"ყვირილით იყვირებს, შერცხვება თუ რა? კარგად ითამაშებს, ალბათ, ვითომ ოპოზიციონერის როლს, ამაშიც ფულს აიღებს" - კვირის პალიტრა

"ყვირილით იყვირებს, შერცხვება თუ რა? კარგად ითამაშებს, ალბათ, ვითომ ოპოზიციონერის როლს, ამაშიც ფულს აიღებს"

ვინ არიან ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომ მათ ბალანსი შეცვალონ პარლამენტში?! ყვირილით იყვირებს, შერცხვება თუ რა? კარგად ითამაშებს, ალბათ, ვითომ ოპოზიციონერის როლს, ამაშიც ფულს აიღებს ,- ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია და ამას ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყება ვერ შეცვლის.

ბურჯანაძის შეფასებით, პარტია "მოქალაქეებს" ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას დაეხმარა, რათა მას ის როლი შეესრულებინა ოპოზიციაში, რაც შეასრულა. მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილს პარლამენტში ის თემებიც კი განსაზღვრული ექნება, რომლებზეც ის კრიტიკული აზრის გამოხატვას შეძლებს, პარლამენტში ოპოზიციონერის როლის შესრულებისას.

"იყვირებს ოღონდ იქნება განსაზღვრული რაზე შეიძლება იყვიროს და რაზე არა, რაღაცებზე ხმამაღლა იყვირებს და არ ვიცი, ჩვენი საზოგადოება ისე ბრიყვი თუ იქნება, რომ მაგის ოპოზიციონერობას დაიჯერებს, ეგ ცალკე თემაა. ბალანსი პარლამენტში არ შეცვლილა, პარლამენტი როგორც იყო ერთპარტიული, ისევე ერთპარტიულია. ჯერ ერთი პარტია "მოქალაქეები", როგორც პარტია, საერთოდ არ არსებობს, მას ჰქვია პარტია და ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და რაც არის, ისიც ბიძინა ივანიშვილის ფულით არის შექმნილი.

არ მინდა ალეკო ელისაშვილზე და არც ამ მემურანდუმზე საუბარი, ეს არ არის დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტის პროვოკაცია. არ მიმაჩნია სერიოზულად. ელისაშვილი არის ადამიანი, რომელიც თავიდანვე გაყიდული იყო, რომელიც წინა ადგილობრივ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დახმარებით იღებდა მონაწილეობას და ახლაც იმიტომ დაეხმარა ხელისუფლება, რომ ეს როლი ეთამაშა ოპოზიციაში, რა როლიც ითამაშა და რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამ არარაობაზე ამდენი?"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის შეფასებით საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი არის სირცხვილი საქართველოს ისტორიაში. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტიც და პოლიტიკური ელიტაც თავის დონეზე დაიყვანა და "ბოსტანს" დაამსგავსა.

"მე ის პარლამენტებიც კი არ მომწონდა, რომლის წევრი და თავმჯდომარე ვიყავი და კიდევ უკეთესი მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის და ეს რაც არის, ეს არის ნულს ქვემოთ, ეს არის სირცხვილი საქართველოს ისტორიაში. საერთო ეს გუნდი და ლიდერები, ვინც ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა, პრეზიდენტიდან დაწყებული, ეს არის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილმა თავის დონეზე დაიყვანა საქართველოს პოლიტიკური ელიტა, ბოსტნის დონეზე დაიყვანა. მე ბოსტნის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ბოსტანს თავისი ადგილი აქვს და ეს ადგილი არ არის პარლამენტში და ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში. ბოსტნის დონეზე დაიყვანა საქართველო და საქართველო გადააქცია უსახურ, ცუდი გაგებით პროვინციად და საერთოდ დააკარგინა სახე ქვეყანას და პოლიტიკას. ერთპარტიული პარლამენტი და კიდევ იმისი კარიკატურა შექმნეს,"- განაცხადა ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"