"როგორც სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი, ასევე დაამტკიცებს, რომ ჩემი შვილი მოკლეს" - კვირის პალიტრა

"როგორც სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი, ასევე დაამტკიცებს, რომ ჩემი შვილი მოკლეს"

როგორც სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი, ასევე დაამტკიცებს, რომ ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ განაცხადა.

როგორც თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არ ფიქრობს, რომ საქალაქო სასამართლო მათ საჩივარს დააკმაყოფილებს, შესაბამისად აპირებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

"არ ვფიქრობ, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს. არ აზროვნებენ რაციონალურად, ამ ყველაფერს აეხდება ფარდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიგებენ როგორი გამოძიებაც ჩაატარეს და რა შედეგებიც დადეს. აქვთ კიდევ ერთი შანსი, რომ გონს მოეგონ, დაგვიბრუნონ დაზარალებულის სტატუსი და გადმოგვცენ მასალები. როგორც სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი, ასევე დაამტკიცებს, რომ ჩემს შვილს თავი არ მოუკლია და ის მოკლეს", - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა და მშობლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ისინი გარდაცვლილის მამისთვის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის დაბრუნებასა და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.