"გულისმომკვლელი, ამაღლებული განსვლა ამ ქვეყნიდან - სიტყვა, რომლის ბოლომდე წაკითხვა მუხრან მაჭავარიანმა ვერ მოასწრო" - კვირის პალიტრა

"გულისმომკვლელი, ამაღლებული განსვლა ამ ქვეყნიდან - სიტყვა, რომლის ბოლომდე წაკითხვა მუხრან მაჭავარიანმა ვერ მოასწრო"

სიტყვა, რომლის დამთავრება პოეტმა ვერ მოასწრო

"2010 წლის 17 მაისს, ფრიდონ ხალვაშის საიუბილეო საღამოზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, რუსთაველის თეატრის სცენაზე, ქართული სიტყვის მსახურთა და დამფასებელთა თვალწინ, გამოეთხოვა წუთისოფელს დიდი პოეტი მუხრან მაჭავარიანი. უაღრესად თვითმყოფადი შემოქმედის ცხოვრების ეს ბოლო აქტი, უფლის ნებით, გულისმომკვლელი, მაგრამ ამავდროულად ამაღლებული განსვლა გამოდგა ამ ქვეყნიდან. პოეტი მეგობარი პოეტის დღესასწაულზე მეგობრული მოვალეობის აღსრულებისას გამოგვეთხოვა, მარადისობაში გადაინაცვლა, თან გაიყოლა მთელი საქართველოს ელდა და გაოგნება. გთავაზობთ სიტყვას, რომლის ბოლომდე წაკითხვა მუხრან მაჭავარიანმა ვერ მოასწრო", - წერს ლევან ბრეგაძე.

კვლავაც მრავალგზის

"თბილისო, მე რომ შენთან მოვედი,/ სიყვარულივით ვიდექ მდუმარი.../ მეც უნდა ვიყო შენი პოეტი,/ მე არ ვიქნები შენი სტუმარი!" - ასე მიმართა საქართველოს დედაქალაქს, ნახევარი საუკუნის წინათ, ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმა, რომელიც უკვე კარგა ხანია ღირსეული პოეტი გახლავთ არა მარტო თბილისისა, არამედ სრულიად საქართველოსი.

წინათაც და დღესაც, ყოველი ჭეშმარიტი ქართველი პოეტი საქართველოთია დაავადებული:

- ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე,

ძილშიაც ამას ვდუდუნებ! - წერდა ვაჟა.

- დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა

და საქართველოს მედგას უღელი! - წერდა ტიციანი.

- სამშობლო არ დაგავიწყდეთ,

სამშობლო უმთავრესია! - წერდა გალაკტიონი.

- როცა გიჭირს შინ და გარეთ/ და ქვეყანა ჩვენი გოდებს,/ ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველს/ ქართველობა არ უნდოდეს! - წერს ფრიდონ ხალვაში.

არადა, არამცთუ სხვაგან, ამჟამად, თვით საქართველოში, სამწუხაროდ, არიან ქართველები, რომლებსაც, მაინცდამაინც, დიდად არაფრად მიაჩნიათ შენი ქართველობა!

მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ღმერთი თავისას მიუზღავს ყველას და, დღეს არა, - ხვალე, ამ ე.წ. ქართველთაგან, არც ერთ მათგანს არ ასცდება ბედი აკაკი წერეთლის ნათაგვარი ღამურასი!

იშვიათია პოეტი, რომელსაც სხვა პოეტის დანახვისა და მისი აღიარების უნარი შესწევს.

ფრიდონ ხალვაში სამაგალითოა ამ მხრივაც:

"მიყვარს ნაავდრალი მთები, მთები ნისლებაჩალული,/ კვნესით დახნულ-დანათესი, იარებით დაშარული,/ როგორც გორგილაძის ლექსი - დიდქართული, აჭარული".

ჭეშმარიტად, უშურველობისა და კეთილშობილების ზენიტია ფრიდონ ხალვაშის ეს "გულიდან ხორცად გამონატანი" სიტყვები.

უდავოდ, "დიდქართულია" თვითონ ფრიდონის შემოქმედებაც. ხალხმა ზეპირად იცის მისი მადლიანი ხელიდან გამოსული არაერთი სტრიქონი.

"მითხარ, როგორაა მემლექეთი,/ ჩემი სანატრელი საქართველო,/ რამე იმნაირი გამაგონე,/ გული დაკოდილი გავამრთელო".

მთელ ქართულ პოეზიაში თითო-ოროლა თუა ესოდენ გულში ჩამწვდომი ლექსი.

ფრიდონი პროზაშიც ისევე წრფელი და ელვარეა, როგორც პოეზიაში: მრავლისმეტყველია მისი რომანი "შეიძლება თუ არა, მუსლიმანი იყოს ქართველი?"

შესანიშნავია მისი მემორიალური ხასიათის წიგნი "ომრი"...

ჭეშმარიტ პოეტს, მხურვალე მამულიშვილს, დაუცხრომელ საზოგადო მოღვაწეს, ჩემს ძველ მეგობარს ფრიდონ ხალვაშს სულითა და გულით ვულოცავ დაბადებიდან 85 წლისთავს და ვუსურვებ, კვლავაც მრავალგზის გაეხარებინოს ქართველი კაცის გული თავისი ლექსითა თუ პროზით.

მუხრან მაჭავარიანი

15.05.10".

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"