"ჩვენ სინდისთან მართლები ვართ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ სინდისთან მართლები ვართ"

"პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ "ქართული ოცნება" დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და არ დაუჭერს მხარს მანდატების გაუქმებას", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების გაგრძელება ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ვთვლით, რომ პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ "ქართული ოცნება" დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და არ დაუჭერს მხარს მანდატების გაუქმებას, იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი ეს არის მოლაპარაკებების გაგრძელება, ჩვენ დავამტკიცეთ ეს, გავაგრძელეთ მოლაპარაკებები, მივიყვანეთ ეს ბოლომდე და შეთანხმებას, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის სრულიად ოპოზიციის მონოპოვარი, მათთან ერთად შედგენილი დოკუმენტია და მგონია, რომ ამ მოლაპარაკებების გაგრძელება ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", რომ არ გაუუქმონ მანდატები დეპუტატებს. ჩვენ პარლამენტში შემოსულები ვართ იმისთვის, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ იყოს და არჩევნების შემდგომი დღე იყოს მშვიდი და არ იყოს ერთმანთთან დაპირისპირების, ბოიკოტის და ერთმანეთზე თავდასხმის მიზეზი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენ სინდისთან ვართ მართლები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ აქ შემოვსულიყავით და ადამიანები გამოსულიყვნენ საპატიმროებიდან. გარეთ არის დარჩენილი 54 დეპუტატი, რომელთაც აქვთ რესურსი გააგრძელონ მოლაპარაკებები და აქვს რესურსი, რომ მიაღწიოს დანარჩენს ყველაფერს რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საარჩევნო თვალსაზრისით, კანონმდებლობის თვალსაზრისით, რეფორმის თვალსაზრისით წამოვიღეთ შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყნისთვის იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

"ინტერპრესნიუსი"