რა მისიით ჩამოვიდა ირანელი დიპლომატი საქართველოში - კვირის პალიტრა

რა მისიით ჩამოვიდა ირანელი დიპლომატი საქართველოში

"რეგიონში გამოჩნდა ახალი აქტორი, რომელიც ცდილობს სიტუაციით ისარგებლოს და ერდოღანის "ექვსეულის პლატფორმას" ებღაუჭება. მისთვის მნიშვნელოვანია ის დერეფანი, რომელიც შეიძლება რუსეთთან გაიხსნას"

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი ეწვია. ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მუჰამედ ჯავად ზარიფმა შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის განვითარება განიხილეს. რა მესიჯებით ჩამოვიდა ირანელი დიპლომატი საქართველოში, ნიშნავს თუ არა მისი ვიზიტი რეგიონში ირანის უფრო გააქტიურებას და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრა.

- ყარაბაღის ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სხვა რეალობა მივიღეთ: აზერბაიჯანმა დაიბრუნა თავისი ტერიტორიის ნაწილი, თურქეთი კი უფრო გააქტიურდა. ბაქომ ამ ომში ბენეფიტი მიიღო, თუმცა დიდი ხარჯის ფასად - რუსი სამხედროების იქ ყოფნა შენელებული მოქმედების ნაღმია. რუსეთმა გაიძლიერა პოზიცია სამხრეთ კავკასიაში. ყარაბაღის პრობლემა არ მოგვარებულა, მისი ორი მესამედი ისევ აზერბაიჯანის კონტროლს მიღმაა, რუსეთი სომხეთისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელ ლაჩინის დერეფანს აკონტროლებს, რაც სომხეთზე გავლენის გაძლიერების ბერკეტია. ეს დერეფანი აზერბაიჯანს ნახიჭევანთან აკავშირებს, მაგრამ რუსეთის უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს და ეცდება მოიპოვოს პირდაპირი გასასვლელი ირანსა და სომხეთზე, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სატრანსპორტო კომუნიკაციებს ვერ აკონტროლებს. თურქეთმა აჩვენა, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი ძალაა, სტრატეგიულ პარტნიორს დაეხმარა და შემდეგშიც დაეხმარება სამხედრო გზით. ამასთან, რეგიონში გამოჩნდა ახალი აქტორი, ირანი, რომელიც ცდილობს სიტუაციით ისარგებლოს და ერდოღანის "ექვსეულის პლატფორმას" ებღაუჭება. მისთვის მნიშვნელოვანია ის დერეფანი, რომელიც შეიძლება რუსეთთან გაიხსნას. ყველაზე წამგებიან სიტუაციაში სომხეთია, მას ვითარებაზე გავლენის არავითარი ბერკეტი არა აქვს, მის სარკინიგზო კომუნიკაციასაც რუსეთი აკონტროლებს და არაფერს სთავაზობენ.

ეს ვითარება საქართველოსთვისაც არასახარბიელოა, რეგიონში ომი არ დასრულებულა და ამ ვითარებაში ნატოელი პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავება, დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები, დაცულობა და საქართველოს ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

- რამდენიმე დღის წინ საქართველოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. რეალურად, რას ისახავდა მიზნად ეს ვიზიტი?

- ირანი ცდილობს ამ ვითარებისგან სარგებლის მიღებას და ნიადაგი მოსინჯა, პოზიცია დაზვერა. რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტის "ექვსეულის პლატფორმას", მეეჭვება გაამართლოს. ვეთანხმები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ სახის ინიციატივას, რაც ერთ-ერთ გარანტად გულისხმობს სახელმწიფოს, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. პლატფორმა მოიცავს ექვს ქვეყანას: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ირანი. საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არის, არც სომხეთ-თურქეთს, ისევე როგორც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის. ირანსა და თურქეთს დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ბევრ საკითხზე ვერ რიგდებიან, მათ შორის ყარაბაღის თემაზე. როცა ერდოღანი ბაქოში გამარჯვების აღლუმს დაესწრო, მისმა რამდენიმე განცხადებამ ირანი აღაშფოთა. ირანს არაერთი სანქცია აქვს დაწესებული, ამიტომ მასთან სრულმასშტაბიანი ეკონომიკური ურთიერთობა ახლა არ ღირს. იქ ფინანსური ოპერაციები, ფულის გადარიცხვა პრობლემაა. ფინანსური სანქციების წნეხშია რუსეთიც, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია უთუოდ უფრო გაზრდის...

მსგავსი ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა 2008 წელსაც წამოაყენა კავკასიური სტაბილურობის პროექტზე, თუმცა მაშინაც არაფერი გამოუვიდა. საერთოდ, კავკასიური ინიციატივა ყოველთვის სიტყვად რჩება, თუკი მასში რუსეთია ჩართული, რადგან ის სახელმწიფოებთან თანასწორუფლებიანი პარტნიორობის პირობებს არ ასრულებს...

დასამალი არ არის, რომ ირანს შავი ზღვის პორტები აინტერესებს, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ახლანდელ ირანთან რაიმე ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ამ ვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანია საქართველომ აჩვენოს, რომ შეუძლია რეგიონში ტრანსატლანტიკური სივრცის ფორპოსტის ფუნქციის შესრულება. საქართველოს ამის მეტი შანსი აქვს, მით უმეტეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კარგად იცნობს რეგიონს.

- დავითგარეჯის საქმეზეც გკითხავთ. სად შეიძლება იყოს სიმართლე? - ეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაში ერთ-ერთი ფაქიზი საკითხია. ახლა ისეთი კამპანიაა აგორებული, თითქოს მას ვიღაც გვართმევს, მაგრამ ასე არ არის, ლაპარაკია სამონასტრო კომპლექსის ნაწილზე, რომელიც სადავო კი არა, შესათანხმებელია. ამ პროცესის ასე წარმართვა საქართველოს პოზიციას აზიანებს. ვფიქრობ, საგარეო საქმეა სამინისტროს შიდა განხილვების გამომზეურებაც ზედმეტია. არა მგონია, ასეთი თემების საჯაროდ გამოტანა სწორი იყოს. არსებობს კომისია, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის, არგუმენტებს აფასებს და გადაწყვეტილებასაც კოლეგიალურად იღებს. რაც შეეხება განსხვავებული რუკების ვერსიებს, არსებობს უამრავი მონაცემი, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მათი ნაწილი საბჭოთა მემკვიდრეობაა, რაც ჩვენდა სამწუხაროდ ისევ ქართველების ხელით გაკეთდა, სტალინის, ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის... თუმცა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს საკითხი მშვიდ გარემოში გადაიჭრას, ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს სჭირდება.

არ შეიძლება ყველაფრის ტელეეთერში გატანა და დებატების გამართვა. შეიძლება ივერი მელაშვილს ამა თუ იმ საკითხზე სწორი ან არასწორი მოსაზრება აქვს, მაგრამ ხომ არსებობს გამოძიება?.. ის იმ კომისიის პირველი პირი კი არა, ექსპერტია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თავისი მოსაზრება ყველამ სხვა ფორმატში უნდა გამოხატოს, მეტი რაციონალურობითა და ნაკლები ემოციით. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ეს ხომ არ არის რუსეთი, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოა, არაფრად აგდებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მას დემარშებით არ უნდა ელაპარაკო.