"ეს არის თამაში, სადაც ყველა აგებს - მოქალაქეც, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც" - კვირის პალიტრა

"ეს არის თამაში, სადაც ყველა აგებს - მოქალაქეც, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც"

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფანჯარა მალე დაიხურება, კულუარულ პროცესში ვიღაცები "გამოგლიჯო", დაამუნათო და გაურკვეველ ვითარებაში შეიყვანო პარლამენტში, ეს სწორი ვერ იქნება. საუბარი უნდა იყოს ისეთი ტიპის შეთანხმებაზე, რომელიც პოლიტიკური პროცესისთვის იქნება მომგებიანი, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი, რომელიც იქნება ოპოზიციის გარეშე, არასრულფასოვანია და ოპოზიციის გარეთ დარჩენით "აგებს პირველ რიგში ხელისუფლება, თუმცა ვერ იგებს ოპოზიციაც".

"ოპოზიციური დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტით სერიოზული პრობლემები დაეწყებოდა "ქართულ ოცნებას". ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თქვა, რომ "თუ დახურავთ კარებს, დახურავთ სამუდამოდ", ეს კარების დახურვა გულისხმობდა მმართველი გუნდის მარცხს და პირველ რიგში, სახელმწიფოს მარცხს. პარლამენტი, რომელიც იქნება ოპოზიციის გარეშე, არ არის სრულფასოვანი და სახელმწიფო რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის გარეშე. ვფიქრობ, ამის შემდეგ არამხოლოდ ჰარცელი გამოეთიშებოდა ამ პროცესებს, გამოეთიშებოდნენ სხვა ელჩებიც იმიტომ, რომ დასავლეთისთვის ეს იქნებოდა გაუგებარი რამ.

ერთი მხრივ გასაგებია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს ოპოზიციას შევიდნენ პარლამენტში, მეორე მხრივ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ამ შესაძლებლობის დახურვად ჩაითვლებოდა. მოლაპარაკებების პროცესის დახურვით და ოპოზიციის გარეთ დარჩენით, აგებს პირველ რიგში ხელისუფლება და ვერ იგებს ოპოზიციაც. შეიძლება მომხრეებში გამოჩნდეს, რომ ოპოზიციას იდეალისტური პოზიცია აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორ შეიძლება უყურებდე იმას, როგორ მიექანება ქვეყანა უფსკრულისკენ. ეს არის თამაში, სადაც ყველა აგებს - მოქალაქეც, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მოლაპარაკებების ფანჯარა დიდხანს ღია არ იქნება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც შეთანხმება მოხდეს", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.