"იყიდება საქართველო" - წავიდა თემურ წიკლაური და მოგონებად იქცა მისი არწივისებრი იერი" - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია მომღერალზე - კვირის პალიტრა

"იყიდება საქართველო" - წავიდა თემურ წიკლაური და მოგონებად იქცა მისი არწივისებრი იერი" - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია მომღერალზე

კონსტანტინე გამსახურდია მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოსტს უძღვნის, სადაც აღნიშავს, თუ რამდენად დადებითი წვლილი აქვს მას შეტანილი ქართულ კულტურაში და რამდენად ძვირფასია მისი შემოქმედება ქართული საზოგადოებისთვის.

"თემურ წიკლაურის გარდაცვალებაზე: სტუდენტობისას მახსოვს, ერთ საინტერესო წიგნში, რომელიც ევროპულ, აღმოსავლურ და ქართულ წყაროებს ეყრდნობოდა, აღწერილი იყო უცნაური ჩიტი, რომელსაც სპარსელი ზედამხედველნი ირანისკენ გარეკილი ქართველი ტყვეების ქარავანებისა უწოდებდნენ "გიაურ-ყუშის", ანუ "ურწმუნოთა ჩიტს". მათ სძულდათ ეს ფრინველი და ყველანაირად ცდილობდნენ დაეფრთხოთ, ისრებსაც უშენდნენ. ეს ყოფილა გვრიტის მსგავსი ფრინველი, რომლის ხმიდანაც ქართველ ტყვეებს ესმოდათ "ნუ გათათრდები"; ანუ თავიანთივე სინდისის ხმა, ოღონდ ფრინველის გამონაცემი

თემურ წიკლაურის გარდაცვალებამ გამახსენა ეს ჩიტი. სწორედ მისი ომახიანი სიმღერიდანაც ისმოდა რაღაც მსგავსი, ცხადია ამ ეპოქის კონტექსტთან შესაბამისობაში მყოფი - "ანდუყაფარო, ლიპარიტო", "არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი", "იყიდება საქართველო" ... დიახ, შესაბამისი იმ ეპოქისა, სადაც ყველაფერი გაიზომა ვალუტების კურსებზე, სამხედრო ტექნოლოგიებზე, ბაზარზე და ბაზრებზე, ისეთ უსულგულო აზრებზე და უსულდგმულო ციფრებზე, რამაც ადამიანური და ეროვნულ-კულტურული განზომილებისთვის ადგილიც აღარ დატოვა.

წავიდა თემურ წიკლაური და მოგონებად იქცა მისი არწივისებრი იერი, მისი ნამღერი ყოველივე კეთილზე, ამაღლებულზე, რამაც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი საზოგადოების იმად წარმოქმნისათვის თავისი დადებითი მხრიდან, რანიც ვართ; იმ გარემოზე, სადაც ჩვენ ჩამოვყალიბდით, სადაც მან დასცალა სამწდე ჩვენი ამქვეყნად გაჩენისა, როგორც ასეთი და არა სხვანაირი ერისა, სწორედ ამ გენოტიპის, ამ ენის, ამ ისტორიის, ამ ურთიერთობების, ამ ხელოვნების შემოქმედის და დღემდე მომტანის. მოიხსენოს უფალმა" - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ, 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ პაციენტი თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მომღერალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: "ხანდახან ეჭვი მეპარებოდა, ადამიანია თუ ხატი-მეთქი, ხალხი ისეთ სიყვარულს გამოხატავდა თემურის მიმართ"