საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის საკითხზე გიორგი გახარიამ და ინდოეთის ელჩმა ისაუბრეს - კვირის პალიტრა

საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის საკითხზე გიორგი გახარიამ და ინდოეთის ელჩმა ისაუბრეს

საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოების საკითხი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის რესპუბლიკის ელჩმა კაშან დენ დიუალმა შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

აღინიშნა, რომ მისასალმებელია ინდოეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ, რამდენადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ინდოეთის ელჩმა დაადასტურა ინდოეთის რესპუბლიკის მზადყოფნა, მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ უფრო ინტენსიური გახდეს. უკვე დასრულებულია შესაბამისი მიზანშეწონილობის კვლევა და ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა, უახლოეს მომავალში შედგება.

"ინტერპრესნიუსი"