"ჰა ღილაკი და ჰა მოედანი, დააჭირეთ და დამთავრდება" - კვირის პალიტრა

"ჰა ღილაკი და ჰა მოედანი, დააჭირეთ და დამთავრდება"

აბსოლუტურად გაუგებარია "ქართული ოცნების" ქცევის მოტივები. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება დაწერეს, არასდროს შეიცვლიან პოზიციას, თუკი არ შედგა შეთანხმება, რომელიც ელჩების შუამავლობით განხილვის საგანია, - ასე აფასებს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.

რომან გოცირიძის აზრით, "ქართული ოცნება" ხვდება, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მწვავე საერთაშორისო რეაქცია მოჰყვება, ამიტომ "ურჩევნიათ მოლოდინის რეჟიმში იყვნენ" .

"ჩვენ ყველამ ვიცით რა მოთხოვნებია და რა კომპრომისზე წავიდა ოპოზიცია პლებისციტის სახით. ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ეს ყველასთვის ნათელია, მაშინ რატომ აჯანჯლებენ საქმეს? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აპირებენ დათმობაზე წამოსვლას? და თუკი აპირებენ, რატომ აქამდე არ აკეთებდნენ ამას. როდესაც ამბობენ, რომ ოპოზიციას მთელი პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირიდან მოუწოდებს პარლამენტში შესვლას, ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ ერთპარტიული პარლამენტი ქვეყანას რთულ ვითარებაში ჩააგდებს. ამიტომ, ზეწოლა არის ხელისუფლებაზე როგორც ღია, ასევე დიპლომატიური არხებით, რომ ნუ დაემსგავსებიან ავტორიტარული რეჟიმების ერთმმართველობას. როდესაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ხვდებიან, რომ საერთაშორისო რეაქცია მწვავე იქნება, ამიტომ ურჩევნიათ მოლოდინის რეჟიმში იყვნენ. ოპოზიციასთან იმ მუხლებზე შეთანხმების გარეშე, რაც მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს, არავითარი აზრი დროის გაყვანას არ აქვს. ჯობს, მორჩეს ეს პროცესი და მივიღებთ იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ, გადაწყვეტილება მათ მხარეზეა, ღილაკს ისინი აჭერენ ხელს ჩვენ კი არა, ჰა ღილაკი და ჰა მოედანი, დააჭირეთ და დამთავრდება", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება.

"ინტერპრესნიუსი"