"ავსტრია შოკირებულია ქართველი და სომეხი ბავშვების დეპორტაციით" - რას წერს უცხოური მედია ავსტრიაში მომხდარზე - კვირის პალიტრა

"ავსტრია შოკირებულია ქართველი და სომეხი ბავშვების დეპორტაციით" - რას წერს უცხოური მედია ავსტრიაში მომხდარზე

ამ დღეებში ევროკავშირის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (პრესა, რადიო-ტელევიზია, ახალი ამბების სააგენტოები) ფართოდ შუქდება ქართველ და სომეხ მიგრანტთა დეპორტაციის ფაქტი, რომლებიც ოჯახებთან ერთად დააბრუნეს საქართველოში და სომხეთში. ამ ფაქტს პუბლიკაციები მიუძღვნეს ავსტრიულმა "კურიერმა", "კრონენ ცაიტუნგმა", გერმანულმა "ბერლინერ ცაიტუნგმა" და სხვა გამოცემებმა. მასზე წერს როგორც ქართული, ასევე - სომხური და რუსული მასმედიაც.

გთავაზობთ საფრანგეთის ტელეკომპანია "ევრონიუსის" (Euronews) მიერ ეთერში გადაცემული გერმანულენოვანი ვიდეორეპორტაჟის შინაარსს, რომელიც ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სათაურით "დეპორტაცია საქართველოში - ავსტრიელები ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან":

"ქართველ და სომეხ მიგრანტთა დეპორტაცია ღამით განხორციელდა. 12 წლის ქართველი გოგონა თინა ავსტრიაში დაიბადა, გაიზარდა და სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი თავშესაფარს ვერ იღებდა, მაინც მუდმივად ხდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება/იგნორირება და ამიტომ, საერთო ჯამში, იგი ავსტრიაში იმყოფებოდა.

თინა ლაპარაკობს, რომ ავსტრიელი პოლიციელები მიგრანტებს უხეშად ექცეოდნენ და "წაქცეულებს მიწაზე მიათრევდნენ". იგი დღეს საქართველოშია, ბებიასთან.

როგორც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერი ამბობს, იგი შეშფოთებულია იმით, რომ მშობლები თავიანთ [არასრულწლოვან] გოგონას საკუთარი მიზნის მიღწევისთვის იყენებდნენ. გოგონას მშობლები უხეშად არღვევდნენ ავსტრიაში ცხოვრების წესს, მათ რამდენჯერმე უარი მიიღეს თავშესაფრის თხოვნა/დაკმაყოფილების საკითხში.

დეპორტაციის მოწინააღმდეგეები საკმაოდ ბევრნი არიან, მათ შორის - ავსტრიის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი რუდოლფ ანშობერი. ისინი გმობენ დეპორტაციის ფორმას და იმ სიტუაციას, რომლის შედეგად მოზარდები დაზარალდნენ. ისინი ავსტრიაში იზრდებოდნენ და არაფერი იციან იმ ქვეყნების (საქართველოსა და სომხეთის) ცხოვრებაზე, რომლებიც მათ ფორმალურ სამშობლოდ ითვლება.

აქტივისტები და უფლებადამცველები დეპორტაციის დროს საიმიგრაციო ცენტრის ბლოკირებას ცდილობდნენ. გოგონების მეგობრები და თანაკლასელები კი მათ მხარდასაჭერ მანიფესტაციას ატარებდნენ. მათი თქმით, "დოკუმენტების მიხედვით, ისინი ავსტრიელები არ არიან, მაგრამ ამის მიუხედავად, უკვე კარგად არიან ინტეგრირებულები ავსტრიულ საზოგადოებაში, მათ ბევრი მეგობარი ჰყავთ, კარგად სწავლობენ. მათი ოჯახები ავსტრიაში ცხოვრობენ... ჩვენთვის ძალიან დასანანია, რომ მათ იმ ქვეყნებში აბრუნებენ, რომლებთანაც არავითარი ურთიერთობა არ აქვთ".

დეპორტაციის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტია ის, რომ ავსტრია იურიდიულად არ არის ვალდებული, იმ სკოლის მოსწავლეების დეპორტაცია განახორციელოს, რომლებიც ავსტრიაში დაიბადნენ. მით უმეტეს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ასეთი მოქმედება გარკვეულ საფრთხესთან არის დაკავშირებული".

დეპორტაციის დროს ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლები იმოწმებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის შესრულება სავალდებულოა: "თუ უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება დეპორტაციის თაობაზე, ხელისუფლების ორგანოებმა ის უნდა შეასრულონ", - ნათქვამია ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. (წყარო)

-----------

რუსული გამოცემა Eurasia Daily აქვეყნებს მასალას სათაურით - "გაძევება ძაღლების ყეფის თანხლებით: ავსტრია შოკირებულია ქართველი და სომეხი ბავშვების დეპორტაციით". მასში ნათქვამია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების - სკოლის მოსწავლეების დეპორტაციამ ავსტრიელების პროტესტი გამოიწვია: ასზე მეტმა ადამიანმა ვენაში სტიქიური მიტინგი მოაწყო იმ იზოლატორის წინ, სადაც ბავშვები დეპორტაციის წინ იმყოფებოდნენ. დემონსტრანტები შეეცადნენ ქუჩის გადაკეტვას მაღაზიებიდან გამოტანილი ურიკებითა და ნაგვის ყუთებით, თუმცა პოლიციელებმა ისინი დაშალეს.

ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც თავისებურად "ცეცხლს უკეთებდნენ" სიტუაციას და ბავშვების შეშინებულ სახეებს აჩვენებდნენ, მით უმეტეს, რომ რაღაც ტექნიკური მიზეზის გამო, აეროპორტში მისვლამდე, მათ სპეციალურ ავტომობილებში ყოფნა სამ საათზე მეტხანს მოუწიათ.

როგორც ვენის გაზეთ Falter-ის შეფ-რედაქტორი - ფლორიან კლენკი წერს, "სამი ბავშვი სამი საათის განმავლობაში იჯდა სადეპორტაციო ავტობუსში, გარედან კი მათ ძაღლები და ასობით პოლიციელი დარაჯობდა".

ერთ-ერთი ავსტრიული გამოცემა - Mittagsjournal დეტალურად ეხება ქართველი დეპორტირებული ოჯახის ისტორიას.

სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ მომხდარ ფაქტს კომენტარი ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბალენმაც გაუკეთა: "არ შემიძლია იმის დაჯერება, რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც [დეპორტაცია] ასეთი ფორმით ხორციელდება. ძალზე შეწუხებული ვარ. ჩვენ ადამიანურად და პატივისცემით უნდა მივუდგეთ ერთმანეთს - განსაკუთრებით მაშინ, როცა მთავარ მსხვერპლად ბავშვები ითვლებიან". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ