"ნაციონალური მოძრაობა" რებრენდინგის ჩატარებას ცდილობს - მათ ელექტორატს შეიძლება იმედგაცრუება ჰქონდეს რაღაც ეტაპზე, მაგრამ შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" რებრენდინგის ჩატარებას ცდილობს - მათ ელექტორატს შეიძლება იმედგაცრუება ჰქონდეს რაღაც ეტაპზე, მაგრამ შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან"

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს გარკვეული რებრენდინგი ჩაატაროს თავის პარტიაში. ისინი ცდილობენ აქტუალიზაცია დაუკარგონ იმ კომპრომატს, რაც ქართულ საზოგადოებაში მათი არცთუ ისე დადებითი მოღვაწეობის შესახებ გაჩნდა", - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ახალ გუნდს.

როგორც ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს, ახალგაზრდებს ყოველთვის აქვთ ის ენთუზიაზმი, რაც პოლიტიკას სჭირდება.

"ბუნებრივია, ჯერ მათი მსოფლმხედველობა ვერ მოასწრებდა ისე დაზიანებას, რაც გამოუსწორებელია და ეს თავისთავად პოზიტივია. "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს გარკვეული რებრენდინგი ჩაატაროს თავის პარტიაში. ისინი ცდილობენ აქტუალიზაცია დაუკარგონ იმ კომპრომატს, რაც ქართულ საზოგადოებაში მათი არცთუ ისე დადებითი მოღვაწეობის შესახებ გაჩნდა. ეს მათ გარკვეულწილად დაუბრუნებს თავის ელექტორატს. "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატს შეიძლება იმედგაცრუება ჰქონდეს რაღაც ეტაპზე, მაგრამ შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან და ეს ჩვენ არაერთ საარჩევნო ციკლში გვინახავს. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაიწია მათმა ელექტორალურმა შესაძლებლობებმა 2013 წელს და შემდეგ როგორ ავიდა ისევ 600-700 ათას ადამიანზე.

ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მაინც ჩაკეტილი სისტემაა და მისთვის ხელისუფლებაში დაბრუნება ანუ იმ კრიტიკული მასის აკრეფა, რაც სახელისუფლებო პარტიას სჭირდება, ძალიან გაჭირდება იმიტომ, რომ მათ არ აქვთ კრიტიკული ელექტორალური განვითარების რეზერვი, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რაც მათი მმართველობის შემდეგ შეიქმნა. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში, 2028 წლიდან, თუ ისინი შეინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას, ვერაფერს გამოვრიცხავ. 2024 წლის ციკლისთვის "ნაციონალური მოძრაობა", როგორც სახელისუფლებო პარტია, ძნელად წარმოსადგენია. ის ტრავმა და იარები, ნაწილობრივ რეალური და ნაწილობრივ ვირტუალური, რაც ქართულმა საზოგადოებამ მათი მმართველობის პერიოდში მიიღო, ჯერ კიდევ ცოცხალია. ელექტორატის უდიდესი ნაწილი არ არის მზად, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დაუბრუნოს ხელისუფლება. არ არის ნდობა და გარდა ამისა, სტრესი ჯერ კიდევ ცოცხალია. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს ადამიანები "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავიანთ წარმოდგენას შეიცვლიან, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუნდის ახალი წევრები წარადგინა.

პარტიას 12 ახალი წევრი შეუერთდა, ესენი არიან: გიორგი ჩალაძე, ნონა მამულაშვილი, ნიკა ობოლაძე, გიორგი თარგამაძე, რეზო ჩომახიძე, სოფო ჯაფარიძე, მანუჩარ ახალაია, ბარბარა ჯიმელი, ანა გოგოლაძე, ზვიად ქვლივიძე, ბაჩო დოლიძე, გიორგი ხვედელიანი.

"ინტერპრესნიუსი"