი ქართული კანონმდებლობაც საკმაოდ დიდ ლუფტს იძლევა, რათა გაკოტრებული საწარმო ბაზარზე დარჩეს და მისი ლიკვიდაცია არ მოხდეს. ერთი მხრივ, ეს კარგია, მეორე მხრივ, ცუდი.
- რატომ არის ან კარგი, ან ცუდი?
- ცუდი იმიტომ, რომ გაკოტრებული ფირმები, რომლებიც მთავრობის დახმარებით ხელოვნურად არიან შენარჩუნებული ბაზარზე, ქმნიან ფენომენს, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში ცნობილია "ზომბი ეკონომიკის" სახელწოდებით. ეს ნიშნავს მკვდარ ეკონომიკას, რომელსაც აიძულებენ ხელოვნურად იცოცხლოს. ამ მოვლენას საფუძველი ჩაეყარა გასული საუკუნის 90-იანი წლების იაპონიაში ფინანსური კრიზისის დროს. 2007-2009 წლების გლობალური კრიზისისას ის გლობალური ფენომენი გახდა. პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროსაც მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკა ზომბირებულია. რა თქმა უნდა, საქართველოც ვერ აიცილებს ამას და
გვექნება მკვდარი, უპერსპექტივო "ზომბი კომპანიები", რომლებიც ჯანსაღ კომპანიებს დააწვება მძიმე ტვირთად.
თუმცა ამ არაჯანსაღ პროცესს მაინც აქვს მცირედი პოზიტიური მხარე. კერძოდ, "ზომბი ეკონომიკა" ქმნის საშუალებას, რომ ხალხმა არ დაკარგოს სამუშაო, რადგან ლიკვიდაციას მოსდევს სამუშაო ადგილების დაკარგვა, საპროტესტო განწყობის ზრდა. როგორც წესი, მთავრობები (არა მარტო საქართველოში) ერიდებიან გაკოტრებული ფირმების ლიკვიდაციას და მათ ბაზარზე ინარჩუნებენ. როგორც გითხარით, ეკონომიკური განვითარებისთვის ეს ძალიან ცუდია. ამას ძლიერი ქვეყნებიც ვერ აირიდებენ თავიდან.
- ანუ ეს კომპანიები ვეღარ აღდგება?
- კომპანიის ზომბირება მის სიკვდილს ნიშნავს, ხოლო მკვდრის გაცოცხლება შეუძლებელია. თუ კომპანიის ზომბირება ბოლომდე არ მივიდა, მაშინ აქვს აღდგენის შანსი. სახელმწიფოს ხარჯზე კომპანიების ბაზარზე შენარჩუნების "ფუფუნება" ქმნის სწორედ იმის საფუძველს, რომ ასეთი კომპანიები "ზომბებად" გარდაიქმნან. ეს ფენომენი დღეს გლობალურია და დამახასიათებელია ამერიკა-ევროკავშირისთვის, განვითარებადი ქვეყნებისთვის, პოსტკომუნისტური სივრცისა და საქართველოსთვისაც.
- ბიზნესის გაკოტრება ხალხს უმუშევრად ტოვებს. რა დრო დასჭირდება მათ დასაქმებას? - ამის თქმა შეუძლებელია. ჩვენ ისიც არ ვიცით, კრიზისი როდის დასრულდება. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ეკონომიკური კრიზისის საფუძველი არის არა ეკონომიკაში, არამედ მედიცინაში. სანამ მედიცინა "კოვიდს" არ დაამარცხებს, ეკონომიკური კრიზისი არ დასრულდება, ხოლო ეს როდის მოხდება, არავინ იცის.
ჩვენ ვისმენთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვაქცინაციის შესახებ და თითქმის არა გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია სამკურნალო პრეპარატების შესახებ. "რემდესივირი" რომ შემოიტანეს, რამხელა ხმაური ატყდა - არ გამოდგებაო! ამიტომაც არის გადატანილი აქცენტი ვაქცინაციაზე, თანაც ვაქცინის რაოდენობა შეზღუდულია.
სერიოზული ეჭვი არსებობს მათი ხარისხის, უკუჩვენებების შესახებ, ბევრი რამ კვლავ ბუნდოვანია. ფაქტია, ვაქცინაციის თემის პოპულარიზაცია ახშობს მკურნალობის საშუალებების განხილვას. თუ მედიცინამ დღემდე არ იცის, როდის დაამარცხებს "კოვიდ 19"-ის პანდემიას, ვერც ერთი ეკონომისტი ვერ გეტყვით, როდის დამთავრდება ეკონომიკური კრიზისი. თუ მედიცინა სწრაფად შეძლებს კორონავირუსის დამარცხებას, ეკონომიკის აღდგენაც სწრაფად დაიწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისი კიდევ უფრო გაძლიერდება. დღეს ეკონომიკა მედიცინის მძევალია.
- გვაქვს ეკონომიკის 6,1%-იანი ვარდნა, რას ნიშნავს ეს თითოეული მოქალაქისთვის? - არის კატეგორია, რომელიც შეინარჩუნებს შემოსავლებს, თუკი მისი საქმიანობის ონლაინრეჟიმზე გადაყვანა იქნება შესაძლებელი. იმავდროულად, არის კატეგორია, რომლის ონლაინრეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა ტექნოლოგიურად არ არსებობს, ამიტომ მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 6,1%-იანი ვარდნა გვაძლევს წარმოდგენას, რომ მთლიანობაში ეკონომიკის საქმე ცუდადაა, ცალკეული ადამიანების აღქმა კი განსხვავებულია.
- ანუ ეს არაფერზე ახდენს გავლენას, არც ფასებზე?.. - გავლენას როგორ არ ახდენს. თუ აქამდე ვლაპარაკობდით ეკონომიკის შემცირებაზე, ახლა ინფლაციაზე გადავიდეთ. აქ რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი. პირველი - საკმაოდ არასტაბილური მდგომარეობა გვაქვს სავალუტო ბაზარზე, თანაც საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, სამომხმარებლო კალათის თითქმის 80% იმპორტული საქონელია. ეს ნიშნავს, რომ ფასების დონე დიდად არის დამოკიდებული იმპორტული საქონლის ფასების დონესა და ლარის გაცვლით კურსზე. მსოფლიოში მთელ რიგ პროდუქტებზე ფასები იზრდება, მაგალითად, ძვირდება ხორბალი და ეს საქართველოზეც აისახება. ამას ემატება ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომელიც, სამწუხაროდ, შეუქცევად პროცესად იქცა. ვინც შემოსავლის შენარჩუნება შეძლო, ფასების ზრდა ბევრად ნაკლებ უარყოფით გავლენას იქონიებს, ვიდრე მათზე, ვინც სამუშაო დაკარგა.
- ხშირად სვამენ კითხვას, თუ წინ მესამე ტალღა გველის, თუ კიდევ მოგვიწია ჩაკეტვამ, გადაიტანს ამას ბიზნესი? - ჩემი აზრით, არაკორექტული კითხვაა. რა უფრო მთავარია, ბიზნესი თუ ადამიანის სიცოცხლე? გადაიტანს ბიზნესი? - ეს კითხვა ებადებათ მათ, ვის ოჯახებშიც "კოვიდით" არავინ დაღუპულა. ჰკითხეთ მათ, ვისაც ეს შეეხო. ამიტომ ბიზნესი გადაიტანს თუ არა, ეს იმდენად მწვავე არ არის, რამდენადაც მოქალაქეები გადაიტანენ თუ არა პანდემიის მორიგ ტალღას. დასანანია, რომ საზოგადოების ნაწილი "ამოტრიალებულად" მსჯელობს, რაც დამაფიქრებელია...
კრიზისს ზოგიერთი კომპანია მძიმედ გადაიტანს, ზოგიც ვერ შეძლებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბიზნესს ყოველთვის აქვს "შემოტრიალების" საშუალება, გარდაცვლილ ადამიანს კი ვერ გავაცოცხლებთ.
ყოველდღე რომ ქვეყნდება, ამდენი ათეული ადამიანი გარდაიცვალაო, მათ უკან ხომ ვიღაცის მშობელია, ვიღაცის მეგობარი, ვიღაცის ნათესავი, ვიღაცის ახლობელი... - ეს არ გვადარდებს?! თურმე ეს არ არის იმდენად სადარდებელი, რამდენადაც ბიზნესის ბედი. რა თქმა უნდა, ბიზნესი მძიმე დღეშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პრაქტიკულად მესამე მსოფლიო ომია და ჩვენი უმთავრესი საზრუნავი ადამიანის ჯანმრთელობა, მისი სიცოცხლე უნდა იყოს!
რაც შეეხება მესამე ტალღას, ისევ მედიცინაზეა დამოკიდებული. არაერთმა ქვეყანამ საფრანგეთმა, გერმანიამ და ა.შ. შეამცირეს რეგულაციები, დღეს კი კვლავ ამკაცრებენ.
ჩვენთანაც დაიწყო მოძრაობა, რომ ეკონომიკა გავხსნათ. მე მხარს ვუჭერ მხოლოდ ეტაპობრივ გახსნას. სრულ და ერთდროულ გახსნას რა მოჰყვება, კაცმა არ იცის. თუ ავიღებთ მსოფლიო ტენდენციას, არ არის გამორიცხული მესამე ტალღა წამოვიდეს და უფრო მკაცრად მოგვიწიოს ეკონომიკის დახურვამ.
ვაქცინაცია თებერვლის ბოლოს ან მარტში თუ დაიწყება, ხოლო ეკონომიკის ნაწილი უკვე თებერვლის პირველ რიცხვებში უნდა გაიხსნას. პირველ და მეორე აცრებს შორის დროითი ინტერვალია, იმასაც დრო სჭირდება, რომ ვაქცინამ იმუნიტეტის გამომუშავება შეძლოს. ვაქცინაცია პირველ რიგში შეეხება მხოლოდ სამედიცინო სფეროს მუშაკებსა და ღრმად მოხუცებს, რისკჯგუფში შემავალ მოქალაქეებს. იქნება ეს საკმარისი, რომ მესამე ტალღა გამოვრიცხოთ? ყველას გაგვიხარდება, რომ არც მესამე ტალღა იყოს და არც მეოთხე, რომ დასრულდეს ყველაფერი, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, მედიკოსები შეძლებენ თუ არა ქმედითი მექანიზმების შემუშავებას არა მარტო ვაქცინებით, არამედ სამკურნალო პრეპარატებით.
ვინც ვერ მოასწრებს ვაქცინაციას, არ უნდა ჰქონდეს სამკურნალო პრეპარატები? თან ვხედავთ, რომ ერთხელ დაინფიცირებულები ხანდახან მეორედაც ინფიცირდებიან და აქაც ექიმების შეფასებები არაერთგვაროვანია. ზოგი ამბობს, მეორეჯერ უფრო მსუბუქი ფორმით მიმდინარეობსო, ზოგი, პირიქით, უფრო მძიმედო. არ არის ეს მარტივად პასუხგასაცემი კითხვა.
რა თქმა უნდა, ეკონომიკის გახსნის შემთხვევაში მესამე ტალღის მუქარა იარსებებს. მსგავსი რამ უკვე მოხდა სხვადასხვა ქვეყანაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანების თვითშეგნება. რამდენ თანამოქალაქეს ვხედავთ, რომ ქუჩაში პირბადე არ ან არასწორად უკეთიათ, ნიკაპზე აქვთ ჩამოწეული. სად არის თვითშეგნება?! ყოველდღიურად რამდენიმე ასეული პირი ჯარიმდება პირბადის არასწორად ან საერთოდ უტარებლობის გამო. მოქალაქეთა ნაწილი მაინც ჯიუტად არღვევს პირბადის ტარების წესს. ხომ ითქვა, თუ პირბადის ტარების დონე 95%-ზე ავა, კოვიდინფექცია უკან დაიხევს. სამწუხაროდ, მოსახლეობის თვითშეგნება არ არის მაღალი, თუმცა მოთხოვნა, რომ გავხსნათ ეკონომიკა, მაღალია.
მეტიც, ეკონომიკის გახსნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა, ბავშვები, ვინც სოციალურ იზოლაციაშია, დავაბრუნოთ სკოლებში. სკოლების გახსნა საჭიროა, რათა ჯანსაღი თაობა გვყავდეს, თუმცა სიფრთხილეც გვმართებს.
- ამაზე ხშირად ამბობენ და მეც გავიმეორებ: რა მნიშვნელობა აქვს, შიმშილით მოვკვდები თუ "კოვიდითო"? - გასაგებია, ესენი ის ადამიანები არიან, ვისაც "კოვიდი" არ შეჰყრია, ან შედარებით მსუბუქად გადაიტანეს და ვერ აცნობიერებენ, რასთან გვაქვს საქმე.
ერთი შეხედვით მართალია, რა მნიშვნელობა აქვს, შიმშილით მოვკვდები, თუ "კოვიდითო", თუმცა განსხვავება არსებითია: შიმშილის პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, ხოლო "კოვიდ 19"-ისგან განკურნების მექანიზმი ჯერ მსოფლიოს არა აქვს. ვინ აყენებს ყველაზე მეტად ბიზნესის გახსნის საკითხს? - ბიზნესასოციაციები, რომელთა უმთავრესი ფუნქცია ბიზნესის ინტერესების დაცვაა, და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ასეა მთელ მსოფლიოში, ოღონდ ჩვენთან ეს პროცესები შედარებით გვიან დაიწყო. ცხადია, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სურთ განაწყენებული ბიზნესმენების მხარდაჭერის მოპოვება, მაგრამ მთლიანად საზოგადოება რა ამოცანის წინაშე დგას? - ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გარდაცვალების თავიდან აცილების.
ვიყოთ ოპტიმისტები. მთელი მსოფლიო "კოვიდს" ებრძვის და იმედი ვიქონიოთ, რომ 2021 წელს როგორც ვაქცინა, ასევე, რაც მთავარია, მეტი სამკურნალო საშუალება გვექნება.
- ესე იგი, ამ ეტაპზე მოტივირებული ვიყოთ ვირუსის დამარცხებაზე და მერე უკვე იარსებებს ეკონომიკურად სულის მოთქმის საშუალებები... - როგორც კი ბიზნესს შეზღუდვები მოეხსნება, მთავრობას შეუძლია სხვადასხვა შეღავათიანი პროგრამა, შეღავათიანი საბანკო სესხები, მხარდაჭერა შესთავაზოს და ბიზნესი ფეხზე დადგება. ეს ყველაზე ნაკლებად პრობლემურია. გავიხსენოთ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, საქართველოს ეკონომიკაც დაინგრა. რამხელა ვარდნა გვქონდა - ოთხ წელიწადში ლამის 3-ჯერ შეგვიმცირდა ეკონომიკა, მაგრამ განა ვერ დადგა ფეხზე? ხალხმა ვერ დაიწყო საქმიანობა კერძო სექტორში? აბა, რით გადარჩა?! ამიტომ ახლაც დადგება ფეხზე, ამის მჯერა. ბიზნესში თუ არ იქნება პეტრე, იქნება პავლე, თუ არ იქნება პავლე, მაშინ იქნება ივანე - ვიღაც აუცილებლად იქნება, სხვანაირად შეუძლებელია. ასე იყო კაცობრიობის ისტორიაში და ასე იქნება ხვალაც და ზეგაც. მაგრამ გარდაცვლილ ადამიანს ხომ ვერ გავაცოცხლებთ?!