"ჯერ უნდა მოკვდე, ხელახლა რომ დაიბადო" - რას ჰყვებოდა თემურ წიკლაური გარდაცვლილ შვილზე, ცოლსა და მეგობრებზე - კვირის პალიტრა

"ჯერ უნდა მოკვდე, ხელახლა რომ დაიბადო" - რას ჰყვებოდა თემურ წიკლაური გარდაცვლილ შვილზე, ცოლსა და მეგობრებზე

წლების განმავლობაში მას ბევრგან შევხვედრივარ - რადიოში მუშაობისას, ფილარმონიის კულისებში, ქუჩაში, ხმის ჩამწერ სტუდიაში, აქცია-კონცერტების მომზადებისას და, ცხადია - ინტერვიუსთვის. ერთხელ აღფრთოვანება ვერ დავმალე და აღმომხდასავით - ბატონო თემურ, გასაოცარი შემართება გაქვთ, მარად ჭაბუკივით ხართ, ახალგაზრდული ენერგია მოდის თქვენგან-მეთქი და, თითქოს, იუხერხულა და თან - ეამა კიდეც... მერე მისი ჰიტებად ქცეული რეპერტუარი ვუხსენე, - როგორ შეიყვარა ხალხმა-მეთქი (რასაკვირველია, აქ ხალხის მისდამი უდიდეს სიყვარულსაც ვგულისხმობდი)... და შეიშმუშნა, - რთულია ასეთი სიტყვების მოსმენაო, - ესეც იუხერხულა...

"...ეს ცხოვრება მალულად დოღია და მარულა..." - მართლაც ასეა, ოღონდ მთავარია, სიცოცხლის დისტანციაზე ეს უჩვეულო რბოლა ღირსეული იყოს... კაცი ვერ იტყვის, რომ თქვენი ე.წ. ცხოვრებისეული რბოლა ღირსეული არ იყო... ჯერ არავინ შემხვედრია, თქვენზე აუგის კი არა, ერთი ბეწო საყვედურის მთქმელი... ღირსეული კაცი იყავით და ღირსეულად დარჩებით სამუდამოდ... საქართველოს ცხოვრების უახლეს ისტორიაში!

ერთხელ მითხარით, განა, არ ვგრძნობ ხალხის სიყვარულს?! ხალხის შვილი ვარ, ხალხმა მომიყვანა აქამდე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ და გეფიცებით, ეს იმხელა ძალას მაძლევს და იმხელა პასუხისმგებლობას, ხშირად შინიდან ვერ გამოვდივარ, რადგან ვფიქრობ, რა გავაკეთო შემდეგი, რით ვუპასუხო ხალხის სიყვარულს იმის საფასურად, რაც მან გამიკეთა, გინდაც ჩემთვის უმძიმეს პერიოდში, 1983 წელსო...

დიდ მომღერალთან და დიდ არტისტთან, ბატონ თემურ წიკლაურთან რამდენიმე წლის წინანდელი ის შეხვედრა და საუბარი არასდროს დამავიწყდება, მით უფრო, რომ ულამაზეს დღეს შევხვდით ფილარმონიასთან - 17 აპრილი იყო, ბზობა... სადღესასწაულო მსახურების შემდეგ ტაძრიდან მოვიდა. სტიქაროსანი იყო თავის შვილიშვილ ანდროსთან ერთად. მეგონა, შეხვედრაზე ანდროსაც წამოიყვანდა, მაგრამ მომიბოდიშა, - სამეცადინო ჰქონდა და შინ დავტოვეო. ვინ იცის, ეგებ, სჯობდა კიდეც შვილიშვილის გარეშე შეხვედრა, რადგან მეტისმეტად გულახდილად ვისაუბრეთ. ზოგადად, ძალიან უშუალო და გულღია ადამიანი გახლდათ, მაგრამ გარდაცვლილ შვილზე ლაპარაკი მუდამ უდიდესი ტკივილი იყო მისთვის. მაინც გავბედე, ჩავეკითხე და... იცით, რა მითხრა? - ისეთი დღეებია, რადგან იმ განცდების გახსენება მთხოვეთ, რამაც დიდი სულიერი გარდატეხა მოახდინა ჩემში, მეც გულახდილი ვარ და გიყვებით იმას, რაც ასე, სახალხოდ არასდროს მიამბია. ისეთი გრძნობა მაქვს, ეს ინტერვიუ ჩემი ვაჟის - გიორგის ხსოვნას ეძღვნებაო. ვერ აღვწერ, ამ სიტყვების შემდეგ რა განვიცადე, ვერც იმას გადმოგცემთ, რაც აქ დაწერილ სტრიქონებს მიღმა დარჩა... ასე გავხდი ბატონი თემურის განცდებისა და ხსოვნის თანაზიარი: თემურ წიკლაური მეუღლესთან, ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად

- იმხანად მიუზიკლ "არგონავტებზე" ვმუშაობდით. 10-15 აპრილს პრემიერა უნდა გვქონოდა, ჩემი გიორგი კი ხარებას - 7 აპრილს დაიღუპა. ანსამბლის წევრებს ვუთხარი, მეყოფა, რაც ვიმღერე, ახლა თავი უნდა დამანებოთ, ჩემთვის მინდა ვიყო-მეთქი. გაგიჟდნენ. წამიყვანეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. უწმინდესი კარგა ხანს მელაპარაკა, მომცა სანთელი, წიგნი და დამარიგა, წიგნი 40 დღის განმავლობაში იკითხე და კითხვისას სანთელი აანთე ხოლმეო. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა: მეორმოცე დღეს დავასრულე წიგნის კითხვა და იმავე დღეს ჩაიწვა სანთელიც. ერთ კვირაში დავდექი სცენაზე და მალე "არგონავტებით" მთელი საქართველო მოვიარეთ - 100 კონცერტი ჩავატარეთ. ეს გასტროლი ჩემთვის სიკვდილს უდრიდა - აუტანელი ტკივილი უნდა დამეძლია, საკუთარ ტკივილში უნდა "მოვხარშულიყავი" და გამოვბრძმედილიყავი. ალბათ, სული სხვანაირად არ იწვრთნება: ჯერ უნდა მოკვდე, ხელახლა რომ დაიბადო.

საქართველოს თითოეულ ქალაქში ნებისმიერი წარმოდგენა იწყებოდა იმით, რომ მაყურებელი ფეხზე დგებოდა და სანთელს გვინთებდა. ეს ხომ დაუჯერებელია? ასეთ თანაგრძნობასა და პატივისცემას გამოხატავდნენ ჩემი უბედურებისადმი, ჩემდამი, ანსამბლ "ივერიისადმი"... იმ უბედურებამდე მე მოქეიფე და მონადირე კაცი ვიყავი. საქეიფოდ პატარა გიორგისაც დავატარებდი ხოლმე. უბეში მეჯდა, თავამოყოფილი და ასე "ვქეიფობდით" ერთად. გასაოცარი სიყვარული გვქონდა. თითქოს ზედმეტადაც მიყვარდა. ჩემი მეუღლე ლილი ზღვაური ჩემზე ძლიერია. იგი ყოველთვის ზომიერი იყო, მშვიდი, რელიგიური. ამიტომაც ვაჯობეთ ტკივილს. ქეთი კი, ჩვენი ქალიშვილი, იმხანად 12-13 წლის იყო. შეგვეშინდა, ბავშვს სულიერი ტრავმა არ მიეღო და ყველანაირად გავარიდეთ მძაფრ განცდებს... ახალი ხორბალი ვერ ამოვა ჯერ ახლად დათესილი, დედახორბალი თუ არ მოკვდა. მეც ასეთი პერიოდი გავიარე. სიცოცხლის ძალა მომეცა. უფალი მაძლიერებს და მიმიყვანა კიდეც ეკლესიაში...

მე არ ვარ უმადური და მსურს, ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს გადავუხადო ჩემი სიმღერით, ჩემი სიყვარულით - ამით ვეუბნები მადლობას უდიდესი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის, ჩემი სულიერი და ფიზიკური გადარჩენისთვის, გიორგის სულის მოხსენიებისთვის... ჩემი ხალხისთვის ყველაფერი მემეტება. სადაც მეპატიჟებიან - ქორწილში, წვეულებაზე, თუნდაც არ ვიცნობდე, ყოველთვის მივდივარ, ჰონორარის გარეშე ვუმღერი და საჩუქარიც მიმაქვს. ნეფე-დედოფალს ყოველთვის "ვეფხისტყაოსანს" ვჩუქნი, ეგებ, თვითონაც წაიკითხონ და შემდეგ თავის შვილებსაც წააკითხონ - ბევრ რამეს ისწავლიან ამ წიგნით. გახსოვთ, უფალს უთქვამს: მსახურებაშია ყველაფერიო. მეც ასე ვემსახურები ჩემს ხალხს და ყოველთვის საქართველოსთვის ვმღერი.

თემურ წიკლაური მეუღლესთან ერთად

მახსოვს, ბატონმა თემურმა ხალხისადმი თავისი მოწიწება იმითაც გამოხატა, რომ 2014 წლის 22 იანვრის კონცერტზე (იმ დღეს, დაბადების 67-ე წლისთავზე და 45-წლიანი სასცენო მოღვაწეობის შემდეგ, ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა) ბილეთები არ გაყიდა - 2300 მოსაწვევი დარიგდა და სტუმართაგან 700 - მარტო ჯარისკაცი იყო... მახსოვს, მაშინაც შევხვდი და საუბრისას ჩავეკითხე, ჯარისკაცების მოწვევა რატომ გადაწყვიტეთ - რამე მისია დააკისრეთ საკუთარ თავს და იმ ბიჭებსაც, სამშობლოს სადარაჯოზე რომ დგანან-მეთქი? და, იცით, რა მიპასუხა? - ისინი მარტო ქვეყნის სადარაჯოზე არ დგანან. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისინი ჩვენ, ჩვენს შვილებს, ქვეყანას უნდა გადაეფარონ და საკუთარი სიცოცხლე უნდა გაწირონ. წარმოგიდგენიათ? ისინი ამას სწავლობენ, სიკვდილს სწავლობენო!

გულანთებული კაცი იყო ბატონი თემური, მართლაც ხალხის შვილი და საუკეთესო მეგობარი. როდესაც სიამაყით მითხრა, ისეთი მეგობრები მყავს, ერთ ამოსუნთქვად ღირსო, გულში გამეღიმა, რადგან ვიფიქრე, უპირველესად, სწორედ თვითონ იყო დიდი მეგობარი, და გულიანი მეგობარი, რადგან მისი გული იყო იქ - საგულეს, სადაც ღმერთი ბუდობს (სხვისი მისამართით ნათქვამი ეს სიტყვები მასვე დავესესხე). ამიტომაც იტევდა იგი უდიდეს სამეგობროს და ზღვა სიყვარულს; თვითონ იყო უერთგულესი და გამტანი და, ცხადია, მეტისმეტად უკეთური უნდა ყოფილიყავი, ასეთი კაცი რომ არ შეგყვარებოდა, მისთვის საპასუხოდ არ გეერთგულა და მასთან მეგობრობით არ გეამაყა.

მისმა წასვლამ, გარდაცვალებამ, მგონი, მთელი საქართველო აატირა და დღეს, ოჯახთან ერთად, სწორედ მთელი საქართველოა მისი ჭირისუფალი, მისი ამ ქვეყნიდან სიყვარულით გამცილებელი... - მეტი რა უნდა მოგცეს სამყარომ, როდესაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილი ხარ, უფლის კვართი შენს ქვეყანაშია დაბრძანებული, წმინდა გიორგი გმფარველობს და კიდევ მრავალი სიწმინდე ინახება შენს მიწაზეო, - ეს ერთხელ თქვენ მითხარით, ბატონო თემურ. რაკი ამის დანახვის მადლი მოგცათ უფალმა, ასე მგონია, ამგვარი დიდი სიყვარულის კაცს, იმ ქვეყნად უფალიც უეჭველად სიყვარულით მიგიღებთ... ნათელი არ მოჰკლებოდეს თქვენს სულს.

იხილეთ ასევე: "ხანდახან ეჭვი მეპარებოდა, ადამიანია თუ ხატი-მეთქი, ხალხი ისეთ სიყვარულს გამოხატავდა თემურის მიმართ"

(სპეციალურად საიტისთვის)