"წულუკიანმა ჩატეხა რა მორალური ფსკერი, დაადასტურა, რომ მისი "აშენებული” მართლმსაჯულების სისტემაც იქვე გვერდზე ჰყავს, ახლა ეცდება კულტურა და განათლებაც ჩაიყოლოს" - კვირის პალიტრა

"წულუკიანმა ჩატეხა რა მორალური ფსკერი, დაადასტურა, რომ მისი "აშენებული” მართლმსაჯულების სისტემაც იქვე გვერდზე ჰყავს, ახლა ეცდება კულტურა და განათლებაც ჩაიყოლოს"

სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ მოსარებას "ფეისბუქზე წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

"მიუხედავად პრობლემებისა, ყოველთვის მომხრე ვიყავი პარლამენტი შემდგარიყო, რადგან სახელმწიფოს, რომელიც თუნდაც ჩვენს სიმართლეზე მაღლა დგას, ასე ჭირდება.

სამწუხაროდ, დღეს დღის განმავლობაში ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ყველაფერი იკადრა იმისთვის, რომ არა თუ ოპოზიციას, არამედ მეც კი ეჭვი შემპარვოდა იმაში, რომ რაიმე აზრი აქვს ამ პარლამენტის მუშაობას.

დღეს წულუკიანმა ჩატეხა რა მორალური ფსკერი, დაადასტურა, რომ მისი “აშენებული” მართლმსაჯულების სისტემაც იქვე გვერდზე ჰყავს და ახლა ეცდება კულტურა და განათლებაც ჩაიყოლოს. აქ დგას და სხვაგვარად არ შეუძლია..."- წერს ხუხაშვილი.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და როგორც აღნიშნა, აპირებს მომავალი 4 წლის განმავლობაში მოქალაქეების ყველა ზარს უპასუხოს.

"ამ სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ჩართული მექნება ნომერი, ვიღაც გამლანძღავს, ვიღაც შემაქებს, რაც მთავარია, სხვები პრობლემებს მეტყვიან. 593 58 40 52 არის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ. ვპასუხობდი წინასაარჩევნოდ და 4 წლის განმავლობაში ვუპასუხებ, როგორც დეპუტატი", - თქვა ელისაშვილმა.

ამის შემდეგ, ელისაშვილს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მიმართა:

"ბატონო ალეკო, თქვენ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის - 577 201212 და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს. მოინიშნეთ? ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია,

დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?" - მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.

თანაპარტიელის ნაცვლად, "ოცნების" წევრს პასუხი ლევან იოსელიანმა გასცა:

"ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება, თუ თქვენ ნომერს გამოაცხადებთ და ამით მოისმენთ იმ ადამინების წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ეკრანს უყურებს და ელოდება, რომ მათ პრობლემებზე იქნება საუბარი. კარგი იქნება თუ თქვენ ნომერს გამოაცხადებთ, თუ ამაზე მიდის შეჯიბრი, ალეკომ თავისი ნომერი დადო, გვარამიას ნომერი ყველას აქვს, თეა წულუკიანის ნომერიც თუ იქნება, ეს იქნება მხოლოდ კარგი", - აღნიშნა იოსელიანმა.

თეა წულუკიანს "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან უპასუხა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა. მან სახალხო დამცველსაც მიმართა კითხვით, რამდენად დაირღვა მისი უფლება ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებით:

"ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია - როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე გონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს. რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში და უსაზღვრო ბოროტებაში. ნინო ლომჯარია, უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ.

პს ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50 მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება" - წერს გვარამია.

წყარო